ბექა სისაური

 ,,24 საათი” 2003წ. 21 ნოემბერი. გვ. A2.

 

 

 

წუხელ საპროტესტო მარში დაიწყო დასავლეთ საქართველოში

 

გუშინ იმერეთში მთელი დღის განმავლობაში დაძაბული პოლიტიკური ვითარება სუფევდა. საპროტესტო აქციები პერიოდულად სხვადასხვა რაიონებში იფეთქებდა ხოლმე. წინააღმდეგობის მოძრაობამ კი კულმინაციას ღამის საათებში ქუთაისში მიაღწია, როდესაც დასავლეთ საქართველოდან მომავალმა ოპოზიციის მხარდამჭერებმა მერიის წინ გაერთიანებული მიტინგი ჩაატარეს.

           

თავდაპირველად კი ვითარება ხარაგაულში დაიძაბა. სადაც გამგეობის შენობაში განთავსებულმა მოშიმშილეებმა, რაიონის გამგებელი შენობაში არ შეუშვეს. საპროტესტო აქციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ჩახვაძის მხარდამჭერები მართავდნენ. ისინი ცესკ-ოს მანიპულაციებში სდებდნენ ბრალს და ჩახვაძის გამარჯვების უპირობო აღიარებას მოითხოვდნენ. ცნობისათვის: გოჩა ჩახვაძემ სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატს 1000 ხმით აჯობა, რის შედეგადაც სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან, აღნიშნული მაჩვენებლის შეცვლის არაერთი მცდელობა დაფიქსირდა.

           

უკვე რამდენიმე დღეა დაახლოებით იგივე ვითარებაა ზესტაფონშიც. ზესტაფონის გამგეობის შენობაში ,,ნაციონალური მოძრაობის წევრები შიმშილობენ და გამგებელ კვენეტაძეს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნულ ვითარებაში კი რწმუნებულის ჩარევამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. მან პოლიციელების თანხლებით, მოშიმშილეთა კორდონი ძალით გაარღვია და გამგებელი საკუთარ კაბინეტში შეიყვანა. დაახლოებით, თხუთმეტ წუთში გამგეობის შენობაში სააკაშვილი მიდის. მასა და რწმუნებულს შორის კი არცთუ თბილი დიალოგი  გაიმართა. ,,თქვენ ხართ სრული არარაობა და არაკაცი და როცა შევარდნაძე დაემხობა, ეს ნაძირალებიც მას უკან მიჰყვებიან,” – მიმართა შაშიაშვილს სააკაშვილმა. ,,სააკაშვილზე ნაძირალა კაცს საქართველოში ვერ ვხედავ და სააკაშვილი ამის გამო პასუხს აგებს,” – მიაძახა უკან გაბრუნებულ ,,ნაციონალური მოძრაობის ლიდერს რწმუნებულმა. აღნიშნულმა სიტყვებმა შასიასვილსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა გამოიწვია. სააკაშვილის მომხრეები, რწმუნებულს უხეში ტონით სთხოვდნენ გადადგომას. ასე რომ სააკაშვილს პირიქით მოუწია საკუთარი მომხრეების დაშოშმინება. ზესტაფონიდან სააკაშვილი ზუგდიდის მიმართულებით გაემგზავრა.

           

ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე ოპოზიციის მიტინგი კი ,,ნაციონალებისა და ,,ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერებსა და სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერეებს დღის მეორე ნახევრიდან თავსხმა წვიმაში ელოდა. მიკროავტობუსების პირველი კოლონა ქუთაისში, დაახლოებით, ღამის ათის ნახევრისთვის გამოჩნდა და მან ქალაქში აბაშის, სამტრედიის, წალენჯიხის, ხონის, ვანის და ბაღდათის მოსახლეობა ჩამოიყვანა. ისინი მიტინგს ,,საქართველო! საქართველოს შეძახილებითა და დროსების ფრიალით შეუერთდნენ. ნახევარ საათში კი მიტინგზე ნინო ბურჯანაძეც მივიდა. ,,ჩემი მიზანია, მოსახლეობას შევხვდე, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის და, ამავე დროს, გავამხნევო. ვუთხრა, რომ არ ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას,” – განაცხადა მიტინგზე მისვლისას ბურჯანაძემ. მას საპროტესტო აქციის მონაწილეები ,,ნინოს ძახილით შეეგებნენ.

           

,,მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მათ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიეს უკან და საქართველოს ხელისუფლებას აჩვენეს, რომ შეუძლიათ უშუქობის, უხელფასობის, უპენსიობის მოთმენა, მაგრამ არ მოითმენენ საკუთარი ღირსების შელახვას... ხელისუფლებამ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა. ის შეეცადა, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანა. ბელისუფლებამ, ასევე, დანაშაული ჩაიდინა, როცა შეეცადა, რომ თითოეული ჩვენგანისთვის აჭარის მოსახლეობა დაეპირისპირებინა. დღეს კი პრეზიდენტმა ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან, როდესაც ცესკო- გადაწყვეტილება არ შეაჩერა და თავისი ხალხის ნება არ შეისმინა,” -  განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ.

           

ამავე პერიოდში მიტინგზე სააკაშვილიც გამოჩნდა, მას თან ზუგდიდელი მხარდამჭერები ჩამოჰყვნენ. აქციის მონაწილენი სააკაშვილსაც შეძახილებით შეხვდნენ. ,,ნაციონალების ლიდერმა მიტინგზე გამოსვლისას გზაზე განხორციელებულ თავდასხმის მცდელობაზე ისაუბრა. ,,მე ესენი ვერ შემაშინებენ. სამეგრელოდან და დანარჩენი საქართველოდან ჩამოვა ხალხი და მივა სახელმწიფო კანცელარიასთან... დღეს ჩვენ ქუთაისში დავბანაკდებით, ხვალ ვიქნებით გორში, საბოლოოდ კი მთეკი საქართველო თბილისში მოიყრის თავს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ სახლებში დამარცხებულნი არ წახვიდეთ,” – მიმართა სააკაშვილმა მოსახლეობას.

           

გუშინ ქუთაისის ცენტრში რამდენიმე ათეულმა მიკროავტობუსმა და იკარუსის მარკის ავტობუსმა მოიყარა თავი.