|
ლევან ალექსიძე ,,24 საათი”. 2003 წ. 22 ნოემბერი. გვ. A3.
პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში
გუშინ დასრულდა ფარსი, პირობითი სახელწოდებით ,,საქართველოს პარლამენტის თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები”, იმ საკანონმდებლო ორგამოს არჩევნები, რომელიც მოწოდებულია, გამოხატოს ხალხის ნება. ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი სამი აქტისგან შედგებოდა: არჩევნებისთვის მზადება (ამომრჩეველთა ყალბი სიების შედგენა), არჩევნების ჩატარება (ათიათასობით ამომრჩევლისათვის მათი ძირითადი კონსტიტუციური უფლების – ხმის უფლების წართმევა) და კენჭისყრის შედეგების დათვლა (რომელიც თავდაპირველედ ხელსაყრელი მომენტის ლოდინში, ხოლო შემდეგ კი ბიულეტენებისა და ოქმების მასიურ გაყალბებაში გამოიხატა).
კენჭისყრის შედეგების დათვლამ ცხადყო ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი ერთი მუჭა პოლიტიკანებისა და საქართველოს ერთი რეგიონის დესპოტური მმართველობის სასარგებლოდ, რომლის ფსევდო ოპოზიციურობა ამ ბოლო ხანებში გამოაშკარავდა.
ის ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა, არაერთხელ დადასტურებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და დამკვირვებლების მიერ. პრეზიდენტი, როგორც მთლიანად კონსტიტუციის, უპირველეს ყოვლისა კი საქკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა საარჩევნო ხმის უფლების გარანტი, ვალდებული იყო არჩევნების ბათილობის მოთხოვნით მიემართა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, რადგან სწორედ პრეზიდენტის პოზიცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ცესკო-ზე.
მეგრამ პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია. მან დჭხუჭა თვალი საარჩევნო უბნებსა და მათ ზემდგომ ინსტანციებში დაფიქსირებულ უკანონობაზე, არაფრად ჩააგდო იმ ათიათასობით ამომრჩეველთა გულის წყრომა, რომელთაც უარი ეთქვათ საკუთარი ხმის უფლების განხორციელებაზე და მხარდაჭერისათვის აჭარის სეპარატისტულად განწყობილ ლიდერს მიმართა.
მომხდარ ფაქტს თავისთავად უნდა გამოეწვია დაუყოვნებელი და ადეჯვატური რეაქცია პრეზიდენტის მხრიდან. ამის სანაცვლოდ კი ის ,,რეგიონის შემდგომი გაძლიერების” მოწოდებით გამოვიდა. უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ,,პრეზიდენტთან” სტუმრობის შედეგად (სწორედ ასე ჟღერს ახლა ავტონომიის მეთაურის ტიტული ინგლისურ ენაზე), აჭარის ,,პრეზიდენტმა” ელვისუსწრაფესი ვიზიტებით მოინახულა ერევანი, ბაქო და მოსკოვი, რის შემდეგაც თბილისში გადმოსვეს დესანტი ავტონომიის ხელმძღვანელობის სრული პოლიტიკური სპექტრის შემადგენლობით. მათთან ერთად დედაქალაქში ჩამოიყვანეს მატარებლებსა და ავტობუსებში იძულებით ჩასმული საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც ,,აღორძინების” მიერ სამთავრობო ბლოკის მხარდაჭერით ორგანიზებული თავყრილობების მსხვერპლად იქცნენ.
არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ, სრულიად მოულოდნელად, კრიზისიდან დამოსვლის გზების მაძიებელთა და მრჩეველთა რიგებში აღმოჩნდა რუსეთი, რუსეთი, რომლის აქტიური მოღვაწეობის შედეგად დღეს საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.
ამავე დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ სრულიად იგნორირებულია იმ დასავლელი მეგობრების შეხედულებები და პოზიციები, ვინც წლების განმავლობაში ყოველგვარ ღონეს ხმარობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. სხვათა შორის, ვგულისხმობ არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფინანსურ მხარდაჭერასაც. პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე იმ ვაკხანბალიაზეც დახუჭა თვალი, სადაც ხშირად ჟღერს მუქარა გაერთიანებული ოპოზიციის, ბიზნესმენების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებეის მიმართ, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.
,,ჭეშმარიტი დემოკრატიისაკენ” მოწოდებები იმ რეგიონიდან ისმის, სადაც უკვე დიდი ხანია აღარაფრად აგდებენ სიტყვის თავისუფლებას, კომერციული საქმიანობის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს (მაგალითისათვის ისიც გამოგვადგება, თუ რა ბედი ეწიათ ასანიძესა და მშვენიერაძეს). არის სურვილი, მიმდინარე მოვლენები წარმოაჩინონ, როგორც ქართული საზოგადოების ორი ნაწილის ურთიერთდაპირისპირება, სინამდვილეში კი, სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის კამუფლაჟთან გვაქვს საქმე. ხდება ერთ მöჭა ერთგულ ქვეშევრდომთა და მათზე მატერიალურად დამოკიდებულ პირთა ასიათასობით, ვიმეორებ, საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან, ვინც შეურაცხყოფისა და დამცირებისგან ხმა აიმაღლა ერთადერთი მოთხოვნით – გაუქმდეს ე.წ. არჩევნების შედეგები და ჩატარდეს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც არ უხმობს გონიერებას, თუმცა, სახელმწიფო კანცელარიის კედლებშიც კი არსებობს განსხვავებული აზრი.
პრეზიდენტი არც დალოდებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამარცხვინო გადაწყვეტილებესთან უშუალოდ დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურათა დასრულებას, ისე დანიშნა ე.წ. პარლამენტის პირველი სხდომა; არც ის გაუთვალისწინებია, რას იტყვის საქართველოს უზენაესი სასამართლო. გულახდილად გეტყვით, ვთვლი, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა საკუთარი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დამტკიცების საკითხში. ამ ქმედებით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადააბიჯა კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს და კვლავაც დარჩა უკვე ნაცნობი ილუზიის ტყვეობაში - ,,ყველაფერი მოგვარდება”. თუმცა მისი პოზიცია - ,,არაფერი მესმის, არაფერს ვხედავ და მხოლოდ ვლაპარაკობ”, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგის მიზეზი გახდეს.
პრეზიდენტი არღვევს არა მარტო კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებსაც კი. კერძოდ, ევროპის კონვენციას ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შეახებ”, ოქმი #1, რომელიც ხელშემკვრელ მხარეთაგან მოითხოვს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას (საქართველომ მოახდინა ამ ოქმის რატიფიცირება). ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ოქმი #1; მუხლი 3;
,,ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული ხმის მიცემის გზით, იმგვარ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების წევრთა არჩევის დროს”.
სწორედ არჩევნების ჩატარების ამგვარ გზაზე მიუთითებდა ბეიკერი, რომელსაც შიშით გაემიჯნა, როგორც არსებული ხელისუფლება, ასევე ე.წ. ოპოზიცია, იმ მოტივით, თითქოსდა სათანადოდ არ იქნებოდა გათვალისწინებული იმ პოლიტიკურ პარტიათა და ბლოკთა ინტერესები, რომლებიც მოსახლეობის ვითომდა მხარდაჭერით სარგებლობდნენ. იგულისხმებოდა ოთხი წლის წინანდელი არჩევნების შედეგები. ამ პარტიების ოპოზიციურობის ხარისხი დღეს ნათლად გამოჩნდა საქართველოს პარლამენტის კედლებთან, არსებული ხელისუფლების გააფთრებულ მხარდაჭერაში. ნათელი გახდა ისიც, რისთვის იბრძოდა სახელისუფლებო ბლოკი და ე.წ. ოპოზიციური პარტია ,,აღორძინება”, როდესაც ცესკო-ში დღეავანდელი შემადგენლობის შეყვანას ცდილობდნენ. ბეიკერის გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება და ხმების დათვლა აბსოლუტურად სხვაგვარად მოხდებოდა, შესაბამისად, არ ექნებოდა ადგილი დაპირისპირებას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ამგვარად, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია დემოკრატიის ძირითადი მცნება - ,,ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები”, იმ დროს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მöხლი გვაუწყებს:
,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულია იმ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.
ამგვარად, სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ჭეშმარიტი გარანტი უნდა ყოფილიყო, რაც ლოგიკურად ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებასაც გულისხმობს, სხვა გზა აირჩია: დაარღვია როგორც კონსტიტუცია, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები. |