|
|
|
მარიკა მჭედლიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. 8.
შევარდნაძეს აზერბაიჯანის ვარიანტის გადმოტანა უნდა ინერვიუ სახალხო ფრონტის ლიდერ ნოდარ ნათაძესთან - როგორ შეაფასებთ 2 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს? რითი განსხვავდებოდა ეს საპარლამენტო არჩევნები ადრე ჩატარებული არჩევნებისაგან? - 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები თავხედობის ხარისხით განსხვავდებოდა. ერთი მხრივ, უკვე შეუნიღბავი გახდა შევარდნაძის ტოტალიტარიზმი, მეორე მხრივ, გამოიკვეთა მისი და მისი გარემოცვის ვაბანკზე წასვლის აუცილებლობა. ბოლო დროს პრეზიდენტი აღარ ნიღბავს არა მარტო თავის ტირანიას და ტოტალიტარიზმს, არამედ რუსულ ორიენტაციასაც. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ძირითად სუბიექტებს, ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი განაწილებულია ასპროცენტიან ნაძირალებსა და ორმოცდაათპროცენტიან ნაძირალებს შორის. ვითომდა კონფლიქტი მათ შორის გარიგების ფონზე მიმდინარეობს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიების მოთხოვნები ბუნდოვანია. სიტუაციის შესაცვლელად მათ უნდა მოითხოვონ ამომრჩეველთა სიების შესწორება და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება. ეს უკმაყოფილო პარტიები კი მოითხოვენ უკვე გაყალბებული შედეგებიდან თავისი წილის გაზრდას, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. - ხალხის აბუნტებას თუ მოახერხებენ? - ხალხში არსებობს საფუძვლიანი უკმაყოფილება, მაგრამ ბუნტის მუხტი შეიძლება შექმნას სხვა გეგმამ, ინიციატივამ და სხვა სიტუაციამ. - რას გულისხმობთ? - აუცილებელია ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის შექმნა და ყველაფრის ახლიდან დაწყება, მათ შორის იდეოლოგიის შემუშავება. პროტესტის გამოსახატავად აუცილებელია მოქმედება არა მასის, არამედ რაზმის სახით. - ე.ი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის ძალები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, არაორგანიზებულობით გამოირჩევიან და ხალხის აბუნტებას ვერ შეძლებენ? - ისინი, ვინც ფილარმონიაში იკრიბება და სხვაგანაც გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, საპროტესტო მოძრაობას ვერ გამოიწვევენ. ფართომასშტაბიანი მოძრაობის დასაწყებად სხვაგვარი მოქმედებაა საჭირო. იგივე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები ივნისშიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის ჩატარებას, მაგრამ, ისე იქცეოდნენ, როგორც საბავშვო ბაღის გოგონების ლიდერები. - ხომ არსებობს იმის საფრთხე, რომ საპროტესტო მოძრაობას ან თუნდაც საპროტესტო აქციას სისხლისღვრაც მოჰყვეს? - რა თქმა უნდა, სისხლისღვრის საფრთხე არსებობს. ამით ედუარდ შევარდნაძეა დაინტერესებული. - რისთვის უნდა სჭირდებოდეს პრეზიდენტს სისხლისღვრა? - იმისთვის, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს. - რა გზით უნდა გაიხანგრძლივოს მან ხელისუფლებაში ყოფნა? - შევარდნაძეს ძალიან უნდა საქართველოში აზერბაიჯანის ვარიანტის გადმოტანა. მას სურვილი აქვს, რომ საკუთარი შვილი ჯერ ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელად დანიშნოს, მერე კი პრეზიდენტის სკამი დაუთმოს. |