|
|
|
,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.
შარაძე საქართველოდან რიჩარდ მაილსის გაწვევას ითხოვს სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი აქტიური წევრი, გურამ შარაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უპირისპირდება. შარაძე ამერიკელ დიპლომატს მოწყალე თვალით არასდროს უყურებდა. საამისოდ მას მიზეზები არ ელეოდა. ახლა კი შარაძემ მაილსს შარი იმის გამო მოსდო, რომ ის უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. "მაილსი არ არის საქართველოს მოქალაქე და არა აქვს უფლება, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიოს!" - აცხადებს შარაძე და მოითხოვს, ის დაუყოვნებლივ გაიწვიონ საქართველოდან. სხვათა შორის, გურამ შარაძე ანალოგიური მოთხოვნით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოდიოდა. შარაძე მაშინაც ამტკიცებდა, რომ რიჩარდ მაილსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. თუ შარაძეს დავუჯერებთ, როგორც კი მაილსისთვის პირველად მოუკრავს თვალი, მაშინვე დარწმუნებულა, რომ ის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად იყო ჩამოსული. შარაძე მაილსს მართლმადიდებლობის მთავარ მტრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მასონებმა იეღოველების და სოროსის ფონდის დახმარებით თავიანთი გეგმა ბოლომდე ვერ განახორციელეს და ახლა მთავარ სამუშაოს მაილსი ასრულებს. მაილსის მოძულე შარაძეს გულზე არც მიხეილ სააკაშვილი ახატია და, აქედან გამომდინარე, არც მის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას თანაუგრძნობს. მას, სხვათა შორის, უკვე შემუშავებული აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი. შარაძე მოითხოვს, სააკაშვილი გაყვანილ იქნას არამარტო რუსთაველის გამზირიდან, არამედ დედაქალაქიდან. |