24 საათი. 2003წ. 17 დეკემბერი. გვ. 2. თემურ შაშიაშვილი – პოლიტიკური ოლიმპიელი
თემურ შაშიაშვილი შეგუებულია საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას, მაგრამ ფორმალობას იცავს და თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანას აპირებს. ,,ილუზიებით არ ვცხოვრობ და კარგად ვიცი, ხალხში რა განწყობაა, მაგრამ მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ჩემი მოსაზრებებიც მოისმინოს,” – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში თავისი საარჩევნო ოფისის გახსნის ცერემონიაზე. შაშიაშვილის მტკიცებით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როდესაც ,,მასმედიამ და საზოგადოებამ ახალი პრეზიდენტი უკვე დანიშნა.”
ვინაიდან იცის, რომ წაგებულ პარტიას თამაშობს, იმერეთის ექსგუბერნატორი საარჩევნო თანხების ხარჯვას საკმაოდ მომჭირნედ აპირებს. ამ მიზნისთვის მას სულ რაღაც 20 ათასი ლარი აქვს გადადებული, საიდანაც სამი ათასი უკვე ,,აითვისა”. შაშიაშვილის თქმით, მან ბილბორდებზე, პლაკატებსა და კლიპებზე უარი თქვა და ხალხამდე თავისი იდეების მიტანას ორ-სამკაციანი სააგიტაციო ჯგუფების დახმარებით აპირებს.
ყოფილი რწმუნებული საარჩევნო კამპანიის დროს ყველა დანარჩენი კანდიდატის მიმართ პატივისცემას გამოამჟღავნებს და თავის გამოსვლებს მეტოქეების ლანძღვა – გინებაზე არ ააგებს. შაშიაშვილს არც პოლიტიკური,,პროსტიტუტკები” აინტერესებს.
,,სხვა პარტიებიდან ბაქი-ბუქით გაქცეულ ხალხს და მოღალატეებს გვერდით არ დავიყენებ. უმჯობესია, რამდენიმე წესიერი და მოაზროვნე კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე თუნდაც ათასობით უპატიოსნო ადამიანი გიკრავდეს ტაშს,” – მიიჩნევს შაშიაშვილი. როგორც ირკვევა, საარჩევნო თანამშრომლობის მიზნით, მან უკვე გამართა შეხვედრები ,,ახალ მემარჯვენეებთან”, ,,ტრადიციონალისტებთან” და ,,მრეწველებთან”.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, იგი საკმაოდ ზოგადია და ორიგინალობით არ გამოირჩევა.
შაშიაშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს ,,მოქალაქეთას კავშირის” მიერ შექმნილი მმართველობის ზეცენტრალიზებული სისტემა და ,,გამოთავისუფლებული” უფლებები სახელისუფლებო ვერტიკალის ქვედა დონეებზე გადანაწილდეს. გუშინდელ ბრიფინგზე ექსგუბერნატორმა ისაუბრა ორპალატიან პარლამენტზე, კოალიციურ მთავრობაზე, პროფესიონალურ ჯარზე, ,,ქართული კადრებით დაკომპლექტებულ” ენერგეტიკაზე, ერთიანი, 12-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებაზე, სახელმწიფო მოხელეთათვის მინიმუმ 300-ლარიანი ხელფასის დანიშვნაზე...
შაშიაშვილი ძალზე რომანტიკული ხდება, როდესაც განათლების სფეროზე იწყებს საუბარს.
,,მასწავლებელი – ხელის გულზე, ბავშვს გავეგოთ ფეხქვეშ,” – ასეთ ლოზუნგს ისვრის პრეზიდენტობის მაძიებელი.
გუშინ შაშიაშვილი ძალიან კორექტული იყო და მომავალშიც ასეთად დარჩენას აპირებს. ,,ვინც სიძულვილის კენჭებს მესვრის, იმას სიყვარულის ლოდს დავახვედრებ,” - ,,იმუქრებოდა” ექსრწმუნებული.
მისი ასეთი ,,ჰუმანიზმი”, ეტყობა, იმით არის განპირობებული, რომ შაშიაშვილი პოლიტიკური ოლიმპიზმის პრინციპებს მისდევს: მისთვის მთავარია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და არა გამარჯვება. |