ანა კორძაია-სამადაშვილი

”24 საათი”, 2003 წელი, 19 ნოემბერი, გვ.B7

 

 

 

საზოგადოებრი-სამოქალაქო, მშვიდობიანი და პრინციპული პროტესტი

 

           

იმ ხალხს, რომელიც გუშინ, ნაშუადღევს, რუსთაველის გამზირზე მდებარე თეატრალურ სარდაფში შეიკრიბა, კარგი მოქალაქეები შეგვიძლია ვუწოდოთ. ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არასოდეს არღვევენ, გადასახადებს დროულად იხდიან, თავიანთ საქმეს ჩინებულად უძღვებიან და არც რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ყოფილან შემჩნეულნი. ითვლება, რომ ასეთი ხალხი ნებისმიერ დროს თანაბარი წარმატებით არსებობს: შიმშილით სიკვდილი არ უწერია, მაგრამ არც  გამდიდრების იმედი აქვს; მათ წერა-კითხვას თითქოს, არასოდეს არავინ უშლით; მათი შვილები ყოველთვის მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანები იქნებიან და .. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რომ ყველაზე აქტიურად სწორედ ამ ფენამ გამოთქვა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყნის თავს დატრიალდა.

           

ეს ხალხი მრავალი წლის განმავლობაში უდრტვინველად ითმენდა იმას, რასაც, წესით, ადამიანი ვერ უნდა უძლებდეს. როდესაც სინათლე ითიშება, ისინი სანთლის შუქზეც აგრძელებენ საქმიანობას, და ზოგიერთმა გენერატორის შეძენაც კი მოახერხა; მათ ავტონომიური გათბობის საუკეთესო ხერხიღუმელი გაიხსენს და მას რომანტიკული ელფერიც კი მიანიჭეს. მაგრამ, გარკვეული წრეების იმედის მიუხედავად, ადამიანური ღირსების საბოლოოდ შელახვას მაინც ვერავინ ურიგდება.

           

ნიკოლოზ შენგელაიას თქმით, ეს ადამიანები თავისი ხალხის, თავისი ოჯახებისა და საკუთარი თავის გადარჩენის სურვილმა შეკრიბა. თეატრალურ სარდაფში მათი მხოლოდ პატარა ნაწილი იყო წარმოდგენილი ნონკონფორმისტული, რომელსაც პასიური (დღეს უკვე არაპასიური) მასა მიჰყვება. ”თუ უკან დავიხიეთ, გაუსაძლისი ყოფა გველის,” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ. ”ჩვენ ქმედებებს ორგანიზებული სახე და კოორდინაცია სჭირდება. დღეს ხალხის გაღვიძება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა”. ნაწილობრივ, ეს მისია  დათო მაღრაძემ იკისრა: მან თქვა, რომ უნივერსიტეტში შესვლას და სტუდენტებთან საუბარს არავინ დაუშლის. იმედია...  

           

 პირობითად, გუშინდელ მოვლენას შეიძლება ინტელიგენციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეკრება ეწოდოს (თუმცა, ინტელიგენტობა არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობას სულაც არ გამორიცხავს). შესანიშნავი რამ მოხდა: მწერლების, მხატვრების მუსიკოსებისა თუ გალერისტების გვერდში სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ყველაზე კონკრეტულ ქმედებებს მიჩვეული წრისარასამთავრობოებისდგომამ გუშინდელ თავყრილობას, მწერალ  დავით გოგიბედაშვილის თქმით, ”არტკომისელფერი დააკარგვინა და ბევრად უფრო სერიოზული ხასიათი მისცა. ასე, სამოქალაქო საზოგადოებრივი ცენტრის, ”ალტერნატივას ხელმძღვანელმა ფსიქოლოგმა  ირინა ცერცვაძემ თანამოაზრეებს კრების დაწყებისთანავე მოახსენა, რომ მათ, ანუ დაახლოებით ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამოქალაქო საპროტესტო კომიტეტი შექმნეს და მშვიდობიანი აქციები დაგეგმეს. ”გავერთიანდეთ!” – მოუწოდა ქალბატონმა ირინამ საზოგადოებას. ”ჩვენ აქ ვართ!”

           

უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურარასამთავრობოებთანდა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დარბაზში სხვა დროსთავისთავისთვის მყოფხელივანთაც მოჰკრავდით თვალს. ალბათ, ეს იმით იყო განპირობებული, რომ გოგა ხაინდრავას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ”იმის ატანა, რაც დღეს ხდება, შეუძლებელია!”

მაშ, რას ებრძვის ხალხი?

 

გიგა ბოკერიამ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი გასცა: ”ერთადერთი საკითხი არის ედუარდ შევარდნაძის რეჟიმისაგან გათავისუფლების საკითხი. ყველა სხვა საკითხი უმნიშვნელო გახდა”. ამ სიტყვებს დარბაზი ტაშით შეხვდა. მაშ ასე, მშვიდობიანი პროტესტის მიზანი გარკვეულია: ხალხი პრეზიდენტის და პარლამენტის გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს (ამასთან დაკავშირებით დარბაზიდან კითხვა გაისმა: ჩვენ რა ვქნათ, პარლამენტის ახალი წევრები პარლამენტში არ შევუშვათ, თუ ჩვენთვითონ შევიდეთ პარლამენტის შენობაშიო? რაზედაც პასუხად დათო მაღრაძემ თქვა, - ისე, არც ისინი აურჩევია ხალხს და არც ჩვენო...)

 

საზოგადოების განსაკუთრებული გულისწყრომარევანშისტული ნომენკლატურული ძალების ჩამოყვანამ დაიმსახურა. ”რაღა ახლა არ წვიმს”, - ჩაილაპარაკა გოგონამ, რომელსაც, ლაშა ბაქრაძის კვალდაკვალმხარდამჭერთა ჯგუფის წევრიშეიძლება ვუწოდოთ. რუსთაველის გამზირზე გამართულმა მიტინგებმა ქალაქში აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. შეკრების ერთერთი მონაწილის თქმით, ”სამი-ოთხი დღის წინათ ქუჩაში გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა იცოდა, რა უნდოდა. ახლა ხალხი კვლავ ქუჩაში დგას, მაგრამ არ იცის რა უნდა.” გია ჭანტურიას იმედი აქვს, რომ ის, რაც არჩევნებზე მოხდა, ქუჩაში ვერ მოხდება და, საერთოდ, რუსთაველზე გავლას ვერავინ ვერავის დაუშლის.

 

გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ, აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ. ”და ეს არ ნიშნავს ხალხთან დაპირისპირებას, - განმარტა გიგა ბოკერიამ, - კონსტიტუციის თანახმად, პოლიციას მანიფესტაციის უფლება არა აქვს”. ხოლო ვინ არის ქუჩაში გამოსულიჩვენი მოწინააღმდეგე,” – ეს ყველამ იცის, და ისინი, ვნც სამოქალაქო დაპირისპირების ინსცენირებას ცდილობენ, ნამდვილად საშიში ადამიანები არიან. ”თითოეულ ჩვენთაგანს ხომ ათი, ასი კაცის მოყვანა შეუძლია, - ამბობდა გოგა ხაინდრავა, - ჩვენ იმდენნი ვიქნებით, რომ ხელისუფლება ჩვენს არ შემჩნევას ვეღარ შეძლებს. თბილისისკენ ჩვენი მოქალაქეები მოემართებიანთავიანთი ნებით. შევუერთდეთ! ჩვენ ან გადავრჩებით, ან საქართველოში აღარ დაგვედგომება.”

 

ჩვენ ბევრნი ვართ და გადავრჩებით. ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის თქმით, ”ახლა შეყოვნება არ შეიძლება, რადგან თუ ბოროტების ძალებმა რაღაც ეტაპზე გაიმარჯვეს, მერე ძალიან გაჭირდება. მეც თქვენთან ვიქნები!” ჩვენ კითქვენთან ბატონო ვახუშტი.

 

ფიდელ კასტროს და მაჰათმა განდის გზებიდან საქართველომ განდის გზა აირჩია. წინააღმდეგობის კომიტეტი ჩამოყალიბებულია. მორჩა დისკუსია. ხალხი მოქმედებას იწყებს.