გიორგი ასანიშვილი

,,24 საათი”.  2003წ. 17 ნოემბერი. გვ. A3.

 

 

 

საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა – 2

 

შაბათს ,,ნაციონალურმა მოძრაობამდა ,,ბურჯანაძე-დემოკრატებმა”, ფართო საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლება ნოკდაუნში ჩააგდო. მაგრამ, საბოლოო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, შევარდნაძის ბანაკზე დღეიდან გადამწყვეტი დარტყმა მზადდება. გუშინ ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ ხალხს საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 14 ნოემბერს ხელისუფლება მორალურად დაამარცხა. ანალოგიური მასშტაბის საპროტესტო აქციის შემთხვევაში, ცივილიზებული სახელმწიფოს მმართველი გუნდი დაუყოვნებლივ გადადგებოდა. მაგრამ შევარდნაძის ბანაკისათვის თამაშის ცივილური წესები, მორალური და ზნეობრივი კატეგორიები უცხოაიგი ,,სხვა მასალისაგან არის ნაგები”. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კანცელარიის ზედა სართულებზე, როგორც ჩანს, თავისი არშინით ზომავენ. პრეზიდენტის პრეს-მდივნის თქმით, რუსთაველის გამზირზე 14 ნოემბერს, თურმე, ერთი პარტიის აქტივი გამოსულა. მართლა ასეც რომ ყოფილიყო, მით უარესი ხელისუფლებისთვისთუ ერთ ოპოზიციურ პარტიას ამდენი ასეთი აქტივი ჰყავს, მაშინ, ვაი, შევარდნაძის გუნდის ბრალი, როდესაც მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი საერთო ეროვნულ მასშტაბს შეიძენს.

ვინაიდან შაბათს მოწყობილი გრანდიოზული აქცია პრეზიდენტის ოფისისათვის ცერცვის შეყრა აღმოჩნდა, ოპოზიცია იძულებული გახდა, ტაქტიკა შეეცვალა და ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების ჩატარების ნაცვლად, სამოქალაქო დაუმორჩილებლიბის გზას დასდგომოდა.

 

უკვე შეიქმნა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც ზეპარტიული ორგანოა. მასში, პოლიტიკოსებთან ერთად, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც შედიან.

 

პრაქტიკულ ქმედებებზე გადასვლას ოპოზიცია აღარ აყოვნებს. ,,გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, თეატრებს და, საერთოდ, ყველა სახელისუფლებო დაწესებულებას დღეიდან გაფიცვის დაწყებისაკენ მოუწოდებს.

,,სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დროს, ხალხმა ერთხმად უნდა თქვას, რომ ის არ ემორჩილება შევარდნაძეს და არ ცნობს მას ქვეყნის პრეზიდენტად,” – განაცხადა მან ფილარმონიაში გამართულ, საკოორდინაციო კომიტეტის პირველ გაფართოებულ სხდომაზე. ჟვანიას თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობა, თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას უნდა გაუტოლდეს.

 

,,ეს დღეები და კვირები მთელი თაობებისათვის საამაყო იქნება. ხალხი იამაყებს, რომ თავიდან მოიშორა ურჩხული, რომელიც წლების განმავლობაში ტანჯავდა ქვეყანას,” – გადამწყვეტი ,,დარტყმისაკენ” მოუწოდებს საზოგადოებას ,,გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე. გუშინდელ შეკრებაზე მან სიამაყით ისიც აღნიშნა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, თბილისში ერთი მანქანაც კი არ გაკაწრულა, მაშინ, როდესაც ასეთ დროს,  ცივილიზებულ ქვეყნებშიც კი , ხშირად, ვიტრინებს ამსხვრევენ და მანქანებს აბრუნებენ.

 

,,ეს იყო ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა, როდესაც ხალხი კი არ იდგა ჩვენს გვერდით, არამედ ის ითხოვდა, რომ ჩვენ ვმდგარიყავით მის გვერდით,” – სიამაყით იხსენებს განვლილ დღეებს ჟვანია.

 

ხელისუფლებასთან დაპირისპირები ფორმისა და მეთოდების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილიც. მისი განცხადებით, თუნდაც გრანდიოზული დემონსტრაციების ზეგავლენით, შევარდნაძე ხელისუფლებიდან წამსვლელი არ არის და ამიტომაც, რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაიშალოს საგაფიცვო მოძრაობა. ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს დღეისათვის დაგეგმილი კიდევ ერთი მასობრივი მანიფესტაციის ჩატარება ნაადრევად მიაჩნია და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ჯერ ადგილებზე, რეგიონებში ჩატარდეს ლოკალური ღონისძიებები და, თუ შევარდნაძე მაინც არ დაიხევს უკან, მხოლოდ ამის შემდეგ მოეწყოს მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.

 

მიხეილ სააკაშვილი იმ საფრთხეზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ასლან აბაშიძის მიერ თბილისში თავისი მხარდამჭერების ჩამოყვანას უკავშირდება. ,,თუ აბაშიძე ბათუმიდან თბილისში თავის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს გადმოიყვანს, მაშინ არმია და პოლიცია ნეიტრალური ვეღარ იქნებიან,” – მიიჩნევს სააკაშვილი და მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს ქვეყნის მთავარსარდლის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისაკენ მოუწოდებს.

 

,,შევარდნაძეს უნდა, ქვეყანაში შექმნას კრიზისი და ამ კრიზისით გადაირჩინოს თავი, ჩვენ კი გვინდა შევარდნაძეს შევუქმნათ კრიზისი და ქვეყანა გადავარჩინოთ,” – შენიშნავს ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი. მისი აზრით, ამჟამინდელ ეტაპზე პრეზიდენტის მიზანია დროის მოგება და ხრიკების მოწყობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სააკაშვილი ამ ანკესზე წამოგებას არ აპირებს და შევარდნაძის წინაშე ,,პირობას დებს”, რომ სულ რამდენიმე დღეში შეაგროვებს მილიონ ხელმოწერას მისი გადაყენების მოთხოვნით.

 

თავის მხრივ, ფილარმონიაში გუშინდელი გამოსვლის დროს, ნინო ბურჯანაძემ გაიხსენა, რომ ის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ საუბრობდა დიქტატურის საშიშროებაზე და ეს საფრთხე დრეს უკვე საკმაოდ რეალური გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე, სააკაშვილისა და ჟვანიას მსგავსად, მეტად რადიკალურია და საზოგადოებას გადამჭრელი ქმედებებისაკენ მოუწოდებს.

 

,,ახლა დგება გადამწყვეტი მომენტი: თუ ქვეყნის გადარჩენის და მისი ფეხზე დაყენების შანსი დავკარგეთ, ასეთი შანსი დიდხანს აღარ იქნება,”  - მიიჩნევს ბურჯანაძე.

ერთი სიტყვით,  წილი ნაყარია – ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადადის. ვინ ვის?  - ამის გარკვევას დიდი დრო აღარ სჭრდება.