გიორგი უძილაური

,,ახალი თაობა”. 2003 წ.23 ნოემბერი. გვ. 5

 

 

 

საქართველოს ისტორია 12 წლის შემდეგ გამეორდა

 ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ტრადიცია გაგრძელდება

საქართველოში მეორე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. შევარდნაძის ლეგიტიმური რეჟიმი დაამხო ორმა განაწყენებულმა პარტიამ (ბურჯანაძე-დემოკრატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ) და ამით 12 წლის შემდეგ გაიმეორა საქართველოს ისტორია. უამრავი მსგავების პოვნა შეიძლება ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის კარიერას შორის, მათ შორის პირველ ადგილზე დგას პრეზიდენტობის გადატრიალებით დასრულება. ისევე, როგორც გამსახურდიას, შევარდნაძესაც ხშირად დაადანაშაულებენ სისუსტეში, დაუშვებელ ლმობიერებაში, ზღვარგადასულ ტოლერანტობაში. როგორც გამსახურდიას, შევარდნაძესაც მოუხდა პარლამენტის შენობის დატოვება. როგორც გამსახურდიას, ასევე შევარდნაძის წინააღმდეგ დადგა ელდარ შენგელაია და მისნაირები. როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძის დამხობას ლიდერობდნენ პრეზიდენტის ყოფილი უერთგულესი თანამებრძოლები.

გუშინ შევარდნაძე აპირებდა გადადგომას მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი აირჩევდა ახალ სპიკერს, ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის ხუნტამ სახელმწიფო გადატრიალების დაჩქარება. გადატრიალება მოხდა და წყალში ჩაიყარა მშვიდობიანი ცხოვრების 9-10 წელი. დღეიდან ახალ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც არ იარსებებს დემოკრატია, სტაბილურობა, სიმშვიდე და იმედები. დღეიდან საქართველოში მეორე ჯოჯოხეთის სეზონი იხსნება, იმიტომ კი არა, რომ გუშინ პარლამენტში შეიჭრნენ და სახელმწიფო დროშას შეურაცხყოფა მიაყენეს, არამედ იმიტომ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოახერხეს საზოგადოების დანაწევრება აჭარლებად და დანარჩენ ქართველებად, შევარდნაძისტებად და მიშისტებად, რევოლუციონერებად და კორუმპირებულებად. უკვე ხშირია ოჯახებში ჩხუბი პოლიტიკის გამო და მეორდება ის პერიოდი, როცა დევნიდნენ არათუ ზვიადისტებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გააკრიტიკებდა ხუნტის წევრებს. მაშინ კრიტიკისთვის დაიღუპა ათობით ადამიანი (საუბარი არ არის სამეგრელოს დარბევაზე), დატერორდა რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, გამოცხადდა ფსიქოლოგიური ცენზურა და დიქტატურა. მაშინ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში იმ ხუნტას და, მართალია, სამ წელიწადში თავად ხუნტისტები ციხეში გაუშვა, მაგრამ მას მიეწერა 1991-1994 წლების არეულობა. დღეს ზვიადისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ შევარდნაძეს გამსახურდიას ცოდვამ უწია. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ის პერიოდი საქართველომ უკვე გაიარა და მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ გაემეორებინა იგივე. როგორც მაშინ, დღესაც გადატრიალებას რევოლუციად ნათლავენ, რათა თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა. როგორც მაშინ, დღესაც დევნიან განსხვავებულ აზრს და ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი აქვს. ქართული დემოკრატია გარდაიცვალა 2003 წლის 22 ნოემბერს, მალე ჩაკვდება სიტყვის თავისუფლებაც, რადგანაც მოსახლეობას ეშინია იმ ეგზალტირებული ხალხის, რომლებმაც გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაარბიეს. 22 ნოემბერს სააკაშვილის, ბურჯანაძისა და ჟვანიას მცდელობით საქართველომ დაკარგა აჭარა.

მომავალი გაურკვეველია, მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს, შევარდნაძეს არავინ ჩივის. არის მეორე პრობლემაც - საქართველო ეკონომიკურ კატასტროფაშია, დღეიდან დაიწყება ფასების მომატება, ქართული ვალუტის დევალვაცია და მოსახლეობის ახალი გადინება ქვეყნიდან. ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების აბსოლუტურ და დანაშაულებრივ უსუსურობას. სამწუხაროდ, შევარდნაძემ არ იცოდა, რა არის დემოკრატია და რა შეიძლება გამოიწვიოს ულტრადემოკრატიამ - მხოლოდ ქაოსი ანუ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. დემოკრატია პირველ რიგში წესრიგია, რომელიც პრეზიდენტმა ვერ დაამყარა და გუშინ აუცილებლად უნდა გადამდგარიყო. გადადგომით არ დაირღვეოდა კონსტიტუცია, სახელმწიფო გადატრიალებით კი - დაირღვა.

წლების შემდეგ ბევრი ინანებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა, მაგრამ გვიანი იქნება. გავა დრო, მოსახლეობა სხვა ლიდერით იქნება უკმაყოფილო და ამ უკმაყოფილებას გამოიყენებს სხვა ახალი პრეზიდენტობაზე მეოცნებე. ის, თავის მხრივ, დაამხობს მომავალ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ეს ტრადიცია მანამ გაგრძელდება, სანამ ქართველი პრეზიდენტები არ დაამყარებენ წესრიგს, სადაც კანონი უფრო მაღლა იდგება, ვიდრე რომანტიკული მელანქოლიკობა, რომელიც შეეყარა შევარდნაძეს.