ნინო ცინცაძე

დალი კუპრავა

,,24 საათი” 2003. 21 ნოემბერი. გვ. A6.

 

 

 

 

საგაფიცვო კომიტეტს სულ უფრო მეტი და მეტი სტუდენტი უერთდება

სტაბილიზაცია ფასეულობა არ არის, ფასეულობა თავისუფლება და ღირსებაა

 

 დაუმორჩილებლობის კომიტეტის, გია ჭანტურიას ვერსიით, ,,არტ-კომიტეტის წევრები აჩიკო გულედანი, დავით გოგიბედაშვილი, გია ჭანტურია, ვახო ბაბუნაშვილი, ლაშა ბუღაძე, გოგა ხაინდრავა და სხვები ახალგაზრდებთან შეხვედრას გუშინაც აგრძელებდნენ. დილით ისინი ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნუვერსიტეტს, შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ. ,,სტაბილიზაცი ფასეულობა არ არის, ფასეულობა თავისუფლება და ღირსებაა!” – ასე მიმართავდა გუშინ აჩიკო გულედანი დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს.

 

,,გვიჯიკეთ!”

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან განსხვავებით, ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შენობაში შეღწევის პრობლემა არ დამდგარა. პირიქით, ორივე კარი ფართოდ გააღეს. არც ლექტორებს ეტყობოდათ დაძაბულობა ერთმანეთს ხალისით ელაპარაკებოდნენ და დარბაზში შესვლის არ ერიდებოდათ. ძალიან მალე სააქტო დარბაზი სტუდენტებითა და პედაგოგებით გადაიჭედა. დარბაზში რომ აღარ ეტეოდნენ, ბევრი სტუდენტი გამოსვლებს ღია კარიდან დერაფანში უსმენდა. შეკრებილებს ხელში შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: ,,, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება”; ,,დავიცვათ ჩვენი ხმები”; ,,ჩვენ არ გვძინავს, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისათვის”. ორატორები წინასწარ მომზადებული სიტყვებით არ გამოდიოდნენ, ამიტომ სცენასა და დარბაზს შორის ძალიან მალე ცოცხალი დიალოგი გაიმართა. თსუ-საგან განსხვავრბით, დისკუსიაში პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

           

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: საქართველოში ახალ ბიოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე ქართველი პოლიტიკოსები სადაც სხდებიან, ფესვებსაც იქვე იდგამენ. დგეს განზე დგომა და ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნა არ შეიძლება. ჩვენ არ მოვსულვართ, რათა მოგიწოდოთ, რომ არ ისწავლოთ. პირიქით, ჩვენი ხსნა განათლებული ახალგაზრდობაა. მაგრამ, თქვენი თანადგომა ძალიან გვჭირდება. სათავეში მოსვლას ის ხალხი ცდილობს, ვისთვისაც შინა პატიმრობის ინსტიტუტი უცხო არ არის. ეს ხალხი ჩვენ დამონებულ ძმებს პარლამენტის შენობისკენ ბრიგადებად მიერეკებოდა. როგორ შეიძლება, ჩვენი ხალხის წარმომადგენელი მსოფლიოს წინაში ჯემალ გოგიტიძე იყოს!

           

გია ჭანტურია, მსახიობი: დღემდე მთავრობიდან მელაპარაკებოდნენ და მმართავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ათჯერ ნაკლები განათლება ჰქონდათ. მე არ მინდა, ახლა მმართავდნენ ისინი, ვისაც ჩემზე ოცჯერ ნაკლები განათლება აქვს. როგორ შეიძლება ასკან აბაშიძეს აფხაზეთის დაბრუნება უნდოდეს, როდესაც მას შემდეგ გამდიდრდა, რაც აფხაზეთი დაიკარგა.

           

ლაშა ბუღაძე, მწერალი: ჩვენ ვეცადეთ, ხელისუფლება კანონიერი გზით შეგვეცვალა. სამი საათი ვიდექით რიგში, ჩვენი არჩევანი რომ დაგვეფიქსირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმა რეგრესისათვის მიგვიცია. ჩვენ მიტინგზე რომელიმე პარტიის გვერდით არ ვდგავართ. უბრალოდ, ამჟამად ეს პარტიები მორალურად და ემოციურად ჩვენ სულისკვეთებას ადეკვატურად გამოხატავენ. ზოგიერთ სტუდენტს აღიზიანებს ,,კმარასთან” ასოცირება. ასეთი სნობიზმი მეც მჭირდა. მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ – მათი საქმიანობა ჩვენთვის საამაყოა.

           

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ჩვენ მოგიწოდებთ მხოლოდ ერთი რამისკენ – იდექით იქ, სადაც თქვენი სინდისი გიკარნახებთ. პოლიტიკაში ჩარევა არ ნიშნავს პარტიის წევრობას. პოლიტიკაში ჩარევა ნიშნავს, რომ თქვენ თავად გინდათ გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი.

           

აჩიკო გულედანი, ჯგუფი ,,მწვანე ოთახი”: 16-17 წლის ასკაკში ქუჩაში იმიტომ არ გავდიოდით, რომ რომელიმე პარტიული ლიდერი მოგვწონდა, ან ვინმე ჩვენი ბიძაშვილი იყო. ჩვენ კომუნისტები არ მოგვწონდა!

           

მაია სახოკია, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი: მოვიშოროთ ნიჰილიზმი, თუ სერბმა ხალხმა შეძლო დიქტატისაგან გათავისუფლება, ჩვენ რა, ნაკლები ვართ?

           

ვახო ბაბუნაშვილი, ჯგუფი ,,SOFT EJECT”: ჩვენი ერთობა უნდა იყოს მესიჯი მომავალი ხელისუფლებისათვის. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ჩვენი მსახურები არიან.

           

ლალი გვასალაი, პედაგოგი: მე არ მინდა, რომ სტუდენტებმა ამ ყველაფერს ინდიფერენტულად უყურონ. მე არ მიყვარს მორჩილი სტუდენტი! თუ ჩვენ დავუშვით, რომ ეს პარლამენტი შედგეს, მაშინ ადამიანები არ ვყოფილვართ!

           

სოზარ სუბელიანი, ჟურნალისტი: თუ ჩვენ დღეს გავჩუმდებით, მაშინ 2005 წელს იმ პრეზიდენტს დაგვინიშნავენ, რომელიც მათ უნდათ და ჩვენს ქვეყანას მომავალი აღარ ექნება!

           

მალე სცენაზე სტუდენტებიც ავიდნენ და განაცხადეს, რომ ორი დღის წინ ფილოსოფიისა და სოციოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაწყებულ გაფიცვას სტუდენტები მთლიანად უერთდებიან. ბოლოს სიტყვა ინგლისური ენის პედაგოგმა თამარ მესხმა მოითხოვა და სტუმრებს მიმართა: ,,ჩვენ მძინარე ერი ვართ. ამ წლების განმავლობაში სულ გვეძინა. არ ეძინა მხოლოდ მთავრობას და თავის შავ-ბნელ საქმეებს აკეთებდა. ამიტომ გთოვთ, არ დაგვაძინოთ, ხანდახან ,,გვიჯეკეთ!”

 

წადი! გადადგება!

 

ტექნიკურ უნივერსიტეტში ,,არტ-კომიტეტსდათო მაღრაძე, კახა ლომაია და ნიკა რურუა დაემატნენ. ადმინისტრაციული კორპუსის წინ სტუდენტები თავისსავე მეგობრებს სააქტო დარბაზში შესასვლელად ეპატიჟებოდნენ. სტუდენტი გოგონები, ერთმანეთს მობილურით ურეკავდნენ ჩქარა მოდით, აჩი გულედანი, დათო გოგიბედაშვილი და ,,სასტავია მოსულიო. ლაშა ბუღაძეც გოგონების ჯგუს ჰყავდა დატყვევებული და ავტოგრაფებს სთხოვდნენ.    

სტუმრებსა და სტუდენტებს სააქტო დარბაზი სტუდ-კავშირის თავმჯდომარემ  ლევან ჯაფარიძემ გაუღო და თქვა, რომ სხვა უმაღლესებისაგან განსხვავებით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდ-კავშირი ხალხთან ერთად დადგება. ლაშა ბუღაძემ სტუდენტებს უთხრა: ,,აქ ცივა და თავს დიდხანს არ შეგაწყენთ, ჩვენ ახლა ჯანმრთელობა გვჭირდება, მალე ყველა ერთად უნდა დავდგეთ გარეთ”. სოზარ სუბელიანი სტუდენტებს უყვებოდა, რომ მის სოფელში, ჭუბერში ექვსასი მაცხოვრებლიდან სახელისუფლებო ბლოკს ხმა მხოლოდ ოთხმა ადამიანმა მისცა. ოფიციალური შედეგებით, კიპირველ ადგილზე სახელისუფლებო ბლოკი გავიდა.

           

 ,,მე შემიძლია ახლა წავიდე ჩემს სტუდიაში და ჩემი საყვარელი საქმე გავაკეთო, მაგრამ გული ვერ გამიძლებს. თქვენც არ უნდა გაგიძლოთ გულმა, უნდა გამოხვიდეთ გარეთ და იყვიროთ წადი! და წავლენ!” – ასე მიმართავდა აჩიკო გულედანი აუდიტორიას. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა დაასრულა: ,,დაინგრა მითი, რომ შევარდნაძე მოუშორებელი ურჩხულია. ბელისუფლებამ გუშინ თავისი სახე ბოლომდე გამოაჩინა”.

 

 

გაბრაზებულები და შეფუთულები

თავისუფლების მოედანზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მოწყვლადი ურჩხულის საწინააღმდეგო აქცია ჩაატარეს ცელოფანებში გახვეულები და ,,დასკოტჩილებიაუზს გარს შემოერტყნენ. ,,ეს არის პროტესტის ორიგინალური ფორმა რუსეთსა და საფრანგეთში ანალოგიური ჩატარებულა, მაგრამ შემოქმედებითია და, ამდენად, ჩვენთვის მისაღები ხელისუფლება, სწორედ ამგვარად, საზოგადოების ჰაერგაუმტარ ცელოფანში შეფუთვას ცდილობს ამბობდნენ სტუდენტები.

,,აღორძინების” მართვის სტილისაგან განსხვავებით, აქციის მონაწილეებისათვის, სასმენი, სასუნთქი და საინფორმაციო ღრუები არ დაუხშვიათ და აღორძინებულ მიტინგზე ცოტნე ბაკურიას პარანოიდული განცხადება, რომ სააკაშვილმა ახალგაზრდებს თავდადების დამტკიცება ცელოფანში თვითმკვლელობით მოსთხოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტუდენტებს აუზში გადაშვებაც კი არ მოსვლიათ აზრად.

 

ამაზეა ნათქვამი: ასლანს რაც ელანდებოდა, ცოტნეს ესიზმრებოდაო.