სოფო ბუკია

“24 საათი”, 2003 წ., 6 ნოემბერი, გვ.1-3.

 

 

ულტიმატუმი

 

,,სამოქალაქო დაპირისპირება არ არსებობს. ერთ მხარეს დგას ხალხი, პოლიცია და მთელი საზოგადოება, მეორე მხარეს კი – პრეზიდენტი და 400 ოთხფეხა ძაღლი,” – მიხეილ სააკაშვილმა მერიის შენობასთან გუშინდელი მიტინგი ამ სიტყვებით დაიწყო. თუ გაერთიანებული ოპოზიციის პირველ მიტინგს მხოლოდ თბილისელები ესწრებოდნენ, გუშინ მათ ქარელიდან, რუსთავიდან, სიღნაღიდან და გორიდან ავტობუსებით ჩამოსული მოსახლეობა შეუერთდა. გუშინ მერიასთან, დაახლოებით, რვა-ათი ათასი ადამიანი შეიკრიბა.

,,ცესკო-მ გააუქმოს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში, ასევე საზღვარგარეთისა და რუსეთის საარჩევნო ოლქებში; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” 21 წლის დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც დააკავეს აჭარაში და მას ქობულეთის სასანმართლომ სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; როგორც არჩევნების სერიოზული გამყალბებლები, თანამდებობიდან განთავისუფლდეს ყველა გამგებელი, გუბერნატორი და პოლიციის უფროსი. თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ჩვენ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოვითხოვთ და მას გავასამართლებთ,: - აღნიშნული ულტიმატუმი სააკაშვილმა ,,იმელის” შენობის წინ წაიკითხა. ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას ორი დღე ეძლევა. ბვალ სამ საათზე ოპოზიცია ათმაგი ძალით გამოსვლას გეგმავს.

,,იმელის” შენობა ის ადგილია, სადაც 1993 წელს ირინა სარიშვილმა ხალხი დააჩოქა პრეზიდენტ შევარდნაძის წინაშე. დღეს ათი წლის შემდეგ, ეს ის ადგილია, სადაც საქართველო ფეხზე წამოდგომას იწყებს. ამიერიდან ჩვენ არავის დავუჩოქებთ,” -  ათიწლის წინანდელი მოვლენების გახსენებისთვის სააკაშვილმა მქუხარე ტაში დაიმსახურა.

მან მომიტინგეებს აუწყა, რომ ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს მანიპულირება – “აღორძინებას” ყველა უბანზე უმატებენ 200-200 ხმას, რათა “აღორძზინებამ” “ნაციონალურ მოძრაობას” გაუსწროს. სააკაშვილმა ხალხს მოუწოდა არ აყვნენპროვოკაციას და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, შიშველი ხელებით უნდა ვიბრძოლოთ,” – აცხადებს იგი.

პრეზიდენტ შევარდნაძის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა პროკურატურაზე და სასამართლოზე, რათა ჩვენ კანონდამრღვევებად გამოგვაცხადონ. ვინც ამას გაბედავს, სწორედ ის პროკურორი იქნება სამართალდამრღვევი. ჩვენ მოვიცილებთ ტირანიას! ჩვენ მოვიცილებთ უღირს ხელისუფლებას!” – “ბურჯანაძე-დემოკრატებს” გუშინდელ მიტინგზე გია ბარამიძე წარმოადგენდა. მომიტინგეებთან იყვნენ ელდარ შენგელაია და გოკა გაბაშვილიც. ზურაბ ჟვანია პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გახლდათ, ნინო ბურჯანაძეკი, ქუთაისში იყო.

დღეს ოპოზიცია მთელი საქართველოს მასშტაბით საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით იქნება დაკავებული. ბვალისთვის ოპოზიცია დედაქალაქში საქართველოს ყველა რეგიონიდან ათასობით ადამიანს ელის. ვინ თქვა, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და არ მოვა საკუთარი ხმის დასაცავად? გამოიხედონ საკუთარი ფანჯრებიდან – ქართველი ხალხი აქ არის...” – გაამხნევეს მომიტინგეები ოპოზიციის ლიდერებმა. მომიოტინგეთა მყუდროებას გუშინ ათასობით პოლიციელი უზრუნველყოფდა. ულტიმატუმის გამოცხადების შემდეგ მომიტინგეები დაიშალნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის მომდევნო მიტინგი ცსკო-ს მიერ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვევა.