|
ინტერ-პრესი ,,24 საათი”. 2003 წ. 30 დეკემბერი. გვ. A2.
თემურ შაშიაშვილი აჭარაში საარჩევნო უბნების გახსნას იწონებს პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი მიესალმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აჭარაში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც შაშიაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან "ასლან აბაშიძის პოზიტიური და კონსტრუქციული განწყობა" რამდენიმე კვირის წინ აჭარაში თავისი ვიზიტისას დაინახა. თუმცა, მისი აზრით, აჭარაში 4 იანვრისთვის მხოლოდ საარჩევნო უბნების გახსნა არ იქნება საკმარისი. შაშიაშვილი მოუწოდებს ასლან აბაშიძეს და ავტონომიური რესუბლიკის ხელმძღვანელ პირებს, მობილიზება გაუკეთონ აჭარის მოსახლეობას და პროპაგანდა გაწიონ იმისთვის, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. |