,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ.  18 ნოემბერი. გვ 1-4

 

 

 

 

ედუარდ შევარდნაძე: ,,სიტუაცია საქართველოში რთულია,  მაგრამ უიმედო არ არის

საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, რომ სიტუაცია ქვეყანაში "რთულია, მაგრამ უიმედო არ არის". კვირა საღამოს იტარ-ტასისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან განაცხადა: "მე ოპოზიციასთან ხელისუფალთა დიალოგის განგრძობის მომხრე ვარ - ეს არის სიტუაციის შენელების ერთადერთი ხერხი. დიალოგი ახლაა საჭირო, ათი დღის შემდეგ ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ექნება". როგორც მან თქვა, "რადიკალური ოპოზიცია მოითხოვს დათმობებს, მაგრამ დიალოგი როდი ნიშნავს ცალმხრივ დათმობებს, იგი კომპრომისების მიღწევასაც გულისხმობს".

შეეხო რა რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ "ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის" კამპანიას და მათ გეგმებს, ბოიკოტი გამოუცხადონ სახელმწიფო დაწესებულებებს თბილისსა და რეგიონებში, შევარდნაძემ თქვა: "ასეთი მოქმედება კანონით ისჯება, ჯერჯერობით არ მინდა ავამოქმედო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი, მაგრამ, თუ ისინი არ მოისურვებენ ამის გაგებას და ხელს არ აიღებენ თავიანთ გეგმებზე, მაშინ იძულებული ვიქნები ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ყველა, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და პრეზიდენტიც". შევარდნაძე ვარაუდობს, რომ "საქართველოს ხალხი მხარს არ დაუჭერს რადიკალური ოპოზიციის მოწოდებებს მუშაობა შეწყვიტონ საწარმოებმა, შეწყდეს სწავლა, არ გადაიხადონ გადასახადები, არ დაემორჩილონ ხელისუფლების აღნიშნულ ორგანოებს". "ეს მოწოდებები არარაობად აქცევენ ყოველივე იმას, რითაც ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ ეკონომიკის აღორძინებას", - თქვა მან.

 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წლეულს საქართველოში აღინიშნა შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდა. ,,წარმატებით მუშაობენ ზესტაფონის, ჭიათურის ქარხნები. ბანგრძლივი შესვენების შემდეგ მალე ამუშავდება  განთქმული რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, - თქვა მან. – ეს სამუშაოს მისცემს ათიათასობით ადამიანს”. ,,მსოფლიო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიიღეს გადაწყვეტილება სახსრები გამოუყონ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობის პირველი ეტაპის დასაფინანსებლად. ამუშავდა დიდი აბრეშუმის გზის პროექტი – ჩინეთიდან, უზბეკეთიდა, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან საქართველოს გავლით ევროპაში და უკან მოდის საქონლის მუდმივი ნაკადი”, - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა. ,,ის, ვინც ეკონომიკის პარალიზებას მოითხოვს, ისე იქცევა, თითქოს მშობლიური ქვეყანა კი არა, უცხო სახელმწიფო იყოს. მათ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. მოვუწოდებ მათ, დაშოშმინდნენ”, - განაცხადა შევარდნაძემ.

 

პრეზიდენტს ნაადრევად მიაჩნია ,,კავკასიური ოთხეულის” შეხვედრა საქართველოში შექმნილი სიტუაციის განხილვისათვის. ,,ჯერჯერობით ადრეა ასეთი შეხვედრის გამართვა. როცა სიტუაცია ქვეყანაში ჩაცხრება, მაშინ შესაძლებელი ინება ნებისმიერ მოხერხებულ დროს შეიკრიბონ სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები და განიხილონ ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხი,” – თქვა მან. მისი აზრით, ახლანდელი სიტუაცია საქართველოში არ გამოიწვევს კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერის შექმნას. ,,ვფიქრობ, რომ საქართველოს მოვლენები საერთოკავკასიურ მასშტაბს არ შეიძენენ”, - თქვქ შევარდნაძემ.

 

შეეხო რა საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, შევარდნაძემ თქვა, რომ იგი ,,თანდათანობით უმჯობესდება, ჩვენ ვუახლოვდებით ერთმანეთს, პატივს ვცემთ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”. როგორც მან აღნიშნა, ამის დადასტურება გახდა ,,ეკონომიკური და კულტურული თანამსრომლობის მოგვარება, კერძოდ, პირველი ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმისა და საქრთველოს დღეების მოწყობა მოსკოვში”. მან ხაზი გაუსვა, თუ რა როლს ასრულებს რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ პრობლემათა გადაჭრაში. ,,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ახლა ვერ იმოქმედებს, თუ არ გვექნება რუსული გაზი და ელექტროენერგია, რომელთა საზღაურის გადახდა უკვე ვისწავლეთ”, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. ,,ვეთანხმები აზრს იმის შესახებ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იდეალური ვერ არის, ჩვენ საკმაო პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით”, - ხაზგასმით აღნიშნა ე. შევარდნაძემ. მან თქვა: ,,თბილისში მშვენივრად ესმით, რომ, თუ ურთიერთობა არ მოგვარდება რუსეთთან, ვერ გადაწყდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები. ამერიკელ პოლიტიკოსებს, მათ შორის პრეზიდენტებს კლინტონს და ბუშს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, რომ რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მივაღწიოთ, რომ გაუმჯობესდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა”.

 

პრეზიდენტმა გააკრიტიკა სოროსი და მისი წარმომადგენლობა საქართველოში იმისათვის, რომ მხარს უჭერს ,,გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს”. როგორც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი ,,მხარს უჭერენ და აფინანსებენ საქართველოში რადიკალურ ახალგაზრდულ მოძრაობას ,,კმარას”. კითხვაზე, არსებობენ თუ არა კიდევ რაიმე გარეშე ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: ,,ვიცით, რომ სოროსის გარდა არიან სხვა ძალებიც. მოვა დრო და ამას ვიტყვი. მაგრამ ახლა მათი დასახელება არ მინდა.