|
სოფო ბუკია,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A3.
საქართველოს ყველა ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა ნოემბერში
23 ნოემბერი. გიორგობა. მთელი მსოფლიოს ფოკუსშია საქართველო, თბილისი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. სუსხიანი, მზიანი დღე. ათიათასობით ადამიანი. ბალხმა ჩაკეტა თითქმის კველა ცენტრალური ქუჩის გასასვლელი, სატელევიზიო მანქანები სატელიტური თეფშებით, ოპერატორები და ფოტოგრაფები სახლების სახურავებზე, ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი, ჰოლანდიელი ჟურნალისტები, ცნობილი სახეები, რეგიონები, დედაქალაქი, დიდი, პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები, მეცნიერ-მუშაკები, ინტელიგენცია, უბრალო ადამიანები...
ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, მათ სხვადასხვა სახეები აქვთ, მაგრამ ერთი აზრი იკითხება ამ სახეებზე, ერთი გრძნობა, ერთი სურვილი... ორი სიტყვა, რომელიც ზუსტად აღნიშნავს ამ დაღლილ, ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს, არის – რწმენა და ღირსება. არასოდეს თბილისის ქუჩებს არ ახსოვს ამდენი გაღიმებული, კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანი. ქართველები გუშინ არ იყვნენ ჩვეულებრივ წარბშეკრულები და მოღუშულები. ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ უცნობ ადამიანებს, ცხრა ბოდიშს იხდიდნენ ერთი შემთხვევით ფეხზე დაბიჯების გამო, ერთმენეთს სთავაზობდნენ მიწისთხილს და მზესუმზირას, მობილური ტელეფონებით ცდილობდნენ ახლობლებთან დაკავშირებას: ,,მოდი თავისუფლების მოედანზე, ნუ გეშინია. აქ, იცი, რა კარგია,” – ესმოდათ ყურმილის მეორე მხარეს... ისინი ცეკვავდნენ სალამურის ხმაზე, მღეროდნენ ქართულ სიმღერებს, ყვავილებს ჩუქნიდნენ ერთმანეთს... ისინი გუშინ ერთხმად გასძახოდნენ: ,,გადადექი” და ,,საქართველო!”. მანქანებით დაჰქროდნენ დედაქალაქის ქუჩებში...
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ახსოვს, ალბათ ასე მშვიდობიანად შეკრებილი ათიათასობით ადამიანი, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რა უნდათ, რა აწუხებთ და რისთვის მოვიდნენ...
მათ ერთად გაუხარდათ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის დაკავება, მატ ერთად გაუხარდათ, როცა ქართულმა პოლიციამ ქართველ ხალხს ქართული პარლამენტისკენ სავალი გზა არ გადაუღობა. მათ ერთად გაუხარდათ, როცა ქართულმა ჯარმა უარი თქვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღის აღმართვაზე.
,,ჯიგრები ხართ, ქართულ პოლიციას გაუმარ - ჯოს!!! ქართულ ჯარს გაუმარ – ჯოს!!!” – ისმოდა შეძახილები. მათ ერთად გაუხარდათ, როცა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა...
თქვენ, ვისაც რამდენიმე საათის წინ საქართველოს ხელისუფლება გერქვათ და მოურიდებლად აცხადებდით, რომ ,,ამ ხალხმა არ იცის, აქ რისთვის დგას”, თქვენც, ვინც საკუთარ სახლებში ისხედით და ალმაცერად უცქეროდით ამ გულანთებულ ადამიანებს, რატომ არ გეყოთ ვაჟკაცობა, რატომ არ მიხვედით პარლამენტის შენობასთან, მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან და ამაყ ხალხთან, თვალებში ჩაგეხედათ ნებისმიერი მათგანისათვის, თუნდაც ასპინძიდან ჩამოსული ხელჯოხიანი მოხუცისთვის, რომელიც გუშინ მთელი დღე იცრემლებოდა - ,,ამ სიბერეში რას მოვესწარიო” და გაგებედათ გეთქვათ: ,,შენ არ იცი აქ რისთვის დგეხარ”... თქვენი ყველაზე დიდი უბედურება, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი კორუმპირებულობა, თქვენი ძირმომპალი რეჟიმი და ა.შ. და ა.შ. კი არ იყო, თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის დაუფასებლობა გახლდათ. თქვენ ვერ გააცნობიერეთ, რა ქვეყანას მართავდით, რა ხალხი დატოვეთ უიმედოდ. თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის გახლდათ, რომ თქვენ დაიჯერეთ: თქვენს ძალაუფლებას, გავლენას და მილიონებს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ხალხს. თქვენ უიმედოდ, ულუკმაპუროდ დატოვეთ საკუთარი ხალხი და მოდუნდით, იფიქრეთ – ამ ხალხთან ყველაფერი შეიძლებაო... პური თუ წავართვით, ღირსებას, მით უმეტეს, წავართმევთო...
ჩემი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის, ყველაზე დიდი სურვილი იქნება, საქართველოსმომავალმა ხელისუფლებამ იცოდეს ხალხის ძალა.
,,მე ვგრძნობ, რომ დღევანდელი დღე უბრალოდ არ ჩაივლის, აუცილებლად რაღაც გამიხარდება,” – ეუბნებოდა ერთი მეორეს.
,,ჩვენ ირმების გუნდი ვართ, ჩვენ ანკარა წყარო და თავისუფლება გვწყურია. ნუთუ არა მაქვს უფლება, მინდოდეს, ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, რომლის მარტო წარსულით კი არა, აწმყოთიც ვიამაყებდი? სადაც მოურიდებლად დავპატიჟებდი ჩემს უცხოელ მეგობრებს და სიამაყით ვეტყოდი, აი, ეს არის ჩემი სამშობლო, ხედავთ რა მაგარია!” – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ნათია ჯიქია.
,,ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან არ მჯერა, რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძო ისეთ საქართველოში, რომლის მმართველი შევარდნაძე არ არის, მე ზუსტად იმდენი წლის ვარ, რამდენ ხანსაც ის კაცი ჩემს ქვეყანას მართავს,” – ამბობს სამტრედიელი ვოვა თავბერიძე.
,,ძალიან მიხარია, ვთვლი, რომ დღევანდელი დღით საქართველოს ისტორიაში დიდი ეპიქა დამთავრდა. დაიწყო ახალი ცხოვრება, რომლის შექმნა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ჩვენი ცხოვრება ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ, მე პირადად ამ უფლებისთვის ვიდექი პარლამენტთან,” – ისტორიკოსი თამარ კვინიკაძე 4 ნოემბრიდან მონაწილეობს მიტინგებში.
,,შევარდნაძეზე არაფერს გეტყვით, იგი უკვე გადადგა, რითიც ძალიან გაგვახარა. მე მინდა მივმართო ოპოზიციას და ვთხოვო, ნურასოდეს დაივიწყებენ იმას, რაც 2003 წლის ნოემბერში თბილისში ხდებოდა... ხალხი პატარა სიცრუესაც იგრძნობს...” – გვითხრა დიასახლისმა ნუნუ ლაშაურმა. |