|
სოფიკო ჩხაიძე,,24 საათი”. 2003წ. 15 ნოემბერი. გვ. A7. ზუგდიდის ინციდენტი – ვითომ შურისძიება?შინაგან საქმეთა სამინისტროში კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ 7 ნოემბერს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ირიბად მაინც უკავშირდება ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. ქვეყანაში მეტად დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ამას თვით შინაგან საქმეთა მინისტრი ახმაურებს და ზუგდიდში მშვიდობიან მომიტინგეებზე შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილის დაპატიმრებას სპეციალურ მიტინგს უძღვნის. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის სპეციალური განცხადების მოსასმენად ბრიფინგზე მისულ მრავალრიცხოვან ჟურნალისტებს კობა ნარჩემაშვილმა ზურგი შეაქცია და ზუგდიდის ინციდენტში ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ ცნობის წაკითხვის შემდეგ საკუთარ კაბინეტში შებრუნდა. ასე აიცილა მან იმ არაერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მასშტაბური მშვიდობიანი აქციების პირობებში პოლიციის სამოქმედო გეგმის შესახებ შეიზლებოდა დასმულიყო.
ჩვეულებრივ სიტუაციაში ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის მზად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოიფარგლა, რომ 7 ნოემბერს ზუგდიდში ამტყდარი სროლის მონაწილე, დაკავებული ედუარდ თორდია ის ადამიანია, რომელიც 23 ოქტომბერს ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას მისი დაცვის წევრებმა სცემეს. ,,სააკაშვილზე შურისძიება” – ასეთი გახლავთ ნაციონალების გულშემატკივარ, მშვიდობიან ადამიანებზერამდენიმე ნიღბიანი, შეიარარებული ბოროტმოქმედის თავდასხმის, ავტომატებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად რამდენიმე ადამიანის დაჭრის და ასეულობით მომიტინგის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ოფიციალური მოტივი, რომელსაც ნიშნის მოგებით ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრისთვის ინცინდენტის თუნდაც ირიბი კავშირი მიხეილ სააკაშვილის სახელტან იმდენად არის სასიამოვნო, რომ ნაციონალების ლიდერმა ზუგდიდში ატეხილ სროლაში, როგორც ცნობილია, სწორედ პოლიცია, კერძოდ კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის ხელმძღვანელობით მოქმედი ადგილობრივი პოლიციელები დაადანაშაულა.
,,მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო პროვოკაცია დაინტერესებული პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამჯერად ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ეწერში მცხოვრები ედუარდ თორდია, რომელმაც აღიარა, რომ სხვა პირებთან ერთად მოაწყო აღნიშნული ფაქტი, იმ მოტივაციით, რომ 23 ოქტომბერს სააკაშვილის დაცვამ იგი სცემა, რადგანაც მიიჩნია, რომ იგი თავდასხმის განხორციელებას აპირებდა, - ამბობს ნარჩემაშვილი, - სინამდვილეში იგი მართავდა მანქანას, რომელშიც ისხდნენ მე-9 არხის კორესპონდენტი და მისი მეუღლე. როგორც თორდიამ განაცხადა ჩვენებაში, მან, უდანაშაულოდ შეურაცხოფილმა, შურისძიება გადაწყვიტა”. მინისტრის თქმით, თორდია უკვე ამოცნობილია. სხვათა შორის, იგი სწორედ ის ნიღბიანი გახლავთ, რომელსაც, ავტომატით შეიარაღებულს, ერთ-ერთი მომიტინგე ქალბატონი უშიშრად მივარდა და ნიღაბი ჩამოჰგლიჯა. თორდიასგან უკვე ამოღებულია ავტოამტური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც ნასროლი მასრები იმ მასრებს შეესაბამება, რომელიც ამოღებულია დანაშაულის ადგილიდან. გარდა ამისა, პოლიციისთვის ცნობილია, ინციდენტის მომაწილე სხვა პირთა ვინაობაც და ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მათ დასაკავებლად. დაბოლოს, შეკითხვა, რომლის დასმაც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის არ მოხერხდა: როგორც ცნობილია, 7 ნოემბერს, ზუგდიდში, რამდენიმე შეიარაღებული, ნიღბიანი პირი სრულიად თავისუფლად შეიჭრა იმ მომიტინგეებს შორის, რომლებსაც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მრავლად ერტყნენ გარს. ცნობილია ისიც, რომ ამ საქმის გამოძიებისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ასრულებდა. საინტერესოა, თუ არის ამ ვიდეომასალაში ასახული, როგორ აარიდეს თავი პოლიციელებმა მიტინგზე თავდამსხმელებს და რა კომენტარს გაუკეთებს ამას შინაგან საქმეთა მინისტრი. |