სოფო ბუკია

,,24 საათი”.  2003წ. 15 ნოემბერი. გვ. A6.

 

 

,,ყოჩაღ გია!”

 

სამიოდე დღის წინ რუსთაველის გამზირზე წვიმაში მდგარ ათასობით ადამიანს მიხეილ სააკაშვილმა ,,სასიხარულო ინფორმაცია” მიაწოდა. ,,მე საუბარი მქონდა გია ყარყარაშვილთან. იგი მზადაა, დადებითი როლი შეასრულოს დღევანდელ სიტუაციაში, იგი არ აპირებს ხალხის წინააღმდეგ წასვლას”. სააკაშვილის მიერ მიწოდებულ ამ ინფორმაციას ხალხი მართლაც დიდი სიხარულით და აპლოდისმენტებით შეხვდა. ,,ყოჩაღ გია!” – ისმოდა შეძახილები. იმ დღეს ყველა საინფორმაციო საშუალება გია ყარყარაშვილის კომენტარს გადასცემდა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავდა, რომ ,,ხალხი ყოველთვი მართალია”.

 

გუშინ დილით პრეზიდენტმა შევარდნაძემ საგანგებოდ გამართულ მიტინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების წინააღმდეგ გამოდინ სამოქალაქო ომის ვეტერანები, რომელთაც გია ყარყარაშვილი უდგას სათავეში. ,,გიამ და მისმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ომი და დაპირისპირება,” – განაცხადა შევარდნაძემ გუშინ, დილის თერთმეტის ნახევარზე.

 

დღის სამი საათისთვის გენერალი გია ყარყარაშილი ,,სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარეს მდგომ ქართველ ომის ვეტერანებს” თავს უყრის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და, ,,შუამავლის” სტატუსით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას. ,,ამ ყრილობის ჩატარება ჩვენ გუშინ გვიან ღამით გადავწყვიტეთ. ამდენად, ნაკლებად ორგანიზებულები ვართ” – ბოდიშს იხდის ყარყარაშვილი შეხვედრის დასაწყისშივე.

 

ფილარმონიაში შეკრებილ მეომართა შორის გამოჩნდნენ ,,აღორძინების” სახე ცოტნე ბაკურია, ,,მრეწველი” ლევან პირველი, ნაძალადევის რაიონის ახლადგამომცხვარი მაჟორიტარი სახელისუფლებო ბლოკიდან მერაბ სამადაშვილი... (სად, როდის, ვის წინააღმდეგ, ან ვის სასარგებლოდ იომეს ამ სუბიექტებმა, ძნელი სათქმელია). ყოფილი მეომრები ავრცელებენ მიმართვას საზოგადოებისადმი, სადაც აღნიშნავენ, ,,ქართველი ომის ვეტერანები მივმართავთ ორივე დაპირისპირებულ მხარეს: მიგვიჩნიეთ თქვენს შუა ჩამდგარ, მიუკერძოებელ რეალურ ძალად, რომელსაც ბრძოლაში გამოტარებული სიყვარული ასაზრდოებს. უახლოესი ისტორიის მწარე გაკვეთილებს ჩვენ არავის გავამეორებინებთ. თუ რომელიმე დაპირისპირებული მხარე ფეხქვეშ გათელავს საქართველოს კონსტიტუციას და თავისი გაუმართლებელი მოქმედებით კანონიერების საზღვრებს გადასცდება, ახსოვდეს, მისი პირველი სამიზნე ჩვენ, ქართველი ომის ვეტერანები ვიქნებით. მაგრამ, ისიც გაითვალისწინონ, რომ ამ შემთხვევაში მრავალჭირგამოვლილი მეომრები პასიურ მჭვრეტელებად ვერ დავრჩებით. ქვეყნის დამღუპველი ნებისმიერი ქმედება  ჩვენს მიერ აუცილებლად აილაგმება. ასე რომ, იცოდეს ყველამ – მოლაპარაკებებს არავითარი ალტერნატივა არ მოეპოვება, სამშვიდობო მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ძირეული სასიკეთო ცვლილებების წინაპრად უნდა იქცეს. 14 ნოემბერი მასშტაბური დაპირისპირების დღედ იქნა გამოცხადებული. 14 ნოემბერს ჩვენ, ქართველი ომის ვეტერანები, ურთიერთდაახლოების, სამოქალაქო მშვიდობის დღედ ვაცხადებთ და ხალხს თანადგომისკენ მოვუწოდებთ.”

 

ამ მიმართვეს გაცნობის სემდეგ, სიტყვა გადაეცა გია ყარყარაშვილს, რომელმაც ,,მიუკერძოებლად მიმოიხილა” შექმნილი ვითარება და აღნიშნა, რომ ,,ამ ქვეყანაში ყველას ჰყავს მხარდამჭერი”, რომ ,,მან მართლა იცის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მოსწონთ ხელისუფლება”, რომ ,,ზოგს მოსწონს აჭარის ლიდერი”, რომ ყველას აზრს ,,ჩვენ პატივი უნდა ვცეთ”, დაბოლოს, ის ხალხი, ვინც დრეს რუსთაველის გამზირზე დგას, ,,ხომ არ ფიქრობთ, რომ მართლა არჩევანის უფლებას იცავს?!” – იკითხა გია ყარყარაშვილმა.

 

შემდეგ ბატონმა გიამ მომხრეებს უთხრა, რომ ,,ყოველი დღე ამ დაპირისპირებისა გვაშორებს აფხაზეთთან”. არადა, რა ახლოს ვიყავით, არა? რომ არა ის ათასობით ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო სველდება და იყინება, ვინ იცის, უკვე მდინარე ფსოუსთანაც ვყოფილიყავით... კიდევ, ბატონმა ყარყარაშვილმა დასძინა, რომ ამ აქციების გამო მკვეთრად გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური და კრიმინალური მდგომარეობა.

 

შემდეგ მან აღნიშნა, რომ ,,მიტინგზე ხალხის მოყვანა ადვილია”, რომ გაცილებით დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარ მხარდამჭერებს კომპრომისი შესთავაზო. ამგვარ კომპრომისს ყარყარაშვილი, ცხადია, ოპოზიციისაგან ელოდება. ,,არც ერთი ოილიტიკური მიზანი არ ღირს იმ სისხლის ფასად, რომელიც ამ ყვეყანამ უკვე ნახა,”- დაასრულა საკუთარი გამოსვლა გენერალმა ყარყარაშვილმა და აპლოდისმენტებითაც დაჯილდოვდა.

 

გუშინ ფილარმონიის ტრიბუნიდან ,,სამშვიდობო მისიას”  ასრულებდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანი ჯანრი უბირია, ,,ტყის ძმების” ლიდერი დათო შენგელია, სახელისუფლებო ბლოკის წევრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დილარ ხაბულიანი. ირაკლი ბათიაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შენობასთან მომიტინგე ,,საკუთარ ხალხს” შეუარა, ყარყარაშვილის მიერ  დასმული კითხვა კიდევ ერთხელ გაიმეორა: ,,ვინმეს სჯერა, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ საკუთარი ხმის დასაცავად?”

 

დათო შენგელიას გამოსვლიდან რაც გავიგეთ, ესაა: ,,ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება აფეთქდეს სიტუაცია... მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დაჯდნენ მაგიდაზე და მოილაპარაკონ,” – დაარიგა შენგელიამ ოპოზიცია.

 

,,მშვიდობის მტრედობანას” თამაში, რომელიც გუშინ ყარყარაშვილმა წამოიწყო, ,,მეომარ” ბაკურიასა და ,,მეომარ” პირველის დარბაზში გამოჩენისთანავე გაქარწყლდა. ამას კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას დარბაზიდან სტვენით გაძევებაც დაემატა ხაინდრავას გამოსვლას ,,ცივი შხაპის” ეფექტი ჰქონდა გუშინდელ შეკრებაზე, თუმცა შხაპის მიღება გუშინ არავინ ისურვა. ,,წადი აქედან!”  - ეს სეძახილები დარბაზიდან მაშინ გაისმა, როცა ხაინდრავამ ყარყარაშვილისა და ბათიაშვილისაგან საკმაოდ განსხვავებული კითხვა დასვა: ,,2 ნოემბერს ჩვენ იმ სიყალბის კულმინაცია ვნახეთ, რომელშიც 12 წელია ვცხოვრობთ. თუ ჩვენ ობიექტურები არ ვიქნებით, ჩვენ დავკარგავთ ავტორიტეტს... მინდა ვთხოვო გიას და ირაკლი ბათიაშვილს: შემომხედეთ თვალებში და მითხარით, ეს ხელისუფლება ჩვენგან დაცვის ღირსია? პირველივე განსხვავებული აზრი დარბაზში მსხდომმა ,,მშვიდობის მტრედებმა”, რომლებიც, ჩვენ, საზოგადოებას, გვთხოვენ ,,მივიჩნიოთ ისინი მიუკერძოებელ რეალურ ზალად”, სტვენით ჩაახშეს.

 

,,არა, ძმებო, თქვენ აქ ობიექტურობის დაცვამ, მიუკერძოებლობამ და სიმართლემ არ გაგაერთიანათ,” – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ დარბაზის დატოვებისას.