ეთერ ბალაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 2

 

 

ხელისუფლებამ უნდა აღიაროს დამარცხება!

გუშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაიმართა.

სანამ დაიწყებოდა გრანდიოზული მიტინგი, მანამდე ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქს აბაშიძის დიქტატურა ემუქრება.

- ჩვენ, მთელმა საქართველომ, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ ყველა ქალაქისა თუ სოფლის გათავისუფლება ამ რეჟიმისაგან. 1999 წლის არჩევნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ თბილისისა და ბათუმის რეჟიმები ცდილობენ გააგრძელონ მართვა-გამგეობა. შევარდნაძე შეჰპირდა აბაშიძეს, მისცეს მას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები. მორჩა მაჯლაჯუნა პოლიტიკოსების ეპოქა საქართველოში. იმის ნაცვლად, რომ გავათავისუფლოთ აჭარა აბაშიძის რეჟიმისაგან, ახლა იმ რეჟიმის თბილისში გადმოტანა სურთ. ვერ ეღირსებიან! შევარდნაძე გვეუბნება, შევარდნაძე-აბაშიძე ერთად ვართო. მართალია, ისინი ერთად გაღმა-გამოღმა ყვლეფდნენ ქვეყანას. ინტელიგენციის დიდი ნაწილი აბაშიძის ნასუფრალით იკვებებოდა. დღეს ინტელიგენციის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ სირცხვილია, აბაშიძის ან შევარდნაძის ნასუფრალით იკვებებოდნენ. ადრე ჩვენ გვატყუებდნენ, ვისაც არ მოგწონთ აბაშიძესთან, იყავით შევარდნაძესთანო და პირიქით. დღეს შეშინებული შევარდნაძე ამბობდა, თუ ვარ შეშინებული, მითხარითო. დიახ, ბატონო ედუარდ, თქვენ ხართ შეშინებული. შე კაი კაცო, თუ გაიაზრე, რომ გელოდება ჩაუშესკუს ან სხვა დიქტატორის როლი, მაშინ გადადექი და აღიარე, რომ ხარ ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი ხელისუფალი. აქვეა მუზეუმი, ქვის ხანისაც, გვიანი საუკუნეებისაც და მიბრძანდეს რომელიმე განყოფილებაში. ყველა ოჯახში ელოდებიან საქართველოს გათავისუფლებას შევარდნაძისაგან.

- შევარდნაძეს არ სურს ჩაუშესკუს ბედის გაზიარება და აცხადებს, თუ იქნება 2 მილიონი მოსახლეობის ნება, მაშინ გადავდგებიო. არის ამის ნება, მაგრამ შევარდნაძე მაინც არ მიდის, - გულდაწყვეტით ამბობს ბერძენიშვილი. მან კვლავ გაიმეორა თავისი უკვდავი ლოზუნგები: "საქართველო აბაშიძის გარეშე, საქართველო შევარდნაძის გარეშე!"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა ქუჩის ოპოზიციაში მყოფი ზურაბ ჟვანია მიმართავს მომიტინგეებს:

- არ ვაპირებთ უკან დახევას მანამ, სანამ საქართველოს ყველა ქალაქში, თბილისის ყველა უბანში არ ვიზეიმებთ შევარდნაძის გადადგომას. ვინ ხართ თქვენ და რამ გამოგიყვანათ თბილისის ქუჩებში? ხალხი არ გამოსულა მაშინ, როცა არ ჰქონდა პენსია, ხელფასი, მაგრამ თქვენ გაქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება. თქვენ ხართ თავისუფლების გუშაგები და მერძოლები საქართველოში. ედუარდ შევარდნაძე დიალოგისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ, ამასთანავე, ის უმნიშვნელო დათმობებზე საუბრობს. თურმე არჩევნები შემდგარა საქართველოში, თურმე მის მიერ დანიშნული პარლამენტი უნდა შეიკრიბოს ამ შენობაში და 22 ნოემბერს იმ პარლამენტმა გარიგების საფუძველზე, რაც დადო შევარდნაძემ აბაშიძესთან, უნდა აირჩიოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, სავარაუდოდ, იქნება ასლან აბაშიძე ან გოგიტიძე. დიალოგს, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, ჩვენ უარს ვუცხადებთ. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს დამარცხება არჩევნებში. გპირდებით, რომ ვერ შეიკრიბება პარლამენტი, რომელიც ხალხს არ აურჩევია. ვიდგებით მტკიცედ მშვიდობიან აქციაზე, სანამ ხელისუფლება არ გადადგება.

მიშა სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს პრეზიდენტს და აძლევს მას დროს, რათა ჩამოვიდეს ხალხთან სალაპარაკოდ.

- პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის მზად არის საკუთარ ხალხთან დიალოგისთვის და არასდროს შეშინებია ხალხის თვალებში ჩახედვის. ბოლო დროს ის ხვდება ჰოლანდიურ ძროხებს და ასლან აბაშიძის თხებს გონიოში. ბათუმში ჩამოიყვანეს საგანგებოდ ხულოდან ხალხი, რომლებმაც განაცხადეს, ეს არის ჩვენი პრეზიდენტიო. მე მას ვეუბნები პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან: თუ თქვენ მართლა გულადი და გამბედავი ხართ, გამოდით მეთერთმეტე სართულის დაჯავშნული კაბინეტიდან. გაძლევთ

გარანტიას, რომ არავინ ხელით არ შეგეხებათ, ფიზიკურ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, არ ჩაგქოლავთ. თუ მათლა გამბედავი ხართ, მოდით, თვალებში ჩახედეთ ქართველ ხალხს, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. ერთ საათს ვაძლევ პრეზიდენტს, გამოვიდეს იმ ხალხთან, რომელიც ასე დაამცირა და სულში ჩააფურთხა. თუ ის არ მოვა ჩვენთან, მაშინ აღარც პრეზიდენტია და აღარც მოქალაქე.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ ჩამორჩა თანამებრძოლებს და ასევე გააკეთა მიმართვა პრეზიდენტისადმი:

- საქართველოს პრეზიდენტს თითოეულმა მოქალაქემ დაანახვა დღეს, რომ მზად არის, დაიცვა საკუთარი უფლებები, რომ არ აპატიებს მასხარად აგდებასა და დამცირებას. დღემდე ადამიანები ელოდნენ, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსებოდა, დაბრუნდებოდა აფხაზეთი, სამაჩაბლო, ელოდნენ ხელფასს, პენსიას. თქვენ არ მოითმენთ იმ უმსგავსობას, რომელიც თავს მოგვახვია ხელისუფლებამ. თქვენ დაადასტურეთ, რომ არ აპატიებთ არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს, რომ ქვეყანას დანიშნული პარლამენტი მართავდეს, ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლება არ უსმენდეს თავის ხალხს. ხელისუფლებას აღარ ჰყავს მხარდამჭერები საქართველოში. არ შესრულდა ბოლო პირობა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა. ხელისუფლებამ არჩევანი წაგართვათ, მაგრამ შეინარჩუნა საკუთარი კეთილდღეობა. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. საქართველოს პარლამენტის წინ წყდება საქართველოს ბედი. მოგიწოდებთ, რომ ვიდგეთ აქ მტკიცედ და ჩვენი პროტესტის ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან.

ასეთი პათეტიკური იყო ბურჯანაძის საკმაოდ ემოციური გამოსვლა. ამ დროს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 25 ათასი კაცი პრეზიდენტ შევარდნაძეს ელოდა. როცა ლოდინის დრო დასრულდა, დაიწყო შეძახილები: გადადექი, გადადექი! მერე ნაციონალთა ლიდერი მიშა სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არაფრად ჩააგდო პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი. ამის შემდეგ მიშა სააკაშვილის მოწოდებით მომიტინგეებმა უნივერმაღ "თბილისთან" გადაინაცვლეს, იქ, სადაც კანცელარიის კიბეებია, სტვენითა და შეძახილებით: გადადექი, გადადექი, მოღალატე, იუდა! არსაიდან ხმა, არსით ძახილი, პრეზიდენტი არ გამოხმაურებია მომიტინგეების არც ერთ თხოვნას, შეძახილს, არც მოწვევას მიტინგზე. იმედდაკარგული მომიტინგეების ნაწილი საღამოს 7 საათისთვის სააკაშვილის თანხლებით ცსკ-ის შენობისაკენ დაიძრა, ხოლო ნაწილი, ბურჯანაძე-ჟვანიასთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ დარჩა და გააგრძელა აქცია.