ახალი თაობა.2004წ. 7 იანვარი. გვ. 4.    

 

 

აჭარაში არჩევნები შედგა

აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. 4 იანვარს დარღვევები არ იყო, მაგრამ ეს დარღვევები არ განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხეებში დაფიქსირებული დარღვევებისაგან, - ასეთ შეფასებას აძლევს აწარაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა რუხაძე სამშაბათს ,,არჩევნების მედიაცენტრში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

           

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დამოუკიდებლად აკვირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საარჩევნო ოლქში. საპარლამენტო არჩევნებისას ნაგემი სიმწარის გათვალისწინებით (მაშინ ამ ორგანიზაციის დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე უსაფუძვლოდ დააკავეს) ,,ახალგაზრდა იურისტებმა” არჩევნების მონიტორინგი მხოლოდ ადგილობრივ მოხალისეებს დააკისრეს, არააჭარელი დამკვირვებელი მხოლოდ თავად ზაზა რუხაძე იყ. ამჯერად არცევნებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

           

ზაზა რუხაძის წინასწარი შეფასებით, ,,მთლიანობაში არჩევნები აჭარაში შედგა. დარღვევები არსებობდა, მაგრამ ეს დარღვევები ჯდებოდა ზოგადად სურათში, რაც იყო საქართველოში”. მისი დაკვირვებით,მთავარი ხარვეზი საარჩევნო კომისიების არაინფორმირებულობა და მოუმზადებლობა იყო. აჭარის ადგილობრივი ადმინისტრაციების მხრიდან ამომრჩევლებზე თუ კომისიის წევრებზე აშკარა ზეწოლაარ ყოფილა, თუმცა, იყო მინიშნებები და არაპირდაპირი მითითებები იმის თაობაზე, რომ ხალხი საარჩევნო უბნებში არ მისულიყო. შუახევისა და ქედის რაიონებში 2 000-მდე ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება იმიტომ არ მიეცა, რომ ისინი პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე დარჩნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ საბჭოთა დროინდელი პასპორტები ჩამოართვეს იმ პირობით, რომ საარჩევნოდ ახალ პირადობის მოწმობებს დაურიგებდნენ, რაც არ მოხდა.

           

მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში არჩევნების ჩატარების საკითხი კარგა ხანს კითხვის ნიშნის ქვეს იდგა, მერე კი ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირმა” ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, აქტივობა აჭარაში მაინც არ იყო დაბალი. აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში 27,1-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე აქტიური შუახეველი ამომრჩეველი აღმოჩნდა. შუახევში მოსახლეობის 65,6 პროცენტი მონაწილეობდა.

           

აჭარაში 4 იანვარს ამომრჩეველი დიდ ენთუზიაზმს იჩენდა. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თქმით, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ისე მოხდა, რომ სათანადო ფორმების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა საარჩევნო ბიულეტენების ხელმოწერებით დადასტურება. ამომრჩევლები, რომლებმაც მოგვიანებით გაიგეს, რომ ხმა დარღვევით მისცეს, საშინაოდ ჩაცმულები ხელახლა მოვარდნენ საარჩევნო უბნებში იმ იმედით, რომ ხარვეზი გასწორებულიყო.

           

წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილმა აწარაში ხმების 94,1 პროცენტი მიიღო, თეიმურაზ შაშიაშვილმა – 2,8 პროცენტი, როინ ლიპარტელიანმა – 0,5; ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,4; ქელეხსაშვილმა – 0,1 პროცენტი.