|
|
|
ზაზა ბაკაშვილი "ახალი თაობა " 10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.
9 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ მომიტინგე ოპოზიციის ლიდერები კრწანისის რეზიდენციაში დაპატიჟა. დილით გულმოსული სააკაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ პრეზიდენტს არავითარ შემთხვევაში არ ეახლებოდა სახელმწიფო კანცელარიაში, დიალოგისთვის მზად აღმოჩნდა. შეხვედრას ხელისუფლებიდან მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური ესწრება. ჯორბენაძე და ვაჟა ლორთქიფანიძე არსად ჩანან, თუმცა დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ პრეზიდენტი მათთან ერთად აპირებდა მოლაპარაკებების გამართვას.
პრეზიდენტთან მისული სტუმრები, ცოტა არ იყოს, დაბნეულები ჩანდნენ. ეს დაბნეულობა პრეზიდენტს ნამდვილად არ ემჩნეოდა. მან სტუმრებს ჩაი და ყავაც კი შესთავაზა.
დახურულ კარს მიღმა ორსაათნახევრიანის დილოგის შემდეგ სააკაშვილმა შეხვედრა მიატოვა. მისი თქმით, პრეზიდენტმა რამდენჯერმე აუწია საუბრის ტონს და განაცხადა, რომ სააკაშვილთან საუბარი არ სურდა.
კრწანისის რეზიდენციიდან პრეზიდენტის სტუმრები პირდაპირ მომიტინგეებთან მივიდნენ და შეხვედრის დეტალები გააცნეს: - ჩვენ ორსაათნახევარის განმავლობაში გავაცანით შევარდნაძეს ჩვენი პრეტენზიები, მაგრამ ის ყველაფერზე ამბობდა, რომ არაფერ შუაშია, რომ არ აკონტროლებს არავის. არანაირი შეხება აქვს გაყალბებასთან, მისთვის არჩევნები ყოფილა მესამეხარისხოვანი. მე ხმა არ ამიწევია, მან კი ყვირილით მითხრა, რომ ჩემი დანახვის სურვილი არ აქვს. მას სურს, თავის სკამს გადააყოლოს საქართველო. ეს კაცი თითოეული ოჯახისთვის არის ძალიან საშიში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, შევარდნაძე ესაუბრა პუტინს და მისგან გარანტიები მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა განუდგება შევარდნაძეს, თავშესაფარი რუსეთმა უნდა მისცეს.
ზურაბ ჟვანია:
- ამდენი ხნის საუბრის შედეგად კონკრეტული პასუხი ვერაფერზე მივიღეთ. ერთადერთი, რასაც პრეზიდენტი ამბობდა, ეს იყო სამუშაო ჯგუფის შექმნა. სასაცილო იქნება, რომ ამ ხალხს ვუთხრათ - იცით, მეგობრებო, ამდენი ხნის სიცივის, წვიმაში დგომისა და წვალების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ყველა პრობლემა მოგვარდება.
გუშინვე, შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა:
- ოპოზიციასთან დიალოგი იყო ჩემი ინიციატივა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებში გარკვევა პროფესიონალების საქმეა. ზოგი რამ მეც არ ვიცი, პრეზიდენტი ვარ და არა პარტიის და ბლოკის ხელმძღვანელი. ჩავინიშნე 25 საკითხი და შევთავაზე, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მივცეთ ერთი-ორი დღის ვადა და ყველა საკითხზე გავცეთ პასუხი. ბევრი ისეთია, რომ გარკვევა უნდა. შევთავაზე, სპეციალისტები დასხდნენ, მათ მეტი დრო აქვთ. მე პრეზიდენტი ვარ და არ არის გასაკვირი, ყველაფრის საქმის კურსში რომ არ ვიყო. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. შეიძლება დაძაბულიც, მაგრამ მე ხომ შევთავაზე?! მარტო ჩემი ცოდნა საკმარისი არ არის. ბევრი რამ ალბათ მართალია. ოპოზიციის ლიდერები მოითხოვენ, ჩაითვალოს გაუქმებულად არჩევნები, მაგრამ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამას დოკუმენტალური დადასტურება უნდა. ეს ცსკ-ის და სასამართლოს უფლებაა. პრეზიდენტს აქვს არჩევნების დანიშვნის უფლება და არა გაუქმების...არ მიმაჩნია, რომ ტრაგედია მოხდა. შემეძლო ოპოზიციას არ შევხვედროდი, ან მიტინგზე მისვლას ვინ მაძალებდა, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი ნახეთ, მაგრამ არ მეშინია. დიალოგისთვის მზად ვარ, დიალოგი დაიწყო, არ დამთავრებულა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მე მიხეილს ასჯერ ვაპატიე ლანძღვა-გინება. ახლაც, თავიდან ნორმალურად ლაპარაკობდა, ბოლოს კი, როგორც იცის, აფეთქდა. თუმცა მე მზად ვარ, ხვალაც შევხვდე მათ.
შევარდნაძემ უარყო სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან გარანტიები მიიღო პუტინისგან. მისი თქმით, მათ შორის იყო მეგობრული საუბარი, რომელიც თავად პუტინის ინიციატივით შედგა. რაც შეეხება ბათუმში მისი ვიზიტის მიზანს, პრეზიდენტის თქმით, მიზანი მხოლოდ საქართველოა. მას ასლან აბაშიძესთან ექნება საათნახევრიანი საუბარი, რომელზედაც ისინი შეეხებიან როგორც არჩევნებს, ასევე აჭარის მდგომარეობას. |