|
ეთერ ბალაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 3-6.
მოვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ მომიტინგეებს ესაუბრებოდა და თავის რადიკალურ განწყობას გამოხატავდა პრეზიდენტის მიმართ. მისი განცხადებით, რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც არ გააცინებს მტერს და არ მიეყიდება ხელისუფლებასა და პრეზიდენტს, ასეთია მისი განწყობა. რაც შეეხება პრეზიდენტის გამონათქვამს, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი და ჩამოყალიბებული თავის მოთხოვნებში, ნინო ბურჯანაძე პასუხობს: - მანამდე არაფერი ეტკინოს ხელისუფლებას, სანამ ბურჯანაძე-დემოკრატების დაპირისპირებას და არაერთსულოვნებას მიაღწევდეს, ჩვენი მოთხოვნები ერთმნიშვნელოვნად ერთიანია, მოვითხოვთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და ამას მიემატა კიდევ ერთი პრეზიდენტის უპირობო გადადგომის მოთხოვნა. ბურჯანაძე სააკაშვილმა შეცვალა, პარლამენტის წინ გუშინ დღის მეორე ნახევარში ნაციონალთა ლიდერს ელოდნენ, მან კი სუსხით შეციებულ და დაღლილ თანამებრძოლებს კარგი ამბავი ვერ მოუტანა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არ მოხდა, თუმცა მანამდე ოპოზიციას არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდოდა. სახელისუფლებო თამაშები მაინც გაგრძელდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სრულ შეთანხმებამდე, მანამდე კი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ახალი მოთხოვნით გამოდის, გადადგეს პრეზიდენტი შევარდნაძე, ეს მოთხოვნა არის უპირობო. მიშა სააკაშვილი: - ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით, ჩვენ არანაირ მოლაპარაკებაზე აღარ წავალთ, ჩემს პოზიციას იზიარებს ნინო ბურჯანაძე, ქართველი ხალხი აღარ მიიღებს შევარდნაძე-აბაშიძის პოლიტიკურ გამოხტომებს, ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდეს შეთქმულება. პირადად მე ვერანაირ შეთანხმების მცდელობის პერსპექტივას ვერ ვხედავ, ჩვენ ვცადეთ ყველაფერი, მაგრამ ამაოდ. ჩვენი აქცია მშვიდობიანია, ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. შევარდნაძე დაჰპირდა ასლან აბაშიძეს, რომ თანამდებობას გადააბარებს და როგორც აჭარაში აქვს დიქტატურა, ისე საქართველოში დაამყარებს დიქტატურას. პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია, ახლა მას სჭირდება დროის გასაყვანად და ასლან აბაშიძესთან ერთად მოახდინონ ძალების მობილიზაცია. ჩვენ ვხედავთ ალტერნატივას - შევარდნაძის გადადგომას. თუ ვიქნებით პასიურები, ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ, გვქონდეს პენსიები, ხელფასები და ნორმალური ცხოვრება, თუ გადაგვარჩენს, მხოლოდ თქვენი ერთად დგომა. ამ განცხადების შემდეგ მიშა სააკაშვილმა მომიტინგეები დატოვა. - ბატონო მიშა, აბაშიძის ვიზიტის შედეგი შევარდნაძის მიერ მისთვის ხელისუფლების გადაბარებაა? - პრაქტიკულად შევარდნაძემ მიაღწია შეთანხმებას ასლან აბაშიძესთან, გადაულოცოს ხელისუფლება თბილისში მას, შევარდნაძეს შეიძლება სურს მოატყუოს ოპოზიცია, მაგრამ ამჯერად ვეღარ დაგვიძვრება, პრეზიდენტთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, მოვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. - რა სიტუაციაა ხელმოწერების თვალსაზრისით? - მე დავპირდი პრეზიდენტს, რომ შევაგროვებდი ხელმოწერებს მისი გადადგომის მოთხოვნით. ვასილ მაღლაფერიძე, მოშიმშილე: - ეს ხახი იმიტომ გამოვიდა ქუჩაში, რომ არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა, იყო მკვდარი სულები, 2000 კაციან უბნებში 30 წამში აძლევდნენ ხმას, რაც მარტივი გათვლით არარეალურია. ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, ვაცხადებთ შიმშილობას, ხვალიდან შეიძლება სხვა ხალხიც შემოგვიერთდეს, სანამ მომიტინგეები იდგებიან კანცელარიასთან, მანამდე ჩვენ ვიშიმშილებთ. ბესო ჯუღელი, ნაციონალი: - ნაციონალები ითხოვთ შევარდნაძის უპირობო გადადგომას, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს მაშინ რას გააკეთებთ? - საზოგადოებამ დაინახა, რომ საქართველოში არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, ნაციონალები და ბურჯანაძე-დემოკრატები, ამას დაემატა ერთობა, დანარჩენი ყველა ოპოზიცია არის მიყიდული ხელისუფლებაზე, ესენი არიან ახლები, მრეწველები, ლეიბორისტები და აღორძინება. უპირობო მოთხოვნაა გადადგეს შევარდნაძე და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ყველამ დაინახა, რომ ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი და ნამდვილად გაიმარჯვებს, ახლა გრძელდება ხელმოწერები შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებით. საზოგადოების 99% ამის მომხრეა. - პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არ არის ერთიანობა? - მე პრეზიდენტს არ ვუწოდებ მას, არამედ ამხანაგ შევარდნაძეს, მან რა განაცხადა, ოპოზიციას აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, მან წეროს და იკითხოს მის მიერ დაწერილი განცხადებები და წააკითხოს თავის "შაიკებს". გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს არის ოპოზიციის გამარჯვება საქართველოში. - თუ მაინც არ გადადგება პარეზიდენტი, მაშინ? - მაშინ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ მოვახდენთ სახელისუფლებო სტრუქტურების პარალიზებას და ძირმომპალი რეჟიმის დაცემას, ანუ შევარდნაძიზმისაგან საქართველოს განთავისუფლებას. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, არაეროვნული, კორუმპირებული სისტემა, იმიტომ, რომ ეს არის რეგრესული ხელისუფლება, ასეთი სახელმწიფო შეიქმნა სამხრეთ ამერიკაში. სწორედ ასეთი სისტემა შექმნა საქართველოში შევარდნაძემ. შევარდნაძეს ხშირად ადარებენ შაჰ-აბასს, მურვან-ყრუს და სხვა ტირანებს, არავის არ გაუკეთებია ის, რაც შევარდნაძემ გააკეთა, მოსპო ქართული ცნობიერება საქართველოში. პარლამენტის წინ შიმშილობის აქცია კვლავ გრძელდება. - ხვალიდან შესაძლებელია შიმშილობის აქციას კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდეს, - აცხადებს ნაციონალი ლადო ჭიპაშვილი. |