|
|
შორენა კოწოწაშვილი,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. 2-4.
სააკაშვილმა შევარდნაძეს ვადა 7 ნოემბრამდე მისცა შევარდნაძის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია და არჩევნების შედეგების წინააღმდეგობის ფრონტი ხელისუფლებას და პირადად, პრეზიდენტ შევარდნაძეს ულტიმატუმს უყენებს და ორი დღის ვადას აძლევს. ოპოზიცია არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების დაფიქსირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძის ჩამოგდებისა და მისი გასამართლების პირობას დებს. ორდღიანი გამაფრთხილებელი მიტინგებით ოპოზიცია ხელისუფლებას არწმუნებს, რომ არ ხუმრობს, რეალურად უკან დაახევინებს. ამას კი ხალხის ერთიანობით და ერთობლივი ძალით მოახერხებს. ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი ხმის დაცვისთვის გაერთიანებული თბილისელები გუშინ მერიის წინ შეკრიბეს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია, თუკი ოპოზიციის გამარჯვება არ დაფიქსირდება. მერიის წინ დაახლოებით ათი ათასმადე ადამიანი შეიკრიბა და ერთხმად დააფიქსირა, რომ საკუთარი ხმებისა და არჩევანის იგნორირებას ხელისუფლებას არ აპატიებს. ოპოზიციის მხარდამჭერები მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას. ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებას ამცნეს, რომ ლიდერების მიმართ პროკურატურაში უკვე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. - არ იციან, რომ არცერთი ჩვენგანი პასუხისმგელობას არ გაურბის. სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ უკან არ დავიხევთ, - აღნიშნა "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ. მისი თქმით, ყველა პროკურორი, ვინც გაბედავს და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, თვითონ იქნება სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემი. - ხელისუფლებამ, რომელსაც ყველაფერი უზურპირებული აქვს, უნდა დატოვოს ხელისუფლება, - აღნიშნა ბარამიძემ. მიტინგზე გაირკვა, რომ ქობულეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გია მშვენიერიძე ასლან აბაშიძემ დააპატიმრა და სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მშვენიერიძე, სააკაშვილის თქმით, იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მოუწოდებს ასლან აბაშიძეს დაუყოვნელივ გაათავისუფლოს 21 წლის მშვენიერიძე. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი თავად აპირებს აჭარაში ჩასვლას და პატიმრის გათავისუფლებას. - დღეს ოპოზიციის ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა იმის გამო, რომ შევარდნაძის გადაყენება მოვითხოვეთ. თუ ყველა ტაშს დაუკრავთ, თქვენ წინააღმდეგაც აღიძვრება საქმეები, - მიმართა ამომრჩევლებს სააკაშვილმა და დაარწმუნა, რომ ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს, თანაც მათ ქაღალდი არ ეყოფათ ამდენი საქმეების შესაკერად. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება და "ბურჯანაძე-დემოკრატების" მიერ 7%-იანი ბარიერის გადალახვა აღიარა. მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს არ არის საკმარისი და გაჩერება არ შეიძლება. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა დააფიქსირა, რომ ქვემო ქართლში არჩევნები ფაქტობრივად აზერბაიჯანის ცსკ-ს ხელმძღვანელობამ ჩაატარა და აზერბაიჯანული დროშების ფრიალით, ანუ როგორც ნაციონალების ლიდერმა აღნიშნა, "ახალი საქართველოს" გამარჯვება აზერბაიჯანელებმა დააფიქსირეს. - არ გავჩერდებით, სანამ ხელისუფლება არ აღირებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა მოიპოვა, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და დანაპირების აღსრულებას 7 ნოემბერს გეგმავს მიტინგზე, რომელსაც მისი თქმით, საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები დაესწრებიან. სააკაშვილი მოუწოდებს ცსკ-ს შეწყვიტოს ოპოზიციის ხმების გაყალბება და ქვეყანა არ დაუტოვოს სამართავად მამალაძეებს, ხაზარაძეებს და მეზვრიშვილებს. კმარა გაყალბებული არჩევნები/ თუკი ცსკ გააგრძელებს გაყალბებას, ოპოზიცია სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს. დაახლოებით 8 საათისთვის სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, უფრო სწორად, წაიკითხა არჩევნების შედეგების წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ულტიმატუმი ხელისუფლებისა და ცსკ-ს მიმართ და მერიის წინ შეკრებილთ მშვიდობიანი მსვლელობით ცსკ-ს შენობისკენ გაუძღვა. რაც შეეხება ულტიმატუმს, ოპოზიცია ითხოვს: პირველი - გაუქმდეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგები ბოლნისის, დმანისის, აჭარისა და რუსეთის ოლქებში; მეორე - ასლან აბაშიძემ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა იურისტთა დამკვირვებელი მშვენიერიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალების ლიდერი აფრთხილებს, რომ თავად აჭარის ხელისუფლება მიეცემა პასუხისგებაში. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება ერთიანი ოპოზიციის მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ ჩამოაგდონ შევარდნაძე და გაასამართლონ. - ნუ შეგეშინდებათ პოლიციის, - მიმართა სააკაშვილმა ცსკ-ს წინ შეკრებილ ხალხს, რომლის რაოდენობაც უკვე 15 ათასად დააფიქსირა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პირობას დებს, რომ სანამ ოპოზიციის ლიდერები ცოცხლები არიან, პოლიცია ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით, 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ხალხს კი აღარ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, არამედ პირიქით, მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის. რაც შეეხება ოპოზიციურ იმ ძალებს, რომლებმაც უარი განაცხადეს სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების გვერდით დგომაზე, მათ გასაგონად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აცხადებს: "ვინც ჩვენ არ შემოგვიერთდნენ, მათ ჩაიდინეს პოლიტიკური თვითმკვლელობა". ამათ რიცხვში კი სააკაშვილი ლეიბორისტებს და ახლებს მოიხსენიებს და მათ ლიდერებს უკვე პოლიტიკურ გვამებად მიიჩნევს. - ვინც ჩვენ არ შემოგვიერთდნენ, შევარდნაძესთან ერთად გაემგზავრებიან პოლიტიკური თვითმკვლელობის სასაფლაოზე, - აცხადებს სააკაშვილი და ოპოზიციის სვლას ტრიუმფალურს უწოდებს. ერთიანი ოპოზიციის მიერ დანიშნულმა მიტინგმა დაახლოებით სამი საათი გასტანა და მშვიდობიანად დაიშალა. მართალია, რესპუბლიკის მოედანი და მთლიანად დედაქალაქის ცენტრი ფაქტობრივად გარშემორტყმული იყო სპეცნაზით, ომონით და შინაგანი ჯარის ნაწილებით, პოლიციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებმა მაინც მოახერხეს მშვიდად დაშლა. სააკაშვილმა კი ცსკ-სთან რამდენიმე ასეული ადამიანი დატოვა, იმისათვის, რომ ნანა დევდარიანს სცოდნოდა, რომ მას მუდმივად აკონტროლებენ. - ჩვენ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადარჩენისთვის, - ამ ლოზუნგით მოდის ოპოზიცია და ითხოვს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას. სააკაშვილის თქმით, ხალხის ბედი ქუჩაში წყდება, ანუ იქ, სადაც საზოგადოება თავის ნებას აფიქსირებს. - იძულებული ვართ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების ბედი, - აღნიშნა ბოლოს სააკაშვილმა და მხარდამჭერებს 7 ნოემბერს, დღის 3 საათზე სთხოვა შეკრება იმ მიზეზით, რომ საბოლოოდ დაამარცხონ შევარდნაძის ხელისუფლება და მამალაძე-მეზვრიშვილების ბატონობა. |