|
“24 სათი”, 2003წ., 12 ნოემბერი,გვ. A2.
სახალხო დამცველის აპარატი ოპოზიციას და ხელისუფლებას მედიატორის როლს სთავაზობსგუშინ არასმათავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მიუხედავად იმის, რომ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ლომსაძე ცდილობდა, რომ შეკრების მონაწილეებს აკადემიური სტილი შეენარჩუნებინათ, ზოგიერთი გამომსვლელი მაინც რადიკალიზმით გამოირჩეოდა. ზომიერები, პირიქით, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით ოპოზიციის რადიკალიზმზე მიგვანიშნებდნენ. არასმთავრობო ორგანიზაციის ერთერთმა წარმომადგენელმა მიტინგის ზოგიერთი ორგანიზატორის ფსიქოლოგიური შემოწმება მოითხოვა. ჟურნალისტმა თამარ მოლაშვილმა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს ყვარლის რაიონში, გუშინდელ შეკრებაზე განაცხადა: “ის რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, არის არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება, არამედ საქართველოში არსებული სპეცსამსახურების ბრძოლა, სპეცსამსახურებისა, რომლებიც მშვენივრად იყენებენ ხელისუფლებისაგან დაუცველ ხალხს... ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის კარგა ხანია მიმდინარეობდა ვაჭრობა... რომელ ოპოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ბადრი პატარკაციშვილის დას, წერა-კითხვის უცოდინარ ნანა პატარკაციშვილს როგორც ხელისუფლებამ, ასევე “ოპოზიცია” მხარს უჭერდა?” – დამარცხებული კანდიდატი მოლაშვილი ახცადებს, რომ ყვარელში არჩევნები არ გაყალბებულა და ასკვნის: “სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება დღეს მზად არ არის სამართლიანი არჩევნებისავის. ამაში ლომის წილი მიუძღვის ხელისუფლებას. ბელისუფლება კი მარტო კანცელარიაში არ არის, ხელისუფლებაში იგულისხმება ყველა შტო, მათ შორის – პარლამენტიც.”
შეკრებილთა უმრავლესობა აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებდა და მათ “ექტრემისტული პარტიის”წარმომადგენლებს უწოდებდა. ორგანიზაცია “სანდო არჩევნების” ყველა წევრი ამტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა: “ჩვენც ვატარებდით პარალელურ დათვლას და პარალელურ ეგზითპოლებს. ეს მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს.”
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი გელა ნიკოლაიშვილი გაცილებით უფრო ფრთხილი და ზომიერი იყო. “ის ხალხი გულწრფელად გამოვიდა ქუჩაში. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობის გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. ეს ადამიანები თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ყველაფერი ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში არ გადაიზარდოს” (რეპლიკა დარბაზიდან – “უკვე გადაიზარდა!”), გელა ნიკოლაიშვილი შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ხედავს – ცესკომ და სასამართლომ უნდა იმსჯელონ და გააუქმონ იმ უბნის შედეგები სადაც აშკარა გაყალბებეი მოხდა.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა კაკაკბაძემ. მისი აზრით, ხალხის ქუჩაში გამოსვლის უმთავრესი მიზეზი არა მძიმე სოციალური პირობები, არამედ ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის უფლების წართმევაა. ნანა კაკაბაძის შეფასებით, წინ არჩევნების დროინდელი სიები ბევრად სჯობდა ამჟამინდელს. იგი ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს და საკითხს ამგვარად სვამს: “უნდა დადგინდეს, ვის ინტერესებს წარმოადგენდა სიების გაყალბება – ხელისუფლების თუ კიდევ სხვა ძალებისას.” ამ ციტატიდან ცხადი ხდება, რომ კაკაბაძე წინასწარი დასკვნებისაგან თავს იკავებს. მისი პოზიციიდან გამომდინარე, დღეს ქვეყანაში არა მარტო ხელისუფლება შეიძლება სცოდავდეს, არამედ “სხვა ძალებიც”, ანუ ოპოზიცია. ოპოზიციის მისამართით მან გუშინ კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა: “დაუშვებელია, ერთმა კონკრეტულმა ლიდერმა რაიმე შესთავაზოს ხალხს. თუ შენ არ გინდა ეს ხელისუფლება, ხალხს უნდა მისცე საშუალება უკეთესისაკენ გააკეთოს არჩევანი. არ შეიძლება ადამიანების ზომბირება. მე რა მსურს, თავად უნდა განვსაზღვრო.”
საბოლოო პოზიცია სახალხო დამცველის აპარატის დამცველის სახელით დააფიქსირა სახლხო დამცველსი მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ლომსაძემ. იგი გარდაუვალად მიიჩნევს დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. “ორივე მხარემ რაღაცრაღაცეები უნდა დათმოს, რათა პრობლემა კონსესუსით გადაწყდეს,” – აცხადებს ლომსაძე და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლს კისრულობს.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გუშინ კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდებში ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით იცვლება. ახლაც იქმნება გარკვეული საშიშროება იმისა, რომ მსგავსი რამ განმეორდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დიალოგი შედგეს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. ასეთია სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ლომსაძის პოზიცია. |