თამარ კაციტაძე

“24 საათი” 2033წ., 11 ნოემბერი, გვ. A1-A6.

 

 

 

წვიმა, სიმღერა და გამარჯვების რწმენა პარლამენტის  შენობის წინ

 

2003 წელი. 10 ნოემბერი. შუაღამე. სიცივე, წვიმა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ასობით ადამიანი. მშვიდობიანი მიტინგი. საქართველოს მოსახლეობა მესამე დღეა, არსებულ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და გაყალბებული არჩევნების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.

 

,,მოვითხოვთ საკუთარი უფლებების დაბრუნებას. გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენც ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები ვართ და სულში არ გვაფურთხებენ. აღარ გვინდა მონური ცხოვრება. გვინდა ის ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელის რწმენაც გვექნება და რომელიც ხალხზე იფიქრებს.” -  ეს იმ მოთხოვნათა მცირე ნაწილია, რამაც ასობით ადამიანი, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ქუჩაში გამოიყვანა. სწორედ ეს ფრაზები გაისმის პარლამენტის შენობის წინ გამომსვლელი ორატორებისგან და იმ ხალხის პირად საუბარშიც, რომლებიც დღევანდელმა მიტინგმა შეახვედრა და დააკავშირა.

           

ათწლიანი დუხჭირი ცხოვრების შემდეგ, რამაც უკიდურესი გაჭირვების შემდეგ ადამიანები საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტა და გააბოროტა კიდეც, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა ამდენ ხალხს სურვილი გაუჩნდა, გვერდში მდგომი უცნობის ტკივილი საკუთარ ტკივილად მიიღოს და ელემენტალური სითბო და ყურადღება გაუნაწილოს.

           

,,მე მაყვალა აბაშიძე ვარ, სამწუხაროდ საკუთარი გვარი შემაძულეს. 62 წლის ქალი საკუთარი სიმართლის დასაცავად მესამე დღეა, აქ ვდგავარ.

        

საარჩევნო სიებიდან იმის გამო ამომიღეს, რომ იმ ხალხის გვარების წაშლა მოვითხოვე, ვინც ხუთი-შვიდი წლის წინ გარდაიცვალნენ. დიდი ბრძოლის შემდეგ, დღის ბოლოს არჩევნებში მონაწილეობა მივიღე. დღეს კი ამ არჩევანს მართმევენ. ამ გამოსვლებმა იმედი ჩამისახა. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი შვილიშვილები ამ ქვეყნის მჭამელებმა არ დაჩაგრონ. ფეხები მტკივა, ზოგჯერ ცალ ფეხზე ვდგავარ, მაგრამ წასვლას მაინც არ ვაპირებ.”

        

,,სოხუმიდან დევნილი ვარ. სადაც ქარტველი ხალხია, მეც იქ ვდგევარ. აქ უამრავი ჩემნაირად გამწარებული დევნილია. სოხუმის დაცემის წინა დღეებში იქიდან წამოსვლას ვაპირებდით. აეროპორტში შევარდნაძე დაგვხვდა და გვითხრა, დაბრუნდით, მე ვირებ პასუხისმგებლობას, რომ არანაირი საფრთხე არ  დაგემუქრებათო. დავუჯერეთ სახელმწიფოს მეთაურს და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ ჭამდნენ ჩვენს მეზობლებს ღორები. იმის მერეც  ბევრჯერ მოგვატყუა. ბოლო ტყუილი არჩევნები იყო. ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება. მეც მინდა ვნახო გამთლიანებული საქართველო. მაგათ ხელში კი არაფრის იმედი აღარ მაქვს,” – ამბობს ლუიზა ნაჭყებია.

           

,,აქ იმიტომ ვდგავარ, რომ მჯერა, საქართველოში სხვანაირად არაფერი შეიცვლება. ეს მშვიდობიანი აქციაა და არც სამოქალაქო დაპირისპირება და არც სისხლისღვრა არ მოხდება. ორი ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ სამსახური ვერსად ვიშოვე, რომ ცოლი და ორი თვის შვილი ვარჩინო. ამ ხელისუფლების ხელში ცხოვრების საშუალება არ გვაქვს და არც გვექნება. შევარდნაძე უნდა გადადგეს იმ ხალხთან ერთად, ვინც საქართველო შეჭამა. ჩვენ აქ საკუთარი გამარჯვების რწმენით მოვედით და ვიდრე არ გავიმარჯვებთ, ვერაფერი და ვერავინ დაგვახევინებს უკან. ჩვენ გვჯერა ოპოზიციის და მათაც არა აქვთ უფლება, ხალხს იმედები არ გაუმართლონ.” – ეს 21 წლის ბესიკ გაბაიძის პოზიციაა.

           

,,ჩვენ გვჯერა თქვენი. გვჯერა თქვენი თანადგომის და შემართების. გვერწმუნეთ, ამ თანადგომით ერთად მივაღწევთ გამარჯვებას,” – ამ სიტყვებით ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სამჯერ მიმართა საკუთარი და ქვეყნის უფლებების დასაცავად შეკრებილ საზოგადოებას. ღამის თორმეტის ნახევარზე კი სააკაშვილმა კვლავ მიმართა ერთგულ მხარდამწერებს და საკუთარი პარტიის ის წევრები წარუდგინა, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლადო ჭიპაშვილმა და გია ხევიაშვილმა შიმშილობა დაიწყეს.

 

“ ჩვენს მხარდასაჭერად ხალხი წვიმაში დგას. მართალია, მესამე ღამეა, ჩვენც მათთან ვართ, მაგრამ გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დავიწყოთ და მანამდე არ შევწყვეტთ, ვიდრე ხალხი არ იქნება და ვიდრე ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ,” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში გია ხევიაშივლმა. თუმცა, როგორც მომიტინგეებს მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, მოშიმშილეთა რაოდენობა ამ დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება და იგი მასობრივ სახეს მიიღებს. ოპოზიციის ლიდერის თქმით,  პროტესტის ამ ფორმას შეუერთდებიან “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლები და ამასთან, შიმშსილობა დაიწყება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ჩვენ მშვიდობიანი გზით ვიბრძოლებთ მანამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ. ჩვენ დავანახებთ არსებულ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრებას,” – ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.

მომიტინგეები კი პარლამენტის შენობის წინ კვლავ ათენებენ ღამეს და ანსამბლ “ფაზისის” წევრებთან ერთად ხალხური სიმღერის სითბოთი უმკლავდებიან სიცივეს და წვიმას.