საქართველოს რესპუბლიკა. 2004. 7 იანვარი. გვ. 1.

 

აშშ ,,მნიშვნელოვან პროგრესს” უწოდებს საქართველოში გამართულ არჩევნებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის პრესმდივნის მოადგილემ ადამ ერელიმ პრესასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი უწოდა 4 იანვარს საქართველოში გამართულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულ პრეზიდენტის არჩევნებს და იგი საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ადამ ერელი დაეთანხმა ეუთოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებიას გამოხატულება იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას და რეფორმისტულ გეგმებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოსთან. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.