|
საქართველოს რესპუბლიკა. 2003წ. 25 ნოემბერი. გვ.1.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიული საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს და მზადაა დაეხმაროს ქართველ ხალხს კრიზისის დაძლევაში.
საქართველოს მოსახლეობა გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილსა და მისი თანაგუნდელების მოწოდებას ქვეყნის პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.
ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ბურჯანაძესთან, მაშინ, როდესაც იგი ცდილობს შეინარჩუნოს საქართველოს დემოკრატიის ურღვევობა და უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციის დაცვით. ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო გაერთიანება მზად არიან მხარი დაუჭირონ ახალ მთავრობას კონსტიტუციით გათვალისწინებული ახალი სამართლიანი პარლამენტის არჩევნების გამართვაში.
სახელმწიფო მდივანი პაუელი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბურჯანაძეს, შესთავაზა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და მოუწოდა მას და მის კოლეგებს გააგრძელონ მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
ჩვენ გვესმის რაოდენ რთული იყო პრეზიდენტ შევარდნაძისათვის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო იგი. პრეზიდენტი შევარდნაძე განსაკუთრებული მნიშვნელობის ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. იგი ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია. ჩვენ მასთან 30 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ გლობალური მნიშვნელობის მთელ რიგ საკითხებზე.
პრეზიდენტ შევარდნაძის დამსახურებაა ის, რომ 90-იან წლებში საქართველომ დაძლია რთული პერიოდი, სამოქალაქო ომი და საერთაშორისო საზოგადოების ღირებული წევრი გხდა.
მისი მოღვაწეობის შედეგია ის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მილიონობით ადამიანს დღეს აქვს თავისუფლება განახორციელოს თავისი მიზნები იმ სახელმწიფოებში, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზას ადგანან.
სახელმწიფო მდივანი პაუელი ესაუბრა პრეზიდენტ შევარდნაძეს და მადლობა გადაუხადა იმ როლისათვის, რომელიც მან ამ კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტაში შეასრულა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ქართველს იმუშაონ ერთად და ერთიანი ძალისხმევით გამონახონ წინსვლის გზა, რომელიც გამორიცხავს ძალადობას. |