ზაზა ბაკაშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 22 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

სააკაშვილმა ხავერდოვანი რევოლუცია გამოაცხადა

"აჭარელი ძმები ჩვენს მხარეზე გადმოდიან"

 დედაქალაქში რევოლუცია მოვიდა და ეს რევოლუცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, მოიყვანა. გუშინდელ "რევოლუციის მაყრიონს" სათავეში თავად ლიდერი ედგა. იგი თბილისის მერიის კართან საღამოს 8 საათზე მივიდა, მის უკან კი ათიათასობით რაიონიდან ჩამოსული ადამიანი "მიშა, მიშას!"- სკანდირებდა. "ხუთასი გამოტვინებული აჭარელი სპეცნაზელი შევარდნაძეს ვეღარ გადაარჩენს, ახლა ნახოს მან!" - ეს სიტყვები სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგამდე წარმოთქვა. სააკაშვილი ახლა ბედნიერია, თუმცა იგი ასეთად დარჩება თუ არა რევოლუციის დამთავრებამდე, ამას გიორგობის დღეს გავიგებთ, რადგან გამარჯვებას იგი 23 ნოემბრამდე გეგმავს.

- ათიათასობით ჩვენი თანამემამულე დაიძრა თბილისისკენ წალენჯიხიდან, ლაგოდეხიდან, რუსთავიდან საქართველოს დიქტატორული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. მე დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრების მანძილზე. ამდენი გამბედავი, აღფრთოვანებული, იმედიანი და გაცისკროვნებული სახე ჯერ არ მინახავს. საქართველო აღდგა საკუთარი მომავლის დასაცავად. აქ საქმე გვაქვს ევროპული ტიპის, ხავერდოვან, დემოკრატიულ, საერთო-სახალხო რევოლუციასთან. ამ რევოლუციის მიზანია პრეზიდენტ შევარდნაძის უსისხლოდ გადაყენება და მთავრობის დემოკრატიული გზით ჩამოცილება. დღეს ჩვენი ერისთვის გადამწყვეტი დღეა. მთელი მსოფლიო საქართველოს შემოჰყურებს. შევარდნაძის ძირგამომპალი რეჟიმი იზოლირებული და დაგმობილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ! - აცხადებს სააკაშვილი და ასლან აბაშიძის მომხრეებს აფრთხილებს:

- თქვენ გმართავთ ასლან აბაშიძის ტირანული რეჟიმი, მაგრამ ის თავს ვერ გამოგაყენებინებთ თქვენი ძმების წინააღმდეგ, ვერ გააკეთებს იმას, რაც მას და შევარდნაძეს სურთ. დღეს აჭარა, ქართლი, სამეგრელო, კახეთი, იმერეთი აბსოლუტურად ერთიანია!

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ძალოვნებსაც მიმართავს: "დღეს ქვეყანაში ხდება უსისხლო, დემოკრატიული, ხავერდოვანი რევოლუცია. გადმოდით თქვენი ხალხის მხარეზე. მიუხედავად შევარდნაძის და ნარჩემაშვილის ბრძანებებისა, ჩვენ დღეს პოლიციელები გვეგებებოდნენ და ბარიკადები მოხსნეს, გვიღიმოდნენ და გვესალმებოდნენ. დღეს პოლიცია საკუთარ ხალხზე ხელს არ აღმართავს და, თუ ამას ვინმე გაბედავს, მას დედამიწის ზურგზე სიარულს აღარ ვურჩევ. მას ხალხის რისხვა დაატყდება თავს!"

ამდენად, რაიონებიდან ჩამოსულთა დისლოცირების ადგილი დროებით თავისუფლების მოედანია. სააკაშვილმა ღიად დატოვა აღორძინების მომიტინგეებთან დაპირისპირების დაძლევის საკითხი. ამის თაობაზე პეტრე ცისკარიშვილმა განგვიცხადა, რომ აჭარიდან ჩამოსულები რევოლუციონერთა მხარეზე გადმოდიან. "ახალი თაობისთვის" კი სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფრონტის აქტივისტებს წუხელ აჭარიდან ჩამოსული სპეცნაზელების გადმოსაბირებლად მათთან მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინათ. პარლამენტის შენობის წინ მოედნის დაკავების მცდელობა კი შუაღამისას არის ნავარაუდევი.

ბესო ჯუღელი:

- მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ძმები, აჭარლები, ხალხის წინააღმდეგ ცუდს არაფერს იკადრებენ. სიმშვიდეს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ და ბოლომდე ასე იქნება. მათ რიგში მყოფი რამდენიმე ათეული ბანდიტიც კი ვერაფერს გაბედავს.

გოგა ხაინდრავა:

- პირობას ვდებ, რომ აღორძინების წარმომადგენლებთან დაპირისპირებას არ ექნება ადგილი. კოლონის წინ ჩვენ ვიდგებით, რომლებმაც ერთხელ უკვე ვიწვნიეთ სამოქალაქო დაპირისპირებისგან გამოწვეული სირცხვილი. ამ სირცხვილის გამეორებას აღარ დავუშვებთ. ძალადობაზე ძალადობით არ ვუპასუხებთ. აჭარიდან ჩამოყვანილი გადაცმული პოლიციელებიც ხომ ჩვენი ძმები არიან. ეგენი აქ თავიანთი ნებით არ ჩამოსულან. ეგენი მოსკოვში ჩამოტარებულ გერმანელ ტყვეებს ჰგავდნენ, როცა აქ ჩამოიყვანეს, დამონებულები არიან და მათ დავეხმარებით ბორკილების მოხსნაში. ყველაზე მართალი და მორწმუნე ხალხი მუდამ აჭარაში ცხოვრობდა და ცხოვრობს. მათ ასლან აბაშიძის რეჟიმი ამიერიდან ვეღარ შეაშინებთ, რადგან ხელისუფლება