შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 4.

 

 

"საქართველოს არავისგან არა აქვს სასწავლი, საქართველოსგან სხვებმა უნდა ისწავლონ!"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დედით ქართველმა იგორ ივანოვმა თავისი დედულეთის მონახულება გადაწყვიტა. თბილისში ჩამოსულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ხელისუფლება და გრანდიოზული მიტინგი დახვდა. თუმცა ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ის თბილისში კარგად ინფორმირებული ჩამოფრინდა.

ყველაზე საინტერესო მის ვიზიტში ის გახლდათ, რომ პირველად ის რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებთან მივიდა და საკმაოდ თბილი სიტყვებითაც მიესალმა მათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა ივანოვს თავისი ქართული წარმომავლობა გაახსენდა. "მე მაღელვებს ის, რაც საქართველოში ხდება, მე გულით ქართველი ვარ" - განუცხადა მომიტინგეებს დედით ქართველმა იგორ ივანოვმა.

სხვათა შორის, იგორ ივანოვის მხრიდან ამ მიტინგზე მისვლა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. სხვა თუ არაფერი, საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ მის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველო ტერორისტების შემფარებელი ქვეყანაა. ყველაზე კარგად კი ის განცხადება ახსოვთ, როცა ივანოვმა თქვა - უსამა ბენ ლადენი ახმეტის რაიონს აფარებს თავსო. ამდენად, მისი მიტინგზე მისვლა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. თუმცა ივანოვს გაუმართლდა. ის მომიტინგეებმა ძალიან თბილად მიიღეს.

მომიტინგეების თბილად მოკითხვის შემდეგ ივანოვმა საქართველოს მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურა და ისიც განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. თუმცა ის ღრმად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს. ივანოვს ასევე სჯერა, რომ საქართველომ საკუთარი აზრებით უნდა იმოქმედოს. "საქართველოს არავისგან არა აქვს სასწავლი, საქართველოსგან სხვებმა უნდა ისწავლონ" - განუცხადა მომიტინგეებს იგორ ივანოვმა. რუსთაველის გამზირზე ათასობით მომიტინგემ რუს დიპლომატს მხურვალე ტაში დაუკრა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ კი ამ ფაქტს უპრეცედენტო მოვლენა უწოდა.

მომიტინგეთა მონახულების შემდეგ ივანოვი საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა. თუმცა წასვლამდე დაიბარა, შევარდნაძეს რომ შევხვდები, მერე ოპოზიციასაც შევხდებიო. სხვათა შორის, იგორ ივანოვი გუშინ ახალ მემარჯვენეებსაც უნდა შეხვედროდა, თუმცა ბოლო მომენტში მან ახლებთან შეხვედრა გადაიფიქრა.

ივანოვისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შედგა. ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი რუს სტუმარს სამი საათვისთვის ელოდებოდნენ. ივანოვი პარლამენტის შენობაში ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა.

სანამ შეხვედრა დასრულდებოდა, შეკრებილი საზოგადოება სხვადასხვა ვერსიების გაანალიზებით იქცევდა თავს; ერთ-ერთი ვერსიით იგორ ივანოვი თბილისში იმიტომ იყო ჩამოსული, რომ მას შევარდნაძე თან უნდა წაეყვანა.

შეხვედრიდან გამოსულმა იგორ ივანოვმა ჟურნალისტებისთვის მოკლე ბრიფინგი გამართა. აღსანიშნავია, რომ ამ სიტუაციაში ქართველ ჟურნალისტებს აშკარად აღემატებოდნენ რუსი ჟურნალისტები.

ივანოვი, ისევე როგორც მიტინგზე, ამ შეხვედრის შემდეგაც აცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს. "რუსეთს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აღელვებს ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. თუმცა ჩვენ ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას არ ვაპირებთ. თუმცა ძალიან გვინდა, რომ აქ სიმშვიდე იყოს" - განაცხადა იგორ ივანოვმა.

რომელსაც სერიოზულად აწუხებს ის მოვლენები, რომელიც ახლა თბილისში მიმდინარეობს და გაცილებით უფრო აშფოთებს ის, რაც შეიძლება ხვალ მოხდეს. ყველაფერი რომ მშვიდობიანად დასრულდეს, რუსი მინისტრი ქართველებს ერთმანეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს და საუკეთესო გამოსავლად ახალი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს.