|
მზია გელენავა “საქ. რესპუბლიკა”, 2003 წელი, 10 დეკემბერი, გვ.1-2.
ამომრჩევლებს სახლში მივაკითხავთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარსაა დანიშნული და ის ამ დღეს უნდა ჩატარდეს. ექსპერტების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების გადადება ქვეყნისათვის ძალიან ცუდი იქნება. ბუნებრივია, თუ ქვეყანაში ხელისუფლების პირველი პირი არ გამოჩნდა, მაშინ სიტუაცია როგორც საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობასთან მიმართებაში, ასევე სოციალურ ფონზე, საკმაოდ დაიძაბება.
ცესკოში აცხადებენ, რომ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების შედგენა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მოხდება. ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიაში შს სამმართველოების წარმომადგენლების თანდასწრებით განხორციელდება.
რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა, ანუ საუბნო კომისიები ამ პროცედურას 15-დან 25 დეკემბრამდე შეასრულებენ.
საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი სპეციალურ ფორმას ავსებს, რომელშიც საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს მიუთითებს. ფორმას ხელმოწერით თავად საქართველოს მოქალაქე და საუბნო საარჩევნო კომისიის პასუხისმგებელი პირი ადასტურებენ, რომელიც ამ ფორმას იბარებს და საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველთა საუბნო ხელნაწერ სიაში შეჰყავს.
თავად ამომრჩეველს კი ის ამომრჩეველთა მოწმობას აძლევს, რომელსაც ხმის მისაცემად მისული ადამიანი 2004 წლის 4 იანვარს იმავე საუბნო კომისიაში საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგენს.
ამომრჩეველთა საერთო ხელნაწერ სიაში შესული მოქალაქეების მონაცემთა სისწორეს შსს-ს შესაბამისი რაიონული სამმართველო ამოწმებს და ადასტურებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 4 იანვრისათვის მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ არ დაირღვეს მოქალაქის კონსტიტუციური უფლება – მისცეს ხმა, და ისინი ამისათვის ძალისხმევას არ იშურებენ.
ლელა დევრისაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი:
- მინდა გითხრათ, რომ სიებთან დაკავშირებული წინასწარი რეგისტრაციის პროცედურა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ახალი სიტყვა არ არის. ეს არის, ასე ვთქვათ, წესის დაზუსტება და ამ დაზუსტებული წესის მიხედვით აქცენტი ამომრჩევლის ინიციატივაზე კეთდება. წინა არჩევნების დროს, როგორც ვნახეთ, არც ერთი ორგანოს მიერ მოწოდებული სიები არ ვარგოდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამომრჩეველთა ინიციატივას დავყრდნობოდით, რომელიც 15 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით მივა საარჩევნო უბანში და თავის ნებას გამოხატავს – რომ მას სურს არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისად მას საარჩევნო სიაში შეიყვანენ. ამის პარალელურად კომისიის წევრები დაინაწილებენ საარჩევნო პუნქტებს და ჩაატარებენ მოსახლეობის აღწერას, ანუ, სიების დასაზუსტებლად ამომრჩეველთა ოჯახებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, კარდაკარ შემოივლიან.
რაც მთავარია, ეს პროცესი ესწრება, საამისოდ კომისიის წევრების რაოდენობაც სავსებით საკმარისია. წინასწარ დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ ამ არჩევნებზე მეტ-ნაკლებად გამართული სიები გვექნება.
- ერთი სიტყვით, ვინც წინასწარ რეგისტრაციას არ გაივლის, მას საარჩევნო კომისიის წევრი სახლში მიაკითხავს?
- დიახ, ასეა. ამ კატეგორიის მოსახლეობას სახლში მივაკითხავთ და ამომრჩევლის ბარათს დავუტოვებთ, რაც მერე არჩევნებზე უნდა წარადგინონ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, პარლამენტს გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს. საჭირო გადაწყვეტილება კი აღნიშნულ პროცესს მოაწერიგებს. - ქალბატონო ლელა, როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ ჩვენს საკონსულოებს აღრიცხავს დახვეწილი სისტემა არ გააჩნიათ. იქ, ალბათ, ამ ინიციატივის განხორციელება გაჭირდება. - პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. საუბარია, საზღვარგარეთ ქვეუბნების შექმნაზე, რომელიც თუნდაც ისეთ პროცესს მოაწესრიგებს, როცა პირი საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული, მაგრამ ადგილზე არ იმყოფება. ახლა, თქვენ რომ შემოხვედით, ტელეფონით ლაშა ბაქრაძეს ვესაუბრებოდი, რომელიც გერმანიის საკონსულოშია რეგისტრირებული, მაგრამ თბილისში იმყოფება. ხომ შეიძლება არჩევნების დღესაც აქ იყოს? ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია, რაც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. რაც მთავარია, პრინციპული, ძირითადი საკითხი – სიების ფორმირება როგორ და რანაირად მოხდეს, უკვე სავსებით ჩამოყალიბებულია, რაც უდავოდ, წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია.
პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი შიშობს, რომ წინასწარი რეგისტრაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ხელოვნურად შემცირდება. ცესკოში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა წინასწარი რეგისტრაციის დროს მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება, რაც ოპოზიციური პარტიების მკვეთრი კრიტიკის საგანია. |