|
ზაზა ბაკაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 8 ნოემბერი. გვ. 2.
ზუგდიდში სააკაშვილის ხალხი დაჭრეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ახლა უკვე არჩევნების შემდეგ ჩადის და მეგრელებს საკუთარი ხმების დაცვისაკენ მოუწოდებს. დღევანდელი აქციის წინ ეს იყო სააკაშვილის მორიგი გაბრძოლება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. სააკაშვილმა გუშინ ზუგდიდში მიტინგი ისევ გამართა, თუმცა მას ამჯერად იარაღით დაუპირისპირდნენ. მაშინ, როცა სააკაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო ხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, მოულოდნელად შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი გამოჩნდა და სროლა ატეხეს. ამ ფაქტის შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით, თავად მიხეილ სააკაშვილმა "ახალ თაობას" განუცხადა, რომ შეიარაღებული პირები არა ტყეში გახიზნული ზვიადისტები, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების სპეცნაზის წარმომადგენლები იყვნენ. მათ მიერ გასროლილი ტყვიები ნაციონალური მოძრაობის ორ წევრს მკერდში მოხვდა და ისინი, საბედნიეროდ, სასწაულით გადარჩნენ. თავდაპირველად შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენს, რომ იგი ზუგდიდში არ შემოსულიყო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ულტიმატუმი არ მიიღო და თავისი ჩანაფიქრი მაინც განახორციელა. ზუგდიდელები მას ოვაციებით შეეგებნენ. მომხდართან დაკავშირებით ზუგდიდში დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა გურამ აბსანძემ განაცხადა, რომ ისედაც დაძაბულ ზუგდიდში სიტუაციის ზედმეტად დაძაბვა დაუშვებელია, გოჩა ფიფიამ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: - რატომღაც ყველას სურს, ზუგდიდიდან დაიწყოს სისხლისღვრა, განსაკუთრებით კი იმ ძალებს, ვინც არჩევნები წააგო. ზუგდიდში ძალიან სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. ასეთი არჩევნები ზვიად გამსახურდიას დროსაც კი არ ჩატარებულა. შეეგუონ, რომ ეროვნული მოძრაობა ახალ ფაზაში შედის. ზვიად გამსახურდია დღეს რომ ცოცხალი იყოს, ამ მოძრაობას სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში. ყველამ, ვინც სამეგრელოში ჩადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ ზუგდიდში უამრავი იარაღია და იქ სიტუაცია მოუწესრიგებელია. ნებისმიერ პოლიტიკოსს სამეგრელოში ჩასვლის უფლება აქვს, მაგრამ წაგებული პარტიები პროვოკაციებს არ უნდა აწყობდნენ. |