დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოში
ამ ტიპის განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ინტერკულტურული დიალოგის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პრინციპების აღსრულების ხელის შეწყობა. ამისთვის 133 აუცილებელია, დაიგეგმოს და განხორცილდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც გაზრდის ცოდნის, შეგნების/გაცნობიერების დონეს, პერსონალურ და სოციალურ უნარებს, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს კონფლიქტის რისკს, ადამიანებს ასწავლის ერთმანეთის კულტურის დაფასებას, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფები ერთმანეთის ღირებულებებს პატივისცემით მოეკიდებიან, რაც ხელს შეუწყობს დიალოგს და საბოლოოდ გახდება უთანხმოების მოგვარების არაძალადობრივი საშუალება/გზა. საჭიროა, მომავალმა თაობამ ნათლად აღიქვას და დააფასოს დემოკრატიული მემკვიდრეობა და ისწავლოს, როგორ ისარგებლოს ამ მემკვიდრეობით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ, ისევე, როგორც ზოგადად განათლება, რაც მდგომარეობს ახალგაზრდა თაობის დახმარებასა და წახალისებაში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ აქტიურ, დემოკრატიის მომხრე და ერთგულ მოქალაქეებად, რაშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აღზრდის ინსტიტუტებს და, კერძოდ, მასწავლებელს, როგორც დემოკრატიულ ღირებულებათა მატარებელსა და გადამცემს მოსწავლეებში, რათა ისინი გახდნენ დემოკრატიული საზოგადოების აქტიური მოქალაქეები.
დემოკრატიული მოქალაქეობა არის უნარი, ხოლო უნარებს დაუფლება სჭირდება. განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის მიზნად ისახავს ადამიანების იმგვარი ცოდნით, შეგნებით, უნარებითა და დამოკიდებულებებით აღჭურვას, რაც დაეხმარება მათ თავიანთ თემებში ეფექტური როლის განხორციელებაში - იქნება ეს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის უჩვენებს მათ, თუ როგორ მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უფლებების, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შესახებ და ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ მათ შესწევთ უნარი, მოახდინონ ზეგავლენა და ცვლილებები.
„განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის“ გულისხმობს სწავლებას, წვრთნას, გავრცელებას, ინფორმირებას, პრაქტიკასა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მოსწავლეთა ცოდნით, უნარებითა და შეგნებით აღჭურვა, მათი დამოკიდებულებებისა და ქცევების ჩამოყალიბება, მათი გაძლიერება საზოგადოებაში მათივე დემოკრატიული უფლებებისა და მოვალეობების რეალიზებასა და დაცვაში, მრავალსახეობის დაფასება და დემოკრატიულ ცხოვრებაში აქტიური როლის შესრულება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.