|
“24 საათი” 2004 წელი, 9 იანვარი, გვ. A2
შედეგები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ბიულეტენების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96,02 პროცენტი მოიპოვა, თემურ შაშიაშვილმა – 1,92 პროცენტი. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა კი ერთი პროცენტის მოგროვებაც კი ვერ შეძლო.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. და მაინც – იმის მიუხედავად, რომ ოთხი ნოემბრის არჩევნები მინიმალური დარღვევებითა და გაყალბებით გაიმართა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივე სურათი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს. მით უფრო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები კვლავაც ძველებური, ე.წ. ბეიკერისეული სქემითაა დაკომპლექტებული. თუმცა, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიჩნევენ, მისაღებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი მოდელი, სადაც პოლიტიკური პარიტეტი დაცული უნდა იყოს.
გუშინ “24 საათმა” გამოაქვეყნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისა და ხელახალი არჩევნებისათვის სამზადისს ეხებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაციების ჩამოყალიბებისათვის მზადება. ზურაბ ჭიაბერაშვილი შეეხო, აგრეთვე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოასწროს ხელნაწერი სიების კომპიუტერიზება და საარჩევნო რეგისტრაციის დამატებითი პერიოდის განსაზღვრა იმ ამომრჩეველთათვის, ვისაც 27 დეკემბრამდე წინასწარი რეგისტრაცია არ გაუვლია.
და მაინც – ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მაინც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ახალი პრინციპის შემუშავება რჩება. თუმცა, აქვე იმასაც დავძენთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა პარლამენტის პრეროგატივაა.
ჯერჯერობით კი, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მსჯელობა კვლავ არ დაწყებულა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნები კვლავ ძველი შსემადგენლობის საარჩევნო ადმინისტრაციებმა ჩაატარონ. |