გიორგი ასანიშვილი

“24 საათი”, 2004 წელი, 14 აპრილი, გვ.A2.

 

შალვა ნათელაშვილი სტრიქონებს შორის სასურველს კითხულობს

მყვირალა, ხმაურიანი განცხადებების გაკეთება შალვა ნათელაშვილის სტილია. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის “გამჭრიახი გათვლები”, როგორც წესი, არ მართლდება, მაგრამ ეს მის ენთუზიაზმს ოდნავადც ვერ ანელებს – ნათელაშვილი უმალ ახალ “სენსაციას” აცხობს. ნომერ პირველმა ლეიბორისტმა გუშინ კიდევ ერთხელ “დაზაფრა” საზოგადოება. “4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის, მიხეილ სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საბრალდებო სკამზე მოხვდა!” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

აღნიშნულიდასკვნაიმ წერილის საფუძველზე კეთდება, რომელიც ცესკო-ში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, ბადრი ნიაურის სახელზე 17 მარტს გამოგზავნა ევროსასამართლომ. წერილში ნათქვამია: “ვადასტურებ თქვენი, 2004 წლის 16 თებერვლით დათარიღებული ფაქსისა და 2003 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული წერილის მიღებას თანდართული საბუთებითა და სათანადოდ შევსებული საჩივრის ფორმით, საიდანაც ჩანს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34- მუხლის შესაბამისად, თქვენ სასამართლოში საჩივრის შემოტანა გსურთ. ამ საქმეს მიეკუთვნა ზემოაღნიშნული ნომერი (#9103/04). გთხოვთ, ეს ნომერი მიუთითოთ ამ საჩივართან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო კორესპონდენციაში” (სტილი დაცულია).

           

ამ წერილიდან ჩანს მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება:ევროსასამართლო ადასტურებს, რომ ქართველი ლეიბორისტების მიერ გაგზავნილი საბუთები ნამდვილად მიიღო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც ლეიბორისტები აღნიშნულ წერილში “კითხულობენ”, თითქოს, სტრასბურგის სასამართლო მათ საჩივარს წარმოებაში აუცილებლად მიიღებს და განიხილავს: როგორც წესი, მოსარჩლე მხრიდან საბუთების მიღების შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას, სარჩელის წარმოებაში მიღება-არმიღების თაობაზე, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად აცნობებს ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურას – იუსტიციის სამინისტროს. ასეთი დოკუმენტი კი ამ უწყებას ნმადვილად არ მიუღია.

           

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში შალვა ნათელაშვილმა “მოვლენებს გაასწრო” და ევროსასამართლოს მისთვის სასურველი ვერდიქტი რეალობად გამოაცხადა.

           

რაც შეეხება თავად სარჩელს, მასში ნათქვამია, რომ 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილება კანონდარღვევით გაიგრძელა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, ხოლო ცესკო-მ ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესი ასევე უკანონოდ შემოიღო. ლეიბორისტები ევროსასამართლოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმგადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, 2 ნოემბერს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება ძალაში დარჩა, ხოლო პროპორციული არჩევნების შედეგები გაუქმდა.

           

სტრასბურგის სასამართლოში ლეიბორისტები, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების მიმართაც იგივეს გააკეთებენ, როგორც კი 28 მარტი არჩევნების შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

           

სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილი ფრიად ორიგინალურად წარმოაჩენს ევროსასამართლოს როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ლეიბორისტების ლიდერის მტკიცებით, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა სტრასბურგში მის მიერ შეტანილმა წინა სარჩელმა განაპირობა. სტარსბურგი – I-მა შევარდნაძის კარიერა შეიწირა, სტარსბურგი –II კი დღევანდელ ხელისუფლებას იმსხვეპლებს”, - ამბობს ნათელაშვილი.

           

ეს სამომავლოდ, დღეს კი ის მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სიმბოლურად, ერთ ლარს ითხოვს, რომელსაც ლეიბორისტების სარჩელზე დადებითი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილსა და ჟვანიას დააკისრებს.