ზაზა ბაკაშვილი

“ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერი, გვ. 2.

 

სააკაშვილი შევარდნაძეს სამოქალაქო ომის  პროვოცირებაში ადანაშაულებს

 

აღორძინების მიერ ჩატარებულ მიტინგს, რა თქმა უნდა, რომ დუმილით არ შეხვდებოდანაციონალური მოძრაობისლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მან საგანგებოდ გამართულ მიტინგზე ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე სამოქალაქო ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

           

- დედაქალაქში აჭარის შინაგანი ჯარისა და აჭარის სპეცრაზმის ნაწილები იმყოფებიან. ისინი უშუალოდ შევარდნაძის მითითებით ჩამოიყვანეს და მათი დაბანაკებაც გრიბოედოვის თეატრში იყო განზრახული. თბილისში აგრეთვე ის უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იმყოფებიან, რომლებმაც ოქტომბრის თვეში ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია დაარბიეს” – აღნიშნა სააკაშვილმა.

           

მან თბილისელ ძალოვანებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თუმცა მათ სთხოვა, რომ რეგიონელ ძალოვნებს მოქმედების საშუალება არ მისცენ. სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა რეგიონებიდან შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მათ ადგილობრივი ძალოვნების მხარდაჭერისა და დგომის იმედი აღარ აქვთ.

           

სააკაშვილმა დედაქალაქის მცხოვრებლებსაც მოუწოდა პროვოკაციებზე არ წამოეგოს. აჭარელ ძალოვნებს კი ურჩევს, რომ აიკრან გუდანაბადი და დაბრუნდნენ უკან, აჭარაში”.

           

“ნაციონალური მოძრაობა” ახალი აქციის გამართვას გეგმავს. მის ლიდერს კანცელარიის მიმართულებით საყოველთაო მშვიდობიანი მარში აქვს დაგეგმილი, რომელიც სტარტს რეგიონებიდან აიღებს. სააკაშვილი თავად აპირებს ჩავიდეს ქალაქებსა და სოფლებში და იქიდან წამოუძღვეს მოსახლეობას კანცელარიისაკენ.