შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. 2.

 

სააკაშვილმა ჯორბენაძეს შს მინისტრის მოხსნა მოსთხოვა

ხმები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფარული გარიგება არსებობს, გუშინ კიდევ უფრო გამძაფრდა. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 ნოემბრის გვიან საღამოს სახელმწიფო კანცელარიას მიხეილ სააკაშვილი ჩუმად ეწვია, სადაც ის სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას კარგა ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდა ორივე მხარე და მანამდე არც ერთი კომენტარი არ გაკეთებულა, ვიდრე ამ შეხვედრის თაობაზე ხმამაღალი განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა არ გააკეთა. ამის მერე თბილისის საკრებულოს თავკაცი უკვე იძულებული გახდა, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ელაპარაკა.

მთელი დღის განმავლობაში კი სააკაშვილის მომხრეები ამ ინფორმაციას პროვოკაციას და მონაჭორს უწოდებენ. სააკაშვილსა და ჯორბენაძეს შორის გამართული საიდუმლო სერობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ ბლოკ ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენლებიც.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაიმართა თუ არა სააკაშვილისა და ჯორბენაძის შეხვედრა, ვასილ მაღლაფერიძემ და ედვარდ სურმანიძემ ისეთი გაოცებული სახეები მიიღეს, მათ გულწრფელობაში ეჭვი არავის შეეპარებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბურჯაკრატების დიდი ნაწილი მართლაც არ იყო ინფორმირებული ამ შეხვედრის შესახებ. ამან კი გარკვეული მითქმა-მოთქმა და ვიშვიში გამოიწვია. ერთი პერიოდი განხეთქილების პირველი ნიშნებიც კი გამოჩნდა. თუ რამდენიმე დღის წინ მთელი თბილისი იმაზე ჭორაობდა, რომ ბურჯაკრატები ხელისუფლებას ჩაეხუტნენ, გუშინ უკვე სხვა ინფორმაციები დაჰქროდა ქალაქში, ზოგიერთს კი ეჭვიც აღარ ეპარებოდა იმაში, რომ ხელისუფლება და ნაციონალები ერთ თამაშს თამაშობენ და გათამაშებული დაპირისპირებით კვლავ უმრავლესობაში მოსვლა სურთ. გუშინ ასევე დიდი სისწრაფით ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რაც ორ ნოემბერს რუსთავში მოხდა, სადაც ნაციონალებმა და სახელისუფლებო ბლოკმა ერთმანეთს ხმები აჩუქეს. ერთმა მეორეს მაჟორიტარი "დაუჩმორა", ხოლო მეორემ პირველს პარტია გააყვანინა პირველ ადგილზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადამიანს როგორ არ შეგეპარებოდა მათ დაპირისპირებაში ეჭვი.

თავიანთი ეჭვების შესახებ უკვე ჩუმად აჩურჩულდნენ ბურჯანაძე-დემოკრატებიც. ამ ბლოკის წარმომადგენლები იმასაც ხშირად იხსენებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს საეჭვოდ გაურბოდა სახელმწიფო მინისტრის კრიტიკას. მაშინ, როცა სააკაშვილმა მთელი მთავრობა პოლიტიკურ მოუსავლეთში გააგზავნა, ავთანდილ ჯორბენაძე ფაქტიურად ხელშეუხებელი დატოვა. სხვათა შორის, არც მას დაუყრია დიდი მიხეილისთვის ქოქოლა. ორი დღის წინ კი ისინი ერთმანეთს ისე ჩუმად შეხვდნენ, რომ, რიჩარდ მაილსს რომ არ ეთქვა, ალბათ კარგა ხანს ვერავინ ვერაფერს გავიგებდით.

ჯორბენაძესთან გამართულმა კონფიდენციალურმა შეხვედრამ სააკაშვილის მხარდამჭერებიც საგონებელში ჩააგდო. ამაზე მიხეილ სააკაშვილიც სერიოზულად დაფიქრდა და გუშინ საღამოსთვის უკვე აღიარა, რომ სახელმწიფო მინისტრს მართლაც შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა დიპლომატების ძალისხმევით შედგა, რომლებსაც სურთ, საქართველოში არსებული ვითარება დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. ჯორბენაძესთან გამართული შეხვედრით სააკაშვილი უკმაყოფილო ნამდვილად არ ჩანდა, რომელიც კმაყოფილებით უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ ის უკან დახევას არ აპირებს და სჯერა, რომ თავისას მაინც მიაღწევს. ამის მიზანი კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში დამარცხება უნდა აღიაროს.

ჯორბენაძესთან შესულმა სააკაშვილმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენა. მან მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ ცნოს ნაციონალების პირველ ადგილზე გასვლა, ხოლო აღორძინება და სამთავრობო ბლოკი ჩამოაქვეითოს. ნაციონალების ლიდერმა სახელმწიფო მინისტრისგან დამნაშავე პირების დასჯაც მოითხოვა, რომლებმაც, სააკაშვილის აზრით, არჩევნების გაყალბებაში დიდი როლი ითამაშეს. მთავარ დამნაშავედ საკრებულოს თავმჯდომარეს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი მიაჩნია და სასწრაფოდ მოითხოვს მის თანამდებობიდან გადაყენებას.

ნარჩემაშვილს კარგი თვალით არც სხვა პოლიტიკური პარტიები უყურებენ და, როგორც ამბობენ, მას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს სახელისუფლებო ბლოკში. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ოპოზიციის დასაშოშმინებლად კობა ნარჩემაშვილი გაწიროს. სხვათა შორის, იმავე ოპოზიციის დასაყუჩებლად ორი წლის წინ ნოემბრის საპროტესტო აქციებს ერთი შს მინისტრი უკვე შესწირეს კახა თარგამაძის სახით. ასე რომ, თუ საჭირო გახდება, არც ნარჩემაშვილის მოხსნაზე იტყვის ვინმე უარს. თუმცა ცხადია ისიც, რომ სააკაშვილი მხოლოდ ნარჩემაშვილის მოხსნით არ დაკმაყოფილდება. მას ამჯერად მთავარ სამიზნედ საქართველოს პრეზიდენტი ჰყავს ამოჩემებული.

სააკაშვილის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ოპოზიციისთვის მიუღებელი ნამდვილად არ არის. თუმცა ბურჯაკრატები ნაციონალების ლიდერზე მაინც გაბრაზებულები არიან. ამის თაობაზე სააკაშვილსაც აქვს ინფორმაცია. მორიგი მითქმა-მოთქმის თავიდან აცილების მიზნით უახლოეს მომავალში მთავრობასთან გამართულ მოლაპარაკებაზე სააკაშვილი ბურჯაკრატების თანხლებით წავა. გამოიღებს თუ არა რაიმე შედეგს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგები, მომავალში გაირკვევა. ამ ეტაპზე კი სრული გაუგებრობაა სუფევს და რეალურად უკვე აღარავინ იცის, ოპოზიცია რას ჰპირდება ხელისუფლებას და პირიქით. საზოგადოებაში კი ნელ-ნელა ჩნდება აზრი იმის თაობაზე, რომ საკმაოდ სერიოზული კომედია იდგმება, სადაც სერიოზული გარიგება გათამაშდება, მოსახლეობა კი, როგორც ყოველთვის, პირში ჩალაგამოვლებული დარჩება.