24 საათი. 2003წ. 25 დეკემბერი. გვ. 1-3.

 

 

 

 

ამომრჩეველთა აქტიურობა ძალზე მაღალია

გუშინდელი მონაცემებით, წინასწარი რეგისტრაცია მილიონ 509 ათას 236-მა ამომრჩეველმა გაიარა (ამ მონაცემებს აკლია აჭარის რეგიონიდან ჩამოსული ინფორმაცია).

           

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმედოვნებენ, უკვე დღეს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, მით უფრო, რომ სწორედ დღეს იწურება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის ვადა. თანაც, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უბნებზე მისულები სწორედ ის ამომრჩევლები არიან, რომლებიც ოთხი ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

           

საერთოდ, რთულია იმის თქმა, გაიარა თუ არა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოში მცხოვრებ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარმა, რადგან დღემდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. თუმცა, თუ ორი ნოემბრის არჩევნების მონაცემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, მთლიანობაში, ამომრჩეველთა 50% ნამდვილად მიაკითხავს საარჩევნო უბნებს.

           

ცენტრალური საარჩევნო კომოსიის ხელთ არსებული მონაცემებით, ორი ნოემბრი არჩევნების დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონ 78 ათას 593 შეადგინა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მილიონ 909 215-მა ამომრჩეველმა მიიღო. თუმცა, ეს მონაცემები აშკარად გაბერილი იყო ამას აღიარებდნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ასე მაგალითად, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერები ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებდნენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, მინიმუმ, ნახევარი მილიონით იყო “გაბერილი”.

           

ასე რომ, დღეს არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, თამამად ვივარაუდოთ – კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე აუცილებლად მივა ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობა.

           

და კიდევ: კვლავ გრძელდება მოქალაქეთა პირადობის მოწმობის გამარტივებული წესით გაცემის პროცესი და ის ამომრჩეველი, რომელიც მოწმობის აღებას და საარჩევნო უბნებზე მისვლას დღეს ვერ მოასწრებს, ამის გაკეთება უშუალოდ კენჭისყრის დღეს შეძლებს, რადგან, როგორც, ცენტრალურ საარჩევნო  კომისიაში აცხადებენ, ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს არჩევნების დღეს საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო დღეებში საქართველოში ათი ათასზე მეტი პირადობის მოწმობაა გაცემული. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა 30 დეკემბერს დასრულდება. ამის შემდეგ საპასპორტო განყოფილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმ მოქალაქეთა სიას წარუდგენენ, რომლებმაც ამ პერიოდში პირადობის მოწმობები აიღეს.