|
|
|
სამოქალაქო განათლება – ისტორია
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები : სტრატეგიის განაცხადი
ნოდია,
გია.
1.3. სამოქალაქო საზოგადოების ცნების დეფინიცია
ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება“ სხვადასხვაგვარად შეიძლება
გავიგოთ. ჩვენს სიტყვათხმარებაში ეს ტერმინი ხშირად უიგივდება
არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლიობას. ეს მისი ყველაზე უფრო
ვიწრო გაგებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 1990-იანი წლებიდან
გავრცელდა. პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში მიღებულია უფრო ფართე
განსაზღვრება, რომელიც უკავშირდება ამ ცნების წარმოშობას კლასიკურ
ლიბერალურ თეორიაში ისეთ მოაზროვნეებთან, როგორებიც არიან ჯონ ლოკი
თუ ადამ ფერგიუსონი. ამ განსაკუთრებით ზოგადი ფორმით სამოქალაქო
საზოგადოება განსხვავდება „ბუნებითი საზოგადოებისაგან“, სადაც
ადამიანები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ.
საზოგადოების „სამოქალაქო“ ხასიათი ამ გაგებით უკავშირდება იმ
შეზღუდვებს, რომლებსაც ადამიანები ნებაყოფლობით უწესებენ თავს,
რათა მათი ცხოვრება უფრო უსაფრთხო და პროდუქტიული, მოუთოკავი
ძალადობისაგან თავისუფალი, სხვა სიტყვებით, ცივილიზებული იყოს
(ინგლისური ტერმინი civil society ნათლად აჩვენებს მის შინაარსში
„civil society“-სა და „ცივილიზებულობასთან“ კავშირს). ამ აზრით,
სამოქალაქო საზოგადოების ცნება ახლოს დგას ლიბერალური სახელმწიფოს
ცნებასთან, რომელიც „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“, ანუ ადამიანთა
ნებაყოფლობითი შეთანხმების პრინციპზეა აგებული. დღეს ეს ტერმინი ამ
გაგებით აღარ იხმარება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა,
რომ ის იმთავითვე დაუკავშირდა ლიბერალურ მსოფლმხედველობას და ეს
კავშირი არასოდეს დაუკარგავს. ლიბერალური მსოფლმხედველობის
ძირითადი არსი კი ისაა, რომ ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება (მათ
შორის სახელმწიფო) იმდენადაა კანონიერი, რამდენადაც ის
ნებაყოფლობითია ანუ თვით ადამიანთა სურვილს ემყარება. სამოქალაქო
საზოგადოების ზოგადი პრინციპიც ადამიანთა ნებაყოფლობითი
გაერთიანებაა.
დღეს სამოქალაქო საზოგადოების ცნებაში უფრო ხშირად მოიაზრებენ
სოციალური ურთიერთობის და აქტივობის იმ ფორმებს, რომლებიც არ
ხვდება ოჯახის, ბიზნესის და სახელმწიფოს სფეროებში. სამოქალაქო
საზოგადოება არ თავსდება ოჯახის სფეროში, რადგან ოჯახი პიროვნულ და
ბუნებით კავშირებს ეყრდნობა. სამოქალაქო საზოგადოება საჯარო
სივრცეშია, ანუ ის სცდება ახლობლურ-პიროვნული ურთიერთობის
საზღვრებს. მეორე მხრივ, ამ საჯარო სივრცეშიც მას მიჯნავენ
სოციალური ურთიერთობისა და აქტივობის ორი სფეროსგან, რაც
თავდაპირველ, ლოკისეულ განსაზღვრებაში მოხვდებოდა: ეს არის
სახელმწიფო, ანუ იმ ინსტიტუტთა ერთობლიობა, რომლებიც სახელმწიფო
ძალაუფლებას ახორციელებს, და სამეწარმეო სფერო (ბიზნესი), სადაც
ადამიანები მოგების მიღების მიზნით ერთიანდებიან.
მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული
გამიჯვნა ამ ორი სფეროსაგან საკმაოდ რთულია: რჩება მნიშვნელოვანი
გადაკვეთის სფეროები. სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო
ძალაუფლებას ერთმანეთთან აკავშირებს პოლიტიკური პარტიები: ეს
ორგანიზაციები იქმნება იმისათვის, რომ ადამიანთა გარკვეული
გაერთიანება სახელმწიფო ძალაუფლების ბერკეტებს დაეუფლოს, მაგრამ
თავისი ბუნებით პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებია. ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გადაკვეთაზე
არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, როგორიცაა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ანუ მედია. მედია, როგორც წესი,
მოგებაზეა ორიენტირებული, ანუ ბიზნესია. მაგრამ ყველაზე მეტად
სწორედ მედიის მეშვეობით ხდება საზოგადოებრივი ინტერესებისა და
ღირებულებების არტიკულირება და გავრცელება, მათ გარშემო
საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაცია ანუ ის, რაც სამოქალაქო
საზოგადოების გულისგულია. ამიტომ, მედიას ხშირად მაინც სამოქალაქო
საზოგადოების ნაწილადაც მოიაზრებენ.
არსებობს სხვა საზოგადოებრივი მოქმედი პირები, რომლებიც ფორმალურად
სამოქალაქო საზოგადოების ფართე ცნებაში ხვდებიან, მაგრამ მის
შიგნით განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ასეთია, მაგალითად,
რელიგიურ რწმენაზე დამყარებული, კონფესიური ორგანიზაციები თუ
ეკლესიები. მათი განსაკუთრებულობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ
თავად ისინი შეიძლება ენთუზიაზმით არ შეხვდნენ სამოქალაქო
საზოგადოების სისტემაში მათ მოაზრებას. სამოქალაქო საზოგადოების
ცნება, როგორც აღვნიშნეთ, ლიბერალური ტრადიციიდან მოდის, რომლის
მიმართ ზოგიერთ რელიგიურ ორგანიზაციას შეიძლება გაორებული ან სულაც
ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს. სამოქალაქო საზოგადოების
სისტემაში ერთგვარად განზე დგას პროფკავშირებიც: ეს არის
დაქირავებულ მუშაკთა ეკონომიკური ინტერესების გამომხატველი
ორგანიზაციები. ისინი, ჩვეულებრივ, გამოდიან, როგორც ბიზნესის (ან,
თუ დამქირავებელი სახელმწიფოა, სახელწიფოს) ოპონენტები, ამიტომ
მათი ინტერესები მათ სწორედ ბიზნესის თუ სახელმწიფოს სფეროსთან
აბამს. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ცნებაში შედის
სხვადასხვა სახის კერძო გაერთიანება, რომელიც მხოლოდ მისი წევრების
ინტერესების გარშემო არსებობს და შეიძლება არ ცდილობდეს რაიმე
გავლენის მოხდენას საზოგადოებრივ გარემოზე: ასეთია, მაგალითად,
სხვადასხვა კლუბი ინტერესების მიხედვით. ეს არ ნიშნავს, რომ ამ
აბზაცში ჩამოთვლილი საზოგადოებრივი მოქმედი პირები თავს არ
იაზრებდნენ ფართედ გაგებული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილებად და
ურთიერთობაში არ შედიოდნენ მასთან მაგრამ ეს არ არის აუცილებელი
მათი ფუნქციონირებისათვის.
სამოქალაქო საზოგადოების ცნების შემოსასაზღვრელად მნიშვნელოვანია
ღირებულებითი განზომილებაც. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ცნების
აღმოცენება ლიბერალურ მსოფლმხედველობას უკავშირდება, ადამიანები
შეიძლება ნებაყოფლობით გაერთიანდნენ სრულიად არალიბერალური
მიზნებისა თუ ღირებულებების გარშემოც. შეიძლება თუ არა, ვთქვათ,
ფაშისტური, ულტრამემარცხენე, რელიგიურ-ფუნდამენალისტური,
ძალადობაზე ორიენტირებული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების ცნებაში
შემოვიყვანოთ? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი
ავტორი ხმარობს ცნებას „არასამოქალაქო საზოგადოება“ ისეთი
გაერთიანებების აღსანიშნავად, რომლებიც სამოქალაქო ანუ ლიბერალურ
ღირებულებებს უპირისპირდება. ასეთი გამიჯვნა სრულიად ბუნებრივი
ჩანს, მაგრამის მთელ რიგ პრაქტიკულ პრობლემებს ქმნის.
არალიბერალური გაერთიანებებიც სამოქალაქო საზოგადოების ველში
არსებობენ და ხშირად სრულიად აკმაყოფილებენ სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციის ფორმალურ მოთხოვნებს. მეტიც, მათი
საქმიანობის დიდი ნაწილი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ლიბერალური
ორიენტაციის ორგანიზაციების საქმიანობას. მაგალითად, რასისტული
ამერიკული ორგანიზაცია კუ-კლუქს-კლანი, ან დღევანდელი
ისლამურ-ტერორისტული ორგანიზაციები ჰეზბოლა ან ჰამასი, გარდა
ძალადობრივ-ტერორისტული აქტებისა, ცნობილი არიან ან იყვნენ
სოციალური საქმიანობით, რომლებიც საკმაოდ სასარგებლო იყო მათი
სამიზნე ჯგუფებისთვის. ეს მაინც ზღვრული შემთხვევებია: მაგრამ
კონკრეტულად სად უნდა გაივლოს ზღვარი „სამოქალაქო“ და
„არასამოქალაქო“ გაერთიანებებს შორის და ვინ უნდა გაავლოს ის? აქ
რომელიმე სოციალური ჯგუფის მიერ იდეოლოგიური ცენზურის
განხორციელების საფრთხეც ჩნდება.
ტერმინის დეფინიცია, საბოლოო ჯამში, პრაქტიკული საკითხია: რა
კონტექსტში ვხმარობთ ამ ტერმინს და რისთვის გვჭირდება ის?
პოლიტიკურ თეორიაში სამოქალაქო საზოგადოების ცნების მნიშვნელობა
ძირითადად იმით განისაზღვრება, რომ ის მდგრადი, გაწონასწორებული
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის საფუძველია. განვითარებული
სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიული სისტემა
კონსოლიდირებული, ფესვგადგმული ვერ იქნება. თუ ამ კონტექსტში
ვისაუბრებთ, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების ცნება ფართე აზრით უნდა
ვიხმაროთ, რადგან დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფუძე
სამოქალაქო საზოგადოების მთელი მრავალგვარობაა. ამ შემთხვევაში არ
იქნებოდა სწორი ზედმეტად მკაცრი ღირებულებითი შეზღუდვებიც: თუ
ორგანიზაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ლიბერალური
პლურალიზმის გარემოს (ასეთი კი, პრაქტიკულად, ძირითადად
ტერორისტული, ძალადობაზე ორიენტირებული ორგანიზაციებია) და
საზოგადოების რომელიმე ნაწილის ინტერესებს გამოხატავს, ის
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად უნდა ჩაითვალოს.
მაგრამ წინამდებარე ნაშრომი არ არის დემოკრატიის თეორიის ან
საქართველოში დემოკრატიის განვითარების ზოგადი საფუძვლების კვლევა.
ის მიმართულია გარკეული პრაქტიკული პრობლემების განხილვაზე და მათი
გადაწყვეტის გზების დასახვაზე. ძალზე ძნელია, ასეთი საერთო
პრობლემები ან გადაწყვეტის გზების სტრატეგია „სამოქალაქო
საზოგადოების“ ცნების მთელი მრავალფეროვნების მიმართ იყოს
განხილული. ამიტომ მსჯელობა ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო
გაერთიანებებზე, რომლებიც არაპოლიტიკურია (იმ აზრით, რომ პირდაპირ
არ მონაწილეობენ პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში), არ
ცდილობენ ეკონომიკური მოგების ნახვას მათი წევრებისათვის თუ
აქციონერებისთვის, და რომელთა მიზანია რაღაც საზოგადოებრივი
სარგებელის შექმნა ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთო-ეროვნულ დონეზე.
ამრიგად, ამ ნაშრომის ინტერესის ცენტრში არ იქნება მედია,
რელიგიური ორგანიზაციები ან პროფკავშირები. ვისაუბრებთ
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ბიზნეს ასოციაციებზე, სათემო
ორგანიზაციებზე. ამავე დროს, ვიგულისხმებთ, რომ ეს ორგანიზაციები,
არსებითად, ლიბერალური ორიენტაციისაა, მაგრამ სამოქალაქო სივრცეში
მათ სხვა ღირებულებების მქონე ჯგუფებთან ურთიერთობაც უწევთ.
ასეთი ორგანიზაციების მიმართ ჩვენ ვიხმართ ტერმინს „სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციები“ (სსო). ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ
მას შედარებით ბოლო წლებში გავრცელებულ ტერმინთან „არასამთავრობო
ორგანიზაცია“ (ან, ზეპირსიტყვიერებაში, „ენჯიო“) რადგან ეს ტერმინი
ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ნეგატიური ნიშნით გამოარჩევს: ისინი არ
არიან მთავრობა (ამ აზრით, არასამთავრობოა მოგებაზე ორიენტირებული
ბიზნეს ორგანიზაციებიც). გარდა ამისა, ეს ტერმინი ტრადიციულად
ნაკლებ მიეყენება სათემო ორგანიზაციებს ან ბიზნეს ასოციაციებს. |