|
,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 2.
სააკაშვილმა ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა გუშინ, 20 საათსა და 15 წუთზე მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზიით მიმართა საქართველოს მოსახლეობას. 8-წუთიანი განცხადების ტექსტს შემოკლებით გთავაზობთ: - ამ დღეებში შევარდნაძემ უარი თქვა ყოველგვარ კომპრომისზე, რის გამოც ქვეყანა შეიყვანა ჩიხში, ისევე, როგორც 10 წლის წინ, შევარდნაძის რეჟიმს როცა დაემუქრა საფრთხე, მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელმაც დარტყმის ქვეშ დააყენა ქვეყანა. დღესაც იგივე ხდება. შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი წუთი დამანგრეველია. იგი თავის გუბერნატორებთან ერთად ცდილობს გააღვივოს ერთა შორის შუღლი. შევარდნაძემ აბაშიძის სხვა ქვეყნებში გაგზავნით შექმნა საშიში პრეცედენტი, რათა საშინაო პროცესებში ჩარიოს სხვა ქვეყნები. გაურიგდა აბაშიძეს, შეპირდა ხელისუფლების გადაბარებას, შეუთანხმდა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების დანიშვნას. იგეგმება ოპოზიციისა და დამოუკიდებელი ტელეარხების ხელმძღვანელთა ნეიტრალიზება. შევარდნაძის ხელისუფლებაში დარჩენის ყოველი წუთი ნიშნავს უპენსიობას, უხელფასობას, რეპრესიული რეჟიმის დამკვიდრებას, რაც თითოეული ქართველისათვის სახიფათოა. დღეს საქართველოში, ჩვენს სამშობლოში, წყდება ჩვენი ბედი. ჩვენ არ ვიბრძვით ხელისუფლებაში მოსვლისათვის. ჩვენს პირად ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ ხელს ვუწვდით ყველა პოლიტპარტიას, დღეს არის გადამწყვეტი დღე. მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველანი დავდგეთ რუსთაველზე ერთად, მოვითხოვოთ შევარდნაძის გადადგომა, დამთავრდეს მისი 30-წლიანი მმართველობის რეჟიმი. ვაჩვენოთ ჩვენი და თქვენი ძალა. მივმართავ პოლიციას, საჯარისო ნაწილებს, მან დაგამათხოვრათ, მივმართავ სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს, დადექით ხალხის გვერდით. ვცდილობდით მშვიდობიანად შეგვეცვალა მთავრობა, მაგრამ შევარდნაძემ საშუალება არ მოგვცა, ტყუილია, იგი თავისით არ გადადგება. დღეს ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ სხვა ერებზე სუსტი. შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი წუთი ნიშნავს დესტაბილიზაციას, სისხლისღვრას, მომავლის განადგურებას. დღეს გულგრილობა დანაშაულია. მოგიწოდებთ, დღეს, 4 საათზე ყველანი რუსთაველზე დავდგეთ ერთად შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ! |