|
|
|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.3.
შიდა ქართლში არჩევნები შედგა. გორსა და ქარელში საკუთარი ნება ამომრჩეველთა 100 პროცენტმა გამოხატა. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაც, სადაც არჩევნებზე ამომრჩეველთა 90 პროცენტი გამოცხადდა. რაც შეეხება ხაშურის რაიონის სოფელ ფლევის საარჩევნო უბანს, სადაც არჩევნები ჩაიშალა, როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, მთელი დღის განმავლობაში არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობდა და უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გვიან ღამით ფლევში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა დაპატიმრება იგეგმება. სწორედ ამ აქციის შედეგად ჩაიშალა ფლევის საარჩევნო უბანზე ხელახალი საპარლამენტო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არცევნები. აქციის მონაწილეები – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სიმონ ნოზაძის მხარდამჭერები საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობას აპროტესტებდნენ და კომისიის წევრებს საარჩევნო უბანში შესვლის საშუალება არ მისცეს. ოქრუაშვილის განცხადებას ხაშურის რაიონში დიდი ხმაური მოჰყვა. 2-3 სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და განაცხადა, რომ თუ რწმუნებული აქციის რომელიმე ორგანიზატორის დაპატიმრებას შეეცდება, ისინი სარკინიგზო და ავტომაგისტრალების ხანგრძლივ პარალიზებას მოახდენენ. რაც შეეხება გორს, აქ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ ლამაზი სანახაობით დასრულდა. რწმუნებულმა მოსახლეობას 20-წუთიანი ფეიერვერკი მოუწყო. მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევას ზეიმობს. * * * ,,გლობალ სტრატეჯის” ეგზითპოლების მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა 85 პროცენტზე მეტი ხმა მიიღო, დანარჩენმა კანდიდატებმა - 0,1 –0,4 პროცენტის ფარგლებში. |