|
,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 4.
სააკაშვილმა და ჟვანიამ კანცელარია ალყაში მოაქციეს გუშინ, დაახლოებით 20 საათისთვის, შევარდნაძისგან უპასუხოდ დარჩენილმა სააკაშვილმა ახალ ხერხს მიმართა და სახელმწიფო კანცელარიას ალყა შემოარტყა. ამ დროისათვის "სიენენი" პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემდა მთელ მსოფლიოს. მიხეილ სააკაშვილი: - მშვიდობიანად დავიცვათ წესრიგი, შევარდნაძეს არ მივცეთ პროვოკაციის საფუძველი. კანცელარიას 3-4 კმ-ის გარშემო შემოვარტყათ ალყა, გავაკეთოთ ცოცხალი ჯაჭვი. ჩვენ მათ თავს არ დავანებებთ. უნდა დავანახოთ ხალხს ჩვენი გადაწყვეტილება და ვაჩვენოთ, რომ რამდენადაც არ უნდა გაურიგდეს იგი აბაშიძეს, ხალხი მაინც არ შეარჩენს ამას. ეყოფათ, რაც ხალხმა აპატია. რამდენიმე დღეში ამ ხელისუფლების ბედი უნდა გადაწყდეს. მომიტინგეებს ზურაბ ჟვანიამაც მიმართა: - ჩვენ გავაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს. არასდროს ყოფილა ხალხი ასე მტკიცე და ამაღლებულ განწყობაზე. მადლობას გიხდით ამ სიმტკიცისა და სიმშვიდისათვის. სანამ სააკაშვილი და ჟვანია ცოცხალი ჯაჭვით, შემოვლითი გზებით ე.წ. "ქაჯეთის ციხეს" ალყას შემოარტყამდნენ, პარლამენტის შენობასთან დარჩენილ რამდენიმე ათეულათასიან მომიტინგეს ნინო ბურჯანაძემ მიმართა: - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვერაფერი შეგვაშინებს. დღეს ქვეყანა შედგა, მაგრამ ვერ შედგა ხელისუფლება. მათ არ დაიმსახურეს თქვენი ნდობა. საქართველო გაიმარჯვებს და ამის გარანტი თითოეული თქვენგანია. სააკაშვილმა და ჟვანიამ ნახევარსაათიანი ალყა მოხსნეს და პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეებს შეუერთდნენ. მიხეილ სააკაშვილი: - ჩვენ გვაქვს მომავალი. შევარდნაძეს აღარ მივცემთ საშუალებას, თავი დაიძვრინოს. ხალხო, დავდგეთ ერთად. დღეიდან კალენდარი სხვანაირ ათვლას იწყებს. სანამ პირში სული მიდგას, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან. დღეს საქართველოს აღორძინება და გამთლიანება დაიწყო. ვაფრთხილებ ნარჩემაშვილს და მთავარ პოლიციელ შევარდნაძეს, თუ დაიწყო რეპრესიები და რომელიმე თქვენთაგანს თმიდან ერთი ღერიც ჩამოუვარდა, პირადად მე, მიხეილ სააკაშვილი, ათასობით მხარდამჭერით გადავთელავ ამ პოლიციას. საქართველო ცოცხალია. თქვენი ერთიანობით ჩანს, რომ არ მოვმკვდარვართ. სააკაშვილმა და ბურჯანაძემ დიდი მადლობა გადაუხადეს მომიტინგეებს და განაცხადეს, რომ დღეიდან საქართველოს ყველა რაიონში იქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი, რომლებიც არ შეუშვებენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საკუთარ შენობებში. ცსკ-ში კი დაიწყო მჯდომარე აქცია. სააკაშვილის განცხადებით, ანალოგიური მიტინგი ორშაბათს 16 საათზე განახლდება. |