|
|
|
ნონა ცაბაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 12 ნოემბერი. გვ. 4.
საქართველოს ბედი რუსთაველზე არ წყდება გუშინ კანცელარიაში მთელი დილის განმავლობაში სახელისუფლებო ბლოკის წევრები და გუბერნატორები იკრიბებოდნენ. პრეზიდენტ შევარდნაძესთან და სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრები პარალელურად იმართებოდა, სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა თბილისის მერმა განაცხადა, მან დააყენა წინადადება, რომ მოლაპარაკების ფორმატი გაიზარდოს ანუ ამ დიალოგში ჩაერთონ ის პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ცსკ-ის მონაცემებით აქვთ იმის შანსი, რომ პარლამენტში გავიდნენ. ზოდელავას თქმით, საუბარი იყო ლეიბორისტებზე, ახლებსა და მრეწველებზე. ზოდელავას განცხადებით, მის წინადადებას სახელისუფლებო ბლოკის სხვა წევრებიც ეთანხმებიან. რაც შეეხება ირინა სარიშვილს, სარიშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მთლიანად ოპოზიციას უნდა შეხვდეს და არა მხოლოდ მათ, ვინც პრეზიდენტს გარედან აშანტაჟებს. - შეხვედრის მომხრეები ჩვენც ვართ, მაგრამ დიალოგი არანაირად არ შეიძლება შეეხებოდეს არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგების ცნობა-არცნობა მხოლოდ ცსკ-ის პრეროგატივაა და ამ სახიფათო თამაშს რადიკალურმა ოპოზიციამ, თუ მას ოპოზიცია ჰქვია, თავი დაანებოს, - განაცხადა სარიშვილმა თემურ შაშიაშვილს რაც შეეხება, იგი აცხადებდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან ცსკ-ის თავმჯდომარე მათი დანიშნულია - თუ ცსკ-ის გადაწყვეტილებები მიუღებელი იქნება, ქვეყანაში არსებობს სასამართლო და ოპოზიციის მოთხოვნები სწორედ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის სამი ლიდერი ქუჩაში დგას, ისინი საკუთარი სკამებისთვის იბრძვიან და არჩევნების გაყალბება მათ ნაკლებად ანაღვლებთ. თამაზ გიორგაძე: - ბ-ნო თამაზ, თქვენ როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას? - ყველაფერი უნდა გადაწყდეს სასამართლოს გზით. შეიძლება მიტინგებით ხელისუფლებასა და ცსკ-ზე ასეთი ზეწოლა და ამდენი შეურაცხყოფა?/ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მიუღებელია. თუკი იქნება სურვილი, რომ შეხვედრა შედგეს და მოლაპარაკებები დაიწყოს, კი ბატონო, მაგრამ იმის მოთხოვნა, რომ ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ და სხვა ყველაფერი ტყუილია, ეს აბსურდია. ლევან მამალაძე: - ეს არ არის მარტივი საკითხი. საქართველოს ბედი არ წყდება რუსთაველის გამზირზე. საქართველოს ბედი უფრო მაღალი და უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის და ამ ვითარებას წერტილი უნდა დაესვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სახეზე მივიღებთ ეკონომიკურ სტაგნაციას, უამრავ პრობლემას, დეფიციტს, მივიღებთ იმას, რომ შეიძლება ქვეყანაში პროდუქტები აღარ შემოვიდეს და საერთოდ, დაგვავიწყდება პარლამენტიც და არჩევნებიც, როცა თითოეულ ოჯახს ასეთი პრობლემები შეექმნება. - ქვემო ქართლის რეგიონში რა მდგომარეობაა მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით? - მდგომარეობა სახარბიელო არ არის. იმ ფაშისტურმა გამოსვლებმა, რომელიც გააკეთა სააკაშვილმა, ძალიან აღაშფოთა მოსახლეობა და ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ როგორღაც დავაწყნაროთ და ნორმალური ვითარება შევქმნათ. - სახელისუფლებო ბლოკი ოპოზიციასთან შეხვედრის მომხრეა, მაგრამ რა აზრი აქვს ამ დიალოგს, თუ მაინც ჩაიშლება, რადგან მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ... - პრეზიდენტი არ ეხება არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც ვინმეს წინ ან უკან წაწევის მომენტს. ეს არასერიოზული მოთხოვნებია. აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ მოხდეს შეთანხმება, რთა ეს ამდენი ხალხი, რომლებიც რაიონებიდან არიან ჩამოყვანილები, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და ეს პოლიტიკური პრობლემები დარეგულირდეს. ნუგზარ მოლოდინაშვილი: - ბ-ნო ნუგზარ, რა შეფასებას მისცემდით მიმდინარე პროცესებს? - რთული პროცესებია, მაგრამ მე ოპტიმისტური შედეგების იმედი მაქვს, მაქვს ქართველი ხალხის კეთილგონიერების იმედი. გეტყვით იმას, რომ ოპოზიციამ არასამართლიანი მოთხოვნებით თავისი თავი ჩიხში შეიყვანა. თავად ოპოზიციისათვის ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ, მაგრამ მაქვს ქართველი ხალხის კეთილგონიერების იმედი. გელა კვარაცხელია: - რა გადაწყვეტილება მიიღეთ პრეზიდენტთან შეხვედრისას? - ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას და რეგიონებში მცხოვრებლებს უნდა ავუხსნათ, რეალურად რა ხდება თბილისში. - რაც შეეხება ზოდელავას ინიციატივას შეხვედრის ფორმატის გაზრდასთან დაკავშირებით? - ჩემთვის ეს არ არის არანაირი პრობლემა, მე პირიქით ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა ჩაერთვება ერთდროულად და დააფიქსირებს თავის პოზიციას, მით უმჯობესია იმიტომ, რომ პრაქტიკულად რაც უფრო ხანგრძლივი ხდება პროცესი, ნათელი ხდება, რომ ეს არის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ინიციატივა და ეს არ არის ზოგადად არჩევნების შეფასება. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რა არის საგანი მოლაპარაკებისა და დიალოგისა. მე პირადად ვიტყვი რეგიონის მაგალითზე, აბსოლუტურად ყველა საჩივარი, რაც არის სასამართლოში, კონკრეტულად ბორჯომის რაიონში, ერთმანეთს ნაციონალები და ბურჯანაძე-დემოკრატები ედავებიან. |