მამუკა ბაკაშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 23 ნოემბერი. გვ. 2. 

 

 

ხავერდოვანი გადატრიალება შედგა

გუშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, მერიის წინ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. 1 საათზე მიტინგიც დაიწყო. მერიის ტრიბუნიდან პოლიტიკოსები ერთმანეთს ემოციური გამოსვლებით ცვლიდნენ. მიტინგის კულმინაცია კი მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილმა პრეზიდენტს 3 საათამდე ულტიმატუმი წაუყენა გადადგომის შესახებ. სამი საათი გახდა თუ არა, ნაციონალისტების ლიდერმა ხალხს განუცხადა, კონსტიტუციით მიტინგის ჩატარების უფლება ყველგან გვაქვს, ამიტომ კანცელარიასთან გადავინაცვლოთ, რომ შევარდნაძეს უფრო ახლოდან გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნაო.

ხალხიც დაიძრა და ლეონიძის ქუჩას აუყვა. მათ იქ გზა ავტობუსებით გადახერგილი დახვდათ, იმის იქით კი უკვე სამხედროები იდგნენ. ერთ-ერთი მომიტინგე ავტობუსის კაბინაში ახტა, ძრავა ჩართო და გზის გასათავისუფლებად უკან დასწია. მომიტინგეები წინ გაიჭრნენ და, აი, პირველად სწორედ მაშინ შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ხალხსა და შინაგანი ჯარების შენაერთებს შორის შეხლა-შემოხლა დაწყებულიყო. კერძოდ, მომიტინგეებში ერთ-ერთი სახლის აივნიდან მაშხალები ჩამოყარეს. ხალხი ბოლში გაეხვია. ამის შემყურეთ, მათ აგრესია დაეუფლათ. ერთ-ერთი ახლოს მდგომ პოლიციის მანქანაზე შეხტა და წიხლები დაუშინა, ზოგიერთებმა კი ფანჯრები ჩალეწეს. ხალხის მასამ მაინც წინ გაიწია. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჯარისკაცებს მომიტინგეებისთვის გზა გაეხსნათ. დაინახა რა ეს ხალხმა, ჯარისკაცები მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს, თან სკანდირებდნენ: "გაუმარჯოს ქართულ პოლიციას/"

კანცელარიამდე რამდენიმე მეტრიღა დარჩა. მომიტინგეები აღმართს შეუდგნენ, რათა კანცელარიის წინ მდებარე მოედანზე შეგროვილიყვნენ. იქ პოლიციელების ბატალიონი იდგა. იქაც ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოსალოდნელი იყო მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეჯახება. მაგრამ პოლიცია აქაც ორგანიზებულად მოედნიდან გადავიდა და შორიახლოს ასევე ორგანიზებულად გამწკრივდა. ამის დამნახავმა საზოგადოებამ პოლიციელები მქუხარე ტაშით დააჯილდოვა: "თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო," "მართლა ქართველები ხართ/" ეძახდნენ ზოგიერთები პოლიციელებს, სხვები კი მათ ეხვეოდნენ და კოცნიდნენ.

მომიტინგეები მოედანზე შეგროვდნენ. ამასობაში ოპოზიციის ლიდერებიც გამოჩნდნენ. ზოგიერთი მომიტინგე გისოსებზე ახოხდა, რათა კანცელარიის ეზოში შეეღწია, მაგრამ სააკაშვილმა მათ წესრიგისკენ მოუწოდა თუ არა, ისინიც დამორჩილდნენ მას, ამის შემდეგ კი მიტინგი გაიმართა:

- ამ შენობაში შევარდნა კანონის დარღვევა იქნება. ჩვენ კი მშვიდობიანად გვინდა ამ მთავრობის მოშორება. ამ წუთში მსოფლიოს ყველა ტელეკომპანიის ეთერში ვართ ჩართული. მე მინდა, შევარდნაძეს ვუთხრა, რომ ჩვენ სპეცნაზი და პოლიცია გვყავს, ყველა ჩვენ წამოგვყვა, ისინი გვერდზე გადგნენ. ასე რომ, შევარდნაძეს აღარ ჰყავს მხარდამჭერები. ჩვენი მიზანია, ერთი, რომ ეს კაცი ამ ქვეყანას მოშორდეს, თვითმფრინავი დაქოქოს და წავიდეს აქედან. მე მინდა, აჭარის სპეცნაზი და სნაიპერები გავაფრთხილო, რომელთა პატრონი ასლან აბაშიძეა - თუ თბილისში ჩამოყვანილი აჭარელი ან რუსი სპეცნაზელი ერთ ტყვიას გაისვრის, ხალხი ასლან აბაშიძეს გადაუვლის... ჩვენ მთავარი პლაცდარმი დაკავებული გვაქვს და ის იქამდე უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ეს კაცი გადადგომაზე ხელს არ მოაწერს - განაცხადა სააკშვილმა, - არ არსებობს პოლიციელი, რომელიც ხალხზე ხელს აღმართავს, მაგრამ, თუ ლევან მამალაძის კრიმინალები, "ომი და მშვიდობა" ამას გაბედავს, პირობას გაძლევთ, მათი დანდობა არ იქნება და ყველა მათგანს გავუსწორდებით. მე ყველა მინისტრს მოვუწოდებ, თუ თქვენ გადადგებით, სრული ხელშეუხებლობა გექნებათ.

სხვა ლიდერების გამოსვლის შემდეგ მათ ხალხს განუცხადეს, ცოტა ხანს დაგტოვებთ, რათა მოვითათბიროთო. მანამდე სიტყვით გურამ აბსანძე გამოვიდა და განაცხადა, გამორიცხული არ არის, შევარდნაძე დღეს საღამოსვე გაიპაროს საქართველოდანო.

მიტინგი მიმდინარობდა, რომ უცებ ცაში თვითმფრინავი გამოჩნდა.

- თბილისი-ბადენ-ბადენი, - შესძახეს მომიტინგეებმა და ყველამ ცაში დაიწყო ყურება.

- რამდენი ტრუსიკი გამოიცვალე? - დაიყვირა ერთ-ერთმა მომიტინგემ.

ასეთი მხიარული შეძახილებისა და მიტინგის მსვლელობის ფონზე, ოპოზიციის ლიდერები ისევ გამოჩნდნენ. სააკაშვილმა მათ განუცხადა, ნაწილმა პარლამენტის შენობის წინ გადავინაცვლოთ, ნაწილი კი აქ დარჩესო. პარლამენტში კი ამასობაში შევარდნაძე სიტყვით გამოდიოდა თურმე...

მომიტინგეების ნაწილი ინგოროყვას ქუჩით პარლამენტისკენ დაძრა. პოლიციამ მომიტინგეებს აქაც გაუხსნა გზა, რასაც ისევ მოჰყვა ოვაციები და პოლიციელების ხვევნა-კოცნა. ამასობაში გია შერვაშიძეც გამოჩნდა. გია, გია, გია/ - სკანდირებდა ხალხი.

ხალხი პარლამენტის შენობას მიადგა და ლიდერების გამოჩენას დაელოდა. იქვე ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძეც გამოჩნდა, რომელიც თვითონ ცდილობდა დერეფნის გაკეთებას ლიდერების გამოსაყვანად. უცებ ფანჯარაზე მიხეილ სააკაშვილი ახტა. იგი ხალხს რაღაცას ეუბნებოდა ("ახალი თაობა" მისგან მოშორებით იდგა). უცებ პარლამენტის კარი გაიღო და ზოგიერთები შიგ შეცვივდნენ. "ნუ შედიხართ, გამოდით/" - მოუწოდებდნენ მათ. მაგრამ მოხდა პირიქით, ახლა მეორე კარიც გაიღო, ხალხმაც იხუვლა და პარლამენტში შეცვივდა. შესულები ერთმანეთს აფრთხილებდნენ, ხელი არაფერს ვახლოთ და მშვიდობიანად ვიმოქმედოთო. ისინი მალე შენობის შუაგულში აღმოჩნდნენ და "აღორძინების" მიტინგისკენ ყიჟინით დაიძრნენ...

ნინო ბურჯანაძე კიბეებიდან ხალხს მოუწოდებდა, შენობა დაეტოვებინათ და მიტინგზე გასულიყვნენ. "გილოცავთ, ქალბატონო ნინო/" - ულოცავდა ხალხი და ხელზე ეამბორებოდა.