|
24 საათი. 19 დეკემბერი. 2003წ. გვ. 2.
შაშიაშვილის ,,ექსკურსია” კახეთში არჩევნებისათვის მზადება პრეზიდენტობის კანდიდატებმა კახეთშიც დაიწყეს. უკვე მეორე დღეა, რაც თემურ შაშიაშვილი ამ რეგიონს სტუმრობს. საარჩევნო კამპანია კი მან სიღნაღის რაიონიდან დაიწყო. შაშიაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა სპონტანურ ხასიათს ატარებდა. იგი ხალხს თავშეყრის ადგილებზე ხვდებოდა და მათ პრობლემებს ასე ეცნობოდა.
,,მე არ ვარ ,,ბელადისტი” ასეთი შეხვედრები უფრო საინტერესოა, ვიდრე დარბაზში, რადგან ძალა ხალხშია,” – ასე განმარტა კახეთში თავისი ვოიაჟი შაშიაშვილმა, მაგრამ, როგორც მისი პრესმდივნის საუბრიდან შევიტყვეთ, პრეზიდენტობის კანდიდატი კახეთში ექსკურსიაზე უფრო იყო, ვიდრე საარჩევნო პროგრამის განსახორციელებლად. მან ამ ორი დღის განმავლობაში, ოჯახთან ერთად, რეგიონის ღირსშესანიშნაობები და კულტურული ძეგლები მოინახულა. ბოლოს კი მისი სტუმრობა თელავში ხმაურით დასრულდა. რაიონის აგრარული ბაზის წინ მოსიარულე თემურ შაშიაშვილი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. თელაველებმა შევარდნაძის გუნდრუკის მკმეველი, როგორც ჩანს, იცნეს და ძველ ხელისუფლებას სათქმელი კიდევ ერთხელ უთხრეს.
,,თქვენ იმ მთავრობის კაცი არა ხართ, ქვეყანა რომ დააქციეთ? გაგიჭირდათ და ახლა გაგახსენდათ ხალხი, ხომ? სად იყავით აქამდე?” – ასეთი შეძახილებით აცილებდნენ თემურ შაშიაშვილს თელაველები. მიუხედავად აღელვებულ მოსახლეობასთან შეხვედრისა, იმერეთის ექსგუბერნატორმა ამომრჩევლემდე თავისი საარჩევნო პროგრამის გაცნობა მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხა. ის კახელებს უკანონოდ მიტაცებული მიწის მფლობელების გარკვევას დაჰპირდა, მეწარმეებს კი, 20 პროცენტიანი გადასახადების ნაცვლად, 12 პროცენტიანს სთავაზობს. გარდა ამისა, შაშიაშვილი თითქმის ყველა სფეროში რეფორმების გატარებასაც გეგმავს. ,,მე არ მჭირდება გვერდში ისეთი ადამიანები მედგნენ, რომლებიც კერპებს და ბელადებს სცემენ პატივს. მე დღეს იმ ხახლხს შევხვდი, ვინც ჩემთვის მართლაც დიდი ძალაა,” – ეუბნებოდა მოსახლეობას შაშიაშვილი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი განმარტებები თელაველებს ნაკლებად აინტერესებდათ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ისინი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მოითხოვდნენ, ამისთვის თელაველი დლეხები მხარდაჭერას უფრო მიხეილ სააკაშვილს უცხადებენ. შაშიაშვილმა კი არც კახეთში დაინდონ ახალი მთავრობა და მათი საწინააღმდეგო განცხადებებიც გააკეთა. ახლა რომ ამბობენ, მამალაძე კრიმინალიაო, რატომ ერთი წლის წინ არ წაუყენეს ასეთი ბრალდება მას? უნდა გითხრათ, რომ მამალაძე, ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე ერთი წლის ჭინ ზუსტად ერთი გუნდი იყო. აბა გაიხსენეთ, კვარციტში რომ ჩამოვიდა სააკაშვილი, როგორ აქო გუბერნატორი მამალაძეო? – კითხულობდა შაშიაშვილი, მაგრამ დარბაზში ვერანაირი რეაქცია ვერ გამოიწვია.
იმერეთის ექსგუბერნატორმა კახური ვოიაჟი ერეკლე II-ის მუზეუმის მონახულებითა და გურჯაანელ ამომრჩევლებთან შეხვედრით დაასრულა. არჩევნებამდე იგი ხალხთან გასვლას, კახეთის მსგავსად, სხვა რეგიონებშიც გეგმავს. |