|
|
ინგა ალავიძე,,24 საათი”. 3 ნოემბერი გვ. A 7.
საარჩევნოდ აღმოჩენილი სახელმწიფო გადატრიალება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძალოვანი უწყებების თავკაცთა მიერ გამოთქმული ვარაუდი, ორ ნოემბერს მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ, უშიშროების სამინისტრომ ფაქტებით გაამყარა.
გუშინ, გვიან ღამით, უშიშროების სამინისტროში ოპერატიული შეტყობინება შევიდა. გუშინ დილით კი, მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაცია შედეგით დასრულდა. სამალავი, რომელიც ადრე რუსეთის სამხედრო ნაწილის კუთვნილება იყო, დიდძალი სამხედრო აღჭურვილობით სავსე აღმოჩნდა.
უშიშროების სამინისტროს სპეცჯგუფმა სამხედრო ბაზიდან ამოიღო ,,აკმ”-ის სისტემის ტყვიების 26 ყუთი, რამდენიმე ათეული ავტომატის ტყვიების მჭიდი, 72 ცალი ხელყუმბარა, 9 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 53 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 კგ. ტროტილი, დიდი რაოდენობით ამონალი და სხვა სახის საბრძოლო მასალა.
უშიშროების სამინისტროს მიერ ჩაშლილი სამოქალაქო დესტაბილიზაციის სცენარი ვალერი ხაბურძანიას თქმით, შემდეგნაირად განვითარდებოდა. ორ ნოემბერს დაწყებული სამოქალაქო არეულობა შეიარაღებული აჯანყებით უნდა დასრულებულიყო. უშიშროების მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი იყო პრეზიდენტის რეზიდენციისა და მისი სამოძრაო მარშრუტის დანაღმვა, არჩევნების მიმდინარეობისას ამომრჩეველთა რიგებში ხელყუმბარების შეგდება და სხვა სერიოზული შეიარაღებული ექსცესები, რაც საბოლოოდ, სახელმწიფო გადატრიალებით დაგვირგვინდებოდა.
ვალერი ხაბურძანია არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დესტაბილიზაციასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
,,ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ აღმოჩენილი შეიარაღება ყოფილი მებრძოლების, ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საკუთრებაა,” – განაცხადა უშიშროების მინისტრმა, რომლის ინფორმაციითაც, სამალავში აღმოჩენილი სამხედრო არსენალი ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე მებრძოლებს ეკუთვნოდათ. მინისტრის თქმით, აღმოჩენილი იარაღი რუსული წარმოებისაა. ვალერი ხაბურძანია, ჯერჯერობით, ვერ ადასტურებს, სამხედრო გადატრიალებასთან იყო თუ არა დაკავშირებული უშიშროების ექსმინისტრი იგორ გიორგაძე, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ძიების კვალი, შესაძლოა, მისკენ ან რუსეთის სამხედრო ბაზების მიმართულებით წავიდეს.
,,ჩვენი ინფორმაციით, არსებობს იარაღის მეორე ბაზა, სადაც შედარებით მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალაა თავმოყრილი. ჩვენ მთავარ მიზანს ძირითადი ბაზის ლიკვიდაცია წარმოადგენდა, ახლა კი მეორე სამალავის განადგურებაზე ვიზრუნებთ,” – განაცხადა უშიშროების მინისტრმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინაა დაკავებული. თუმცა, ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, უშიშროების სამინისტროს გააჩნია ოპერატიული ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების მომწყობთა შესახებ და მათი დაპატიმრება უახლოეს დღეებში განხორციელდება.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მართალია, ჩაშლილია, მაგრამ მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, გაძლიერებულია პრეზიდენტ შევარდნაძის დაცვა. ასევე, გაძლიერებულია სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვა. |