|
|
სოფიკო ჩხაიძე,,24 საათი”. 3 ნოემბერი. 2003 წ. A7
,,საარჩევნო დანაშაულებს” სამართალდამცველები ოოპოზიციას აბრალებენ
გუშინ საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შინაგანი ჯარის ნაწილების, სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანების გამოჩენა გასაკვირი სულაც არ იყო – შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლო დესტაბილიზაციის მოლოდინში გახლდათ.
,,ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გუნდის მიერ საარჩევნო უბნებში შეჭრისა და არჩევნების ჩაშლის მზადების თაობაზე. არავის აქვს უფლება, საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანოს. თუ რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერთა მხრიდა დესტაბილიზაციის მცდელობას ექნება ადგილი, შს სამინისტრო ადეკვატურ ზომებს მიიღებს”, - განაცხადა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა და პოლიტიკოსებს მოუწოდა, ხალხის ქუჩაში გამოყვანის მოწოდებებზე ხელი აიღონ.
მინისტრის თქმით, მოსალოდნელი არეულობის შესახებ არაერთი ოპერატიული ინფორმაციის გარდა, მავანთა მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილზე მიუთითებს უშიშროების სამინისტროს მიერ მიგნებული არსენალი და გუშინ საღამოს, დარჩელში დაკავებული ორი პიროვნება, რომელთაც ყუმბარმტყორცნები, ავტომატები და სხვა სახის იარაღი აღმოაჩნდათ.
ამ პირთა დაკავების ფაქტი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია აზუსტებს, ცოტა არ იყოს, საეჭვოდ გამოიყურება იქიდან გამომდინარე, რომ დიდძალი იარაღის მფლობელები სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს თავადვე მივარდნიან და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიუყენებიათ, რის გამოც დააკავეს კიდეც და მთელი არსენალიც აღმოუჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული აფხაზეთის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე რუზგენ გოგოხიაა, თუმცა, გუშინ საღამოსთვის ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
სხვა მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, არჩევნების დღემ საქართველოში მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა, თუმცა კი, რიგ რაიონებში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასაც, რომლის გამო აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმეები.
ახლა იმის თაობაზე, რას ნიშნავს მეტ-ნაკლები სიმშვიდე, ანუ რა ,,საარჩევნო დანაშაულებს” ჰქონდა გუშინ საქართველოში ადგილი და რა რეაგირება მოახდინეს ყოველივე ამაზე სამართალდამცველებმა.
მცხეთის, ნაძალადევის და გლდანის ოლქების რამდენიმე საარჩევნო უბნიდან საარჩევნო უბნიდან ყუთები გაიტაცეს. გლდანის უბნიდან ყუთის გამტაცებელი პოლიციამ მალე დააკავა და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.
შინაგან სამინისტროს წარმომადგენლები არჩევნეის დღეს მომხდარ დარღვევებში ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. |