24 საათი. 2003წ. 22 დეკემბერი. გვ. 3.

  

 

შაშიაშვილის თხოვნა თეთრ გიორგის

,,თუ კახეთს მთელი არსებით არ გრძნობ, ქართული ყაიდის პოლიტიკოსი არ ხარ. თუ სტუდენტობის მაჯისცემას ვერ გრძნობ, პოლიტიკაში არ უნდა იყო. თუ ქართული სიწმინდეები ძალას არ გაძლევს, შეგიძლია გააკეთო დასკვნა, რომ ქართველი არა ხარ,” –ამ და სხვა ამაღლებული თემებისა და ლირიკული გადახვევების პარალელურად, იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, რომელმაც გუშინდელი ბრიფინგი კახეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უძღვნა, თავისი ოპონენტის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეც არ დავიწყებია.

           

,,დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, მინდა მივულოცო მას,” – ღიმილით აღნიშნა ყურადღებიანმა შაშიაშვილმა, თუმცა ,,სააკაშვილს მიზნების ასრულებას ვულოცავო”, არ დასცდენია.

           

კახეთში მოწყობილი საოჯახო წინასაარჩევნო ექსკურსია ბატონ შაშიაშვილისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ,,სასიხარულოა, რომ კახეთში ბედობა დღეს ვიყავი, კახეთში ყოფნა დამებედა. სიღნაღში ჩემი მეუღლის დიდი პაპის სახლში ვიყავი, ახმეტაში კი ის ტაძარი ვინახულე, სადაც რამდენიმე წლის წინ ბიჭი შევთხოვე თეთრ გიოეგის. როდესაც ბიჭი შემეძინა, იქ მოვნათლე და დავაქვი სახელი გიორგი,”- ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ამჯერად რა თხოვნა მიიღო თეთრმა გიორგიმ ორი შვილის მამის თემურ შაშიაშვილისგან.

           

ბრიფინგის ბოლოს შაშიაშვილმა ქართული პოლიტიკისთვისაც მოიცალა და აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია დღევანდელი ვითარებით.

           

,,გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, დამარცხებულებს არ სცემენ” – ეს ცნობილი გამოთქმაა, მაგრამ დღეს მას ჩვენთან არავინ იცავს. პირიქით, გამარჯვებულები დამარცხებულებს სასტიკად ექცევიან. დიქტატი და სერიოზული პარტიული ძალადობაა გამეფებული,” – აცხადებს იგი.

           

შაშიაშვილს გუშინ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, გულისტკივილით აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა 90 პროცენტი დღევანდელი ხელისუფლების ბანაკში გადაბარგდა. მისი თქმით, ძველი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აიძულებენ კიდეც. ,,სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა დადგა,” – ასკვნის იგი. დღეს პრეზიდენტობის ქუთაისელი კანდიდატი რუსეთის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდება. ჩხიკვიშვილთან ერთსაათიანი საუბრით შაშიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე ითქვა, ამის სურვილი თავად ელჩებს გამოუთქვამთ. აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შაშიაშვილი სამშაბათს მშობლიურ ქუთაისში შეხვდება.