|
|
|
თამარ ხორბალაძე. ,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A1, A2.
სტაბილურობის შენარჩუნების წინაპირობები სახეზეა უშიშროების საჭოს პირველი სხდომა
გუშინ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თავის პირველ შეხვედრებს მართავდა ახალ რანგში. თავისთავად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომა, რომელიც ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით შეიკრიბა და რომელსაც უშიშროების საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა დაესწრო.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ იოსელიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რუბენ ასანიძე, დედაქალაქის მიერ ვანო ხოდელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარაშვილი, პრეზიდენტთან არსებული რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბოჭორიძე, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენრის თავმჯდომარე, გენერალ-ლეინტენანტი ვალერი ჩხეიძე, უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჯემალ გახოკიძე, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი სულხან პაპაშვილი, საბაჟო და საგადასახადო სამსახურის შეფები და თედო ჯაფარიძე. სხდომაზე არ გალდათ კობა ნარჩემაშვილი. ასევე – მირიან გოგიაშვილი და კახა უგულავა. როგორც ,,24 საათისთვის” გახდა ცნობილი - ფინანსთა მინისტრი და ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი, ,,ორგანიზაციული ხარვეზების” გამო, სხდომაზე მიწვეულნი არ გახლდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ,,ორგანიზაციულ” საქმეს ჯემალ გახოკიძე აგვარებდა.
თედო ჯაფარიძე, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულებით, ორი დღის წინათ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდბობიდან გადააყენეს, დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას ძველი თანამდებობის სტატუსით დაესწრო.
საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ ჯაფარიძემ მასმედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სახელმწიფო კანცელარიაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი არ არსებობს და ის ამ პოსტზე დარჩება, ვიდრე ექსპრეზიდენტის ბრძანებულებას არ იპოვნიან, ან შესაბამისი შინაარსის ახალი განკარგულება არ დაიწერება.
დაფარიძის განცხადებით, დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომაზე საკადრო ცვლილებების საკითხი არ განხილულა.
შეხვედრა ნინო ბურჯანაძემ გახსნა.
მისი თქმით, აუცილებელია, სერიოზული მზადება დაიწყოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, რაც 45 დღეში უნდა მოხდეს. ასევე - ,,სერიოზულად მისახედია საქართველოს ფისკალური პოლიტიკაც, რადგან ეკონომიკაში ძალიან რთული მდგომარეობაა.” ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ რთული დღეები გამოიარა და პრეზიდენტმა გადადგომით, ფაქტობრივად, ქვეყანა სისხლისღვრისგან იხსნა.
,,ამ წუთში გასარჩევი არის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ამჟამად უკვე ქვეყანას უნდა მივხედოთ,” – აქვე აღნიშნა მან.
შეხვედრის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ერთხმად განაცხადეს, რომ საბჭოს სხდომაზე საკადრო ცვლილებებზე არ უსაუბრიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურა ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.
სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაისვა ძალოვანი უწყებების დაფინანსების საკითხი, რადგან ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება და კრიმინალური ვითარების დარეგულირება ამ უწყებების დაფინანსებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
იოსელიანი აცხადებს, რომ დაზვერვის დეპარტამენტს სამი თვის განმავლობაში არ მიუღია ოპერატიული ხარჯების დასაფინანსებელი თანხები.
ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელ პირთა ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ფინანსების განმკარგველ სახელმწიფო უწყებებს დაავალა, რომ აღნიშნული მოთხოვნა უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილონ.
სხდომის შემდეგ უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარება ,,ურთულესია”. მან პარლამენტში გამართულ უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს აცნობა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პერიოდში გამოჩნდნენ შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც გარკვეულს პოლიტიკურ ძალებთან ასოცირდებიან.
ბაბურძანიამ კატეგორიულად მოითხოვა კრიმინალური ჯგუფების ქმედების კანონის ფარგლებში მოქცევა. მინისტრი არ აკონკრეტებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა სახელითაც მოქმედებენ შეიარაღებული ჯგუფები.
თედო ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ ,,ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ბურჯანაძეს მოახსენეს მიმდინარე პრობლემების” შესახებ.
დაფარიძის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან კავშირი არის და კონსულტაციები მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა კი განაცხადა, რომ არსებობს სირთულეები ქვეყანაში, მაგრამ, ზოგადად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
შეხვედრაზე საუბარი იყო გარეშე საფრთხებზე და იმაზე, თუ რა იმპულსებია იმ რეგიონებიდან, რომელსაც თბილისი, ჯერჯერობით, ვერ აკონტროლებს.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვალერი ჩხეიძის განცხადებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ჩეჩენი ბოევიკების მიერ პროვოკაციის განხორციელება საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე. ამჟამად გაძლიერებული რეჟიმით ხდება საზღვრის დაცვა, სიტუაცია კონტროლირებადია და იქ გადასროლილია მოტო-სამანევრო ჯგუფი.
მისივე მტკიცებით, ამ დროისთვის საქართველოს საზღვარს საფრთხე არ ემუქრება.
შეხვედრის შემდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატა თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ. მან, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ქალაქის მერის არჩევნების ჩატარება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მანამდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს.
მისი თქმით, იგი მზადაა გადადგეს, თუ ამას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მოითხოვს. ,,მე ყოველთვის ხალხის სამსახურში ვიყავი და მზად ვარ, დავემორჩილო ხალხის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა მან.
კონსტიტუციის თანახმად კი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის, გადააყენოს მინისტრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები.
უშიშროების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ,,დაუმორჩილებლობის” პრობლემა დღეს ხელისუფლებაში არა აქვს, ამდენად, სიტუაციის სტაბილურობის გარანტიები სახეზეა. |