|
|
|
შორენა კოწოწაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 8.
ინტერვიუ "ბურჯანაძე-დემოკრატების" წევრ ჯამბულ ბაკურაძესთან - ბ-ნო ჯამბულ, არჩევნების შემდგომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას როგორ შეაფასებდით? - ფაქტია, საზოგადოება არ შეურიგდა იმ უმსგავსობას, რაც 2 ნოემბერს მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ხალხი ჯერ საბოლოოდ არ დაცემულა არც ზნეობრივად, არც მორალურად და არც პოლიტიკურად. მოხდა ერთი უმნიშვნელოვანესი და მისასალმებელი ფაქტი: ოპოზიცია ჩამოყალიბდა ძირითად პრინციპებზე. გამოიკვეთა მთელი ოპოზიციური ძალების მოთხოვნა და დაფიქსირდა, რომ საქართველოში არჩევნები არ შედგა და ოპოზიცია ითხოვს არჩევნების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას. უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ქვეყანამ შეძლოს ერთდროულად მოხდეს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს ალბათ დღეს გაჟღერდება. გუშინ მეტ-ნაკლებად გაჟღერდა ზოგიერთი ლიდერის მიერ. საზოგადოებასაც გაუადვილდება იმის გარკვევა, რისთვის დგას და რა მოთხოვნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება და პრეზიდენტი ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებს იმას, რომ ეს არ არის ერთი პოლიტიკოსის სურვილი, ეს არის ხალხის ნება. ამ გმირი ხალხის ნება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ამ წვიმაში, ქარში, ამ შიმშილში ძლებს. რაიონებიდან ჯერ ხალხი არ ჩამოსულა. ამ აქციას სრულიად საქართველო შეუერთდება. ადრე თუ გვიან, ხელისუფლება მიხვდება და მის მიერვე 2 ნოემბერს დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს. - ხელისუფლების პოზიციას როგორ აფასებთ? ხან მოლაპარაკების მოსურნეა, ხან კი ეს ტყუილი ინფორმაციებია... - ხელისუფლებს იმედი ჰქონდა, რომ წვიმების გამო ხალხი დაიშლებოდა და სიმტკიცე არ ეყოფოდათ, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. გასაგებია, ყველა ქვეყანაში ხდება არჩევნების გაყალბება. მე დღეს უნდა შევთავაზო ოპოზიციის ლიდერებს, რომ ჩვენ არა მარტო ის ადამიანები მოვიწვიოთ, ვისაც უნდა და გააკეთებს ხელმოწერას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, არამედ ის ადამიანებიც მოვიდნენ, ვინც არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. მაგალითად, მე და ჩემი ოჯახის წევრები სიაში არ ვიყავით. მოვიდეს აქ ის ასიათასობით ადამიანი, რომელიც ვერ დაფიქსირდა 2 ნოემბერს, და რომელსაც ჩამოართვეს ხმის მიცემის უფლება. - ბ-ნო ჯამბულ, საზოგადოების ნაწილი ამ აქციას ხელისუფლების შიგნით ძალთა, შესაბამისად, ადგილთა გადანაწილების პროცესად აფასებს. მათი აზრით, გამოსვლები გამართლებული იქნება არჩევნების დღეს, როცა ასობით ადამიანმა სიაში თავისი თავი ვერ იპოვა... - ნებისმიერი ადამიანი ელოდა არჩევნების შემდეგ სულ სხვა სიტუაციას. თუ დამისახელებთ ვინმეს, რომელსაც მოსწონს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ფინანსური მოწყობა, უსახსრობა, უპენსიობა. ყველა ელოდებოდა, რომ 2 ნოემბრის შემდეგ ჩამოყალიბდებოდა ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას შეცვლიდა. ეს არ მოხდა და არ მოხდა არა ხალხის ნებით, არამედ იმის გამო, რომ საზოგადოებას არ მისცეს არჩევანის გაკეთების უფლება. ამიტომ გამოვიდა ეს ხალხი და არა იმიტომ, რომ ვიღაცა პირველ ადგილზე არ მოხვდა. ხალხს გული გაუტყდა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა 4 წლის განმავლობაში იქნება ისევ იმ მდგომარეობაში, როგორშიც აქამდე იყო. სხვათა შორის, ეს არ სურდა ალბათ ხელისუფლებაში მყოფ ხალხსაც, ერთეულების გარდა. - გჯერათ, რომ შევარდნაძე უკან დაიხევს და გადადგება? - მე ერთი რამე ვიცი, ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისგან განსხვავებით, რომ შევარდნაძეს ეყოფა გამჭრიახობა და საჭირო ნაბიჯს გადადგამს. შევარდნაძეს ახლა ისეთი ასაკი აქვს, რომ ის თოფს არ ისვრის და ვერც ისვრის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. სისხლი არ დაიღვრება. შევარდნაძეს ეყოფა სიბრძნე, ყოველ შემთხვევაში, უნდა ეყოს, რომ ხალხის ნებას დაემორჩილოს. ეს საზოგადოებაა. აქ 15-20 ათასი ადამიანი იკრიბება. ეს არ არის 10-15 ათასი კაცისგან შემდგარი ეგზალტირებული საზოგადოება. ეს არის ხალხის ძალიან ფართო მასა. - შიმშილობის აქცია რამდენად გააიოლებს ოპოზიციისთვის სასურველი შედეგის მიღწევას? - ესეც პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. მიმაჩნია, რომ ამას მასობრივი სახე უნდა მიეცეს, რათა პროცესი დაჩქარდეს. ანუ ხელისუფლებამაც უნდა იგრძნოს, რომ ხალხი უკან დახევას არ აპირებს. ამ ხალხის სურვილის მოკლე ვადაში შესრულებას ხელს შეუწყებს ის, რომ დეპუტატთა ერთი კორპუსი საშიმშილოდ დაჯდება. ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. მიმაჩნია, რომ ყველა დეპუტატი უნდა შეუერთდეს ამ აქციას. რათა ამ ხალხს შევუმსუბუქოთ ის მძიმე ხვედრი, რომელიც ხელისუფლებამ დააკისრა. - ბ-ნო ჯამბულ, ოპოზიცია ითხოვს, შევარდნაძემ ბათილად ცნოს არჩევნების შედეგები. ფაქტია, ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნება პრეზიდენტის მხრიდან... - ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა 2 ნოემბერს კონსტიტუცია კი არ დაარღვია, თავიდან ბოლომდე შელახა. არსებობს მექანიზმები, შევარდნაძეს აქვს იმის ნიჭი და უნარი, ეს ყველაფერი ისე შეატრიალოს, რომ მას კონსტიტუციის დარღვევა არ დაბრალდეს. |