|
|
|
მარიკა მჭედლიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 6.
საჭიროა ემოციების დაოკება და შეთანხმება "ვარდების რევოლუციად" წოდებული გადატრიალების მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში უჩვეულო სიტუაცია იყო შექმნილი. პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი დაკეტილი აღმოჩნდა. პარლამენტში შეღწევა მხოლოდ გვერდითი კარიდან შეიძლებოდა. ჩვეულებრივ პირობებში ეს შესასვლელი უბრალო მოკვდავებისთვის მიუწვდომელი იყო. შენობაში შემსვლელებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები კი არა, ხავერდოვანი რევოლუციის მომწყობი ოპოზიციის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. პარლამენტის შენობა, განსაკუთრებით კი ფოიე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის აპარტამენტებია განლაგებული, დიდი რაოდენობით უცხო ხალხით იყო სავსე. პარლამენტისთვის უცხო ხალხში პოლიციის ფორმიანი პირებიც ირეოდნენ. იქვე ჩატეხილი ფანჯარა მოჩანდა. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში კი ოპოზიციის ლიდერები (იმ დროს, როცა პარლამენტთან მიმდინარე მიტინგზე არ გამოდიოდნენ) ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ამა თუ იმ თანამდებობის პირს თუ თანამოაზრეს ეთათბირებოდნენ. მათ შორის იყვნენ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, ტელეკომპანია "რესთავი-2"-ის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი, რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე იოსებ ალავიძე. ფოიეში ტრიალებდა და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა თბილისის პოლიციის ყოფილი შეფი დავით ზეიკიძე. მან აღიარა, რომ პოლიციის ფორმიანები "მისი ბიჭები", მცხეთელი პოლიციელები არიან და პარლამენტში წესრიგს იცავენ. "ეს ბიჭები (200-მდე კაცი) მიცნობენ, მხარს გვიჭერენ, პატივს გვცემენ, მოვიდნენ და გვერდით დაგვიდგნენ. მომავალში პარლამენტში იქნებიან თუ სადმე სხვაგან, ამას მერე გადავწყვეტ. ეს პოლიციელები ხალხთან დგანან. ეს სახალხო პოლიციაა და არა ედუარდ შევარდნაძის პოლიცია", - განუცხადა "ახალ თაობას" დავით ზეიკიძემ. - ამ პოლიციელების ხელმძღვანელობა საქმის კურსშია მათ "ნაროდნიკულ" საქმიანობასთან დაკავშირებით? - ჯერ არ იციან, მაგრამ, ალბათ, პრესის მეშვეობით გაიგებენ. - სახელმწიფო ტელევიზიის აღებაზე რა აზრის ხართ? - მე არა ვარ ამის მომხრე. მზად ვარ, ჩემი დაცვით დავიცვა კიდეც, თუ ეს იქნება სახელმწიფო და არა ერთი კაცის ტელევიზია. - შექმნილ სიტუაციას როგორ აფასებთ? - ჩვენ მოძალადეები არა ვართ. დამიჯერეთ, ცუდი არაფერი მოხდება. მიმაჩნია, რომ ედუარდ შევარდნაძე უნდა წავიდეს პრეზიდენტის პოსტიდან, იმიტომ, რომ იგი ხალხს არ უნდა. ფოიეში ტრიალებდა პრეზიდენტის მრჩეველი ლევან ალექსიძე, რომელიც ორიოდე დღის წინ პრეზიდენტის კრიტიკით გამოვიდა. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ალექსიძე ოპოზიციის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად არ შესულა. "ახალმა თაობამ" რამდენიმე შეკითხვა ლევან ალექსიძესაც დაუსვა. - გამოსავალს რაში ხედავთ? - უნდა გამოცხადდეს ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და დასავლეთის დახმარებით ხალხმა გააკეთოს ჭეშმარიტი არჩევანი. - ხელისუფლება თუ დათანხმდება ამას? - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზეწოლა იქნება დასავლეთიდან თუ რუსეთიდან. - მაგრამ იმავე არჩევნების საკითხზე საჭიროა დაპირისპირებული მხარეების შეთანხმება... - რა არის, იცით? როდესაც ასეთი აღტყინებაა, საღი აზრი არ იმარჯვებს. საჭიროა ემოციების დაოკება და შეთანხმება. |