საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს რესპუბლიკა, 2003 წლის 10 ნოემბერი, გვ.1

 

ვლადიმერ პუტინი მზად არის ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად

9 ნოემბერს, ნაშუადღევს, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი.

           

რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართული საუბრისას, ვლადიმერ პუტინი დაინტერესდა საქართველოში არსებული ვითარებითა და სიტუაციის ედუარდ შევარდნაძისეული შეფასებით.

           

საქართველოს პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას გააცნო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება და განუცხადა, რომ საქართველოში არჩევნები გაიმართა. მისი შეფასებით, ეს არ იყო უნაკლო არჩევნები, დარღვევებიც მოხდა, მაგრამ ეს იყო უკეთესი, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართული რომელიმე არჩევნები.

           

საქართველოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ დილით იგი უკვე შეეხვდა მომიტინგეებს და დიალოგისკენ მოუწოდა ოპოზიციური ძალების ლიდერებს. აუწყა, აგრეთვე, რომ გადაწყვეტილი აქვს მათთან შეხვედრა.

           

,,თქვენ მოქმედებთ, როგორც ყოველთვის, გაბედულად და სწორად”, - მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძეს და განაცხადა, რომ მიესალმება მის გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.

           

ვლადიმერ პუტინმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს პრეზიდენტს და განაცხადა, რომ მზად არის ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.