”24 საათი”, 2003წ. 20 ნოემბერი, გვ.A3.

 

 

 

სახელმწიფო ტელევიზია უარს ამბობს იყოს სამთავრობო

 

ყველა ადამიანის მოთმინებას აქვს საზღვარი. თორმეტი წელი ითმინა, მეტი რა ექნა? ბოლოს ხომ უნდა ეთქვა ის, რასაც ფიქრობს, გრძნობს, რაც მის სისხლსა და ხორცშია გამჯდარი? შევარდნაძე გუშინ სულაც არ ჰგავდა იმ ,,დარდუბალა“ პრეზიდენტს, რომელიც ამ ბოლო დროს სასაცილო რადიოინტერვიუებსა და მთავრობის სხდომებს მართავს ხოლმე და ძალიან ,,საყვარლად“ ისულელებს თავს. გუშინდელი მისი განცხადება არც ,,ციფრული განხეთქილების“ მსგავსი ,,არ ცოდნა - არ ცოდვა“ იყო და არც სენაკელ ძროხებთან გაბაასება. პირველი არხისთვის დაქნეული თითი თავისუფალი მედიისთვის მოქნეულ მუშტს ნიშნავდა, თავისუფალი სიტყვის ,,საჭირო“ სიტყვად გარდაქმნის სურვილს მოასწავებდა. ერთი ტელევიზიის, ერთი გაზეთის და ერთი პარტიის ეპოქაში აღმოცენებულ, ამ ბოლო დროს ასლან აბაშიძესთან დაძმაკაცებულ შევარდნაძეს მობეზრდა ,,დემოკრატობანას“ თამაში. პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, უკვე გაყო ქართული საზოგადოება ,,აქეთა“ და ,,იქითა“ ბანაკებად, რომელთა ერთმანეთში არევა წარმოუდგენლად მიაჩნია. საერთაშორისო პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა გუშინ ერთმანეთთან გააიგივა მთავრობა და სახელმწიფო, სინონიმებად აქცია სიტყვები ,,სამთავრობო“ და ,,სახელმწიფოებრივი“. პრეზიდენტმა გუშინ ნათლად გაგვაგებინა: ,,სახელმწიფო - ეს მე ვარ! ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა შევარდნაძემ გუშინ თავად ჩაუყარა საფუძველი მისი მმართველობის დასასრულის დასაწყისს. პრეზიდენტი ყოველთვის ცუდი აზრის გახლდათ საკუთარ ხალხზე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ სიტყვის თავისუფლების და საკუთარი ღირსების დაცვა კარგად ეხერხება.

 

,,ჩვენი პრეზიდენტი დღეს გარკვეულ ვაკუუმშია. მისი გარემოცვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რეაქციული ხალხია, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრეზიდენტმა არაფერი იცოდეს, რეალური, ნათელი სურათი არ ჰქონდეს... პირველი არხი არავიტარ შემთხვევაში არ არის სამთავრობო ტელევიზია. პირველი არხი სახელმწიფო ტელევიზიაა, რომელიც მთავრობას კი არა, მთელ მოსახლეობას ეკუთვნის და რომელიც მოსახლეობიდან აკრეფილი გადასახადებით არსებობს... სამწუხაროა, რომ ვერ დავასრულე პირველი არხის საზოგადოებრივ არხად გარდაქმნის პროცესი...” – ტელერადიოდეპარტამენტის ტავმჯდომარე ზაზა შენგელია საკუთარ პოსტს ამ სიტყვებით ტოვებს.

           

შენგელიას გადადგომას წინ უძღვის პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მტავრობის სხდომაზე გაკეთებული უპრეცედენტო განცხადება:

           

”პრესას და ტელევიზიას ვთხოვ, ობიექტურად გააშუქონ მოვლენები, განსაკუთრებით პირველ არხს მივმართავ. ტელეკომპანია ”იმედი” და ”მზერაა” თუ ”მზე”, არ ვიცი კარგად მაგის სახელი, უფრო მეტს აკეთებს, პირველ არხს მე მადლობას ვერ გადავუხდი ვერავითარ შემთხვევაში, ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ არხის მუშაობით. ხომ უნდა იყოს ერთი არხი, რომელიც ხელისუფლებაზე იმუშავებს? თქვენ ხართ, პრაქტიკულად, სამთავრობო ტელევიზია... უნდა გააშუქოთ მოვლენები ისე, როგორც საჭიროა. მაშინ, რატომ აცხადებთ, რომ ხართ სახელმწიფო ტელევიზია? არ შეიძლება, აქეთაც იყო და იქითაც... პირველ არხს არაფერი ეტყობა, რომ ის სახელმწიფოებრივად აზროვნებს. კეთილი ინებეთ და იმოქმედეთ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, მე ჩემი ინტერესების დაცვას ხომ არ გთხოვთ? თქვენ გგონიათ, ვერავინ ვერ ხვდება, რას აკეთებთ,  ვის როგორ დააჯენთ, როგორ მდგომარეობაში? არაფერი დიდი ეშმაკობა არ უნდა მაგას...”

        

შენგელიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში მის კაბინეტში მიდის სახელმწიფო მინისტრი ავტანდილ ჯორბენაძე და მას გადადგომაზე უარის თქმას სთხოვს. შენგელია მის წინადადებას არ თანხმდება, ჯორბენაძე ჟურნალისტებისგან მალულად ტოვებს ტელევიზიის შენობას.

           

ამის პარალელურად, სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში ჩნდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურული და ლიტერატურული ელიტის წარმომადგენლები: დავით მაღრაძე, გოგა ხაინდრავა, ლაშა ბურაძე, დავით ტურაშვილი, გიგი თევზაძე, მამუკა ხერხეულიძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, კახა ლომაია, აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი და სხვები. ისინი ტელევიზიის თანამშრომლებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვისაკენ მოუწოდებენ.

           

ტელევიზიის ფოიეში ”პირველი არხის” თანამშრომლებისგან ისმის მსგავსი ფრაზები: ”ამ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია, ჩვენი ტელევიზია საზოგადოებრივ არხად გარდაიქმნას.”

        

დოდო შონავა, ჟურნალისტი: ”არ ვიცი, მას, ალბათ, მოსწონს აჭარის ტელევიზია. აჭარის ტელევიზია ნამდვილად სამთავრობოა, თუმცა ამ შენობაში მომუშავე არც ერთი ჟურნალისტი პრეზიდენტის ამ სურვილის შესრულებას არ თანხმდება.”

        

კოკა ყანდიაშვილი, ჟურნალისტი: ”სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.”

        

ინგა გრიგოლია, ”პირველი არხის” ყოფილი ჟურნალისტი: ”მე დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტს ობიექტური ტელევიზია არ სჭირდება. თუ მას უნდა ისეთი ტელევიზია, სადაც მარტო თვითონ ისაუბრებს, მაშინ მოიწყოს პატარა საკაბელო არხი და ეგ იქნება. მე დღეს საბოლოოდ გამიტყდა გული ამ ქვეყნის ხელისუფლებაზე.”

           

ტელევიზიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი გუშინ ზაზა შენგელიას წინააღმდეგაც გამოდიოდა. ”შენგელია აქედან თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლისა და გმირის რანგში არ უნდა წავიდეს,” – აცხადებდნენ ისინი.

           

”ხალხნო, ჩვენ კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში ხართ თქვენ. ჩვენ თქვენტან მოვედით და არა ზაზა შენგელიას დასაცავად... გარწმუნებთ, თუ შევარდნაძე დარჩება ხელისუფლებაში, ხვალ და ზეგ თქვენ შენგელიაზე უარეს უფროსს დაგინიშნავენ,”- მიმართავდა გოგა ხაინდრავა  ტელევიზიის თანამშრომლებს.

           

”გასაგებია, გოგა, შენ დიდი ავტორიტეტი ხარ ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავყვებით შენგელიას... ჯერ მან პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ტელევიზიაში გაკეთდა,” – პასუხობდა ტელევიზიის თანამშრომელთა ერთი ნაწილი.

           

”ხალხნო, ჩემ მიმართ არაერთი  პროკურორი ყოფილა უსამართლო, მაგრამ აბსურდი არ იქნება, მე რომ ვიძახო, ჯერ ის პროკურორი დასაჯეთ, და არა შევარდნაძე- მეთქი?” – ჩაერთო პოლემიკაში გიგა ბოკერია.

           

”მაშინ რა ვქნათ, ხალხო, გვითხარით, რა ვქნათ?”

           

გაიფიცეთ, გაიფიცეთ, გაიფიცეთ!!!

           

”ეროვნული დაუმორჩილებლობის” იდეამ გუშინ სახელმწიფო ტელევიზიის ძალიან ბევრი თანამშრომელი დააფიქრა.

           

შენგელიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, გადადგომის შესახებ განცხადებას წერს მისი მეუღლე, კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე. კულტურის მინისტრს თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მანამდე პრეზიდენტ შევარდნაძეს უნდა შეხვდეს.

           

ექსპერტები ფიქრობენ, რომ გუშინ დაწყებული მოვლენები ჯაჭვური რეაქციით განვითარდება. სამთავრობო ელიტაში განხეთქილება სახეზეა, მოსალოდნელია, უახლოეს დრეებში სხვა მინისტრებმაც დაწერონ განცხადებები გადადგომის თაობაზე.