|
ზაზა ბაკაშვილი "ახალი თაობა " 21 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.
სააკაშვილი თბილისისკენ დაიძრა: "ახლებს" 7%-იანი ბარიერი შევარდნაძემ გადაალახინა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლედერმა მიხეილ სააკაშვილმა შევარდნაძის დამხობა საბოლოოდ განიზრახა და საამისოდ მოკლე სამზადისი დაიწყო. იგი პარლამენტის წინ შეკრებილ ამღორძინებლებსა და კანცელარიას თავის მომხრეთა დიდძალი არმიით რაიონებიდან შეუტევს. - არჩევნების შედეგების საბოლოო მონაცემების დასახელებამდე მთავრობის წარმომადგენლებმა გარიგება შემოგვთავაზეს. აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ ნაციონალურ მოძრაობას 0,1%-ით პირველ ადგილზე გაგვიყვანდნენ. ხელისუფლება გვთავაზობდა 20,9%-ს, თავად დაიწერდა 20,8-ას. ამან საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ არჩევნების შედეგები შევარდნაძის კაბინეტში დაიწერა და ქართვლელი ხალხის ნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს შედეგები არალეგიტიმურია, პარლამენტი კი უკანონოა, - აცხადებს სააკაშვილი და დაასკვნის, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე დიქტატორად გარდაიქმნა, რომლის შემდგომ მისი მხრიდან რეპრესიების დაწყებაა მოსალოდნელი: "საქართველო ვერც აბაშიძის და ვერც შევარდნაძის დიქტატურის პირობეში ვერ იცხოვრებს. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ქვეყანაში დიქტატურა არ დამყარდეს, არ ვიცხოვროთ სიყალბის, სიღარიბის და რეპრესიების პირობებში. მთელ საქართველოს დედაქალაქში შევკრებთ და ხმამაღლა განვაცხადებთ - საქართველო არ დაემორჩილება თავის ღირსების ფეხქვეშ გათელვას!" სააკაშვილი პირობას დებს, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძეს და მის მინისტრებს ფიზიკურად არ გაუსწორდება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ დანაშაულს არავის აპატიებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თავს ესხმის ახალ მემარჯვენეებს, რომლებსაც შევარდნაძემ პარლამენტში ძლივს ვაივაგლახით გადაალახვინა ბარიერი. სააკაშვილი გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ამ პარტიას ყველა უბანში ხმების რაოდენობა ხელოვნურად 500 ხმამდე მიუმატა და ასე გადაალახვინა 7%-ანი ბარიერი. ახლებიც სწორედ ამის გამო არ უჭერენ მხარს წინააღმდეგობის ფრონტის მოთხოვნას შევარდნაძის გადადგომის თაობაზე. - ისინი, აი, ამის გამო გვიწოდებენ ექსტრემისტებსა და ბოლშევიკებს, ამის გამო არიან ჩუმად მემარჯვენეები, მაშინ როცა ხალხია აღშფოთებული. ასე გაიყიდნენ ჩვენს გარდა მემარჯვენეებიც, მრეწველებიც და სხვა პარტიებიც. მათ უნდა იცოდნენ, რომ ფულით და სიყალბით ვერავინ გაიმარჯვებს, - აცხადებს სააკაშვილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნაცონალური მოძრაობის ლიდერი ბურჯანაძესთან და ჟვანიასთან შეთანხმებით პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მეტიც, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მისცეს.ერთი სიტყვით, სააკაშვილი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და ამას მისი სიტყვებიც მოწმობს: "მე ახლა დასავლეთ საქართველოში მივემგზავრები და იქიდან ხალხს თბილისისკენ პირადად მე წამოვუძღვები. წინასწარ ვიცით, რომ ჩვენს შეჩერებას შეეცდებიან, მაგრამ ბლოკადას გამოვარღვევთ. ქართველ ხალხს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვს. მარტო აღორძინების მიერ დაქირავებულ გორილებს და სპეცნაზს კი არ აქვთ გადაადგილების უფლება! მე ვიცი, რომ სიღნაღის უნივერსიტეტში სტუდენტებს პირობა წაუყენეს. მათ ორ ჩათვლას იმ შემთხვევაში დაუწერდნენ თუ აღორძინების მიტინგზე წამოვიდოდნენ". მიხეილ სააკაშვილი ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელის ზაზა შენგელიას და გენპროკურორის მოადგილის ბადრი ბიწაძის გადადგომას დადებით ფაქტად აფასებს: "ზაზა შენგელიას გადადგომა სერიოზული დარტყმაა შევარდნაძის გარემოცვისთვის. მან საკუთარ თავში ძალა გამონახა და ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადა". ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის პრობლემას არ წარმოადგენს კანცელარიის წინ ბარიერად აღმართული ძალოვანთა კორდონების გარღვევა. ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლებაზე გაბოროტებული ხალხი შევარდნაძის რეზიდენციას პარლამენტის მუშაობის დაწყების დღეს შეუტევენ. ზყთყ გუშინ 22 საათისათვის გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდიდან წამოსული ამალით უკვე ქუთაისში იმყოფებოდა. ამ დროისათვის ქუთაისში გაიმართა მისი შეხვედრა ექსსპიკერ ნინო ბურჯანაძესთან. დაახლოებით 23 საათისათვის დასავლეთ საქართველოდან ნაცმოძრაობის ლიდერი თბილისისკენ დაიძრა. |